ფეხბურთი

17:11 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “არჩევნების თემა ჯერ გადავდოთ, რადგან სასიცოცხლო პროექტზე უნდა შევთანხმდეთ”

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. რა გადაწყდა ამ სხდომაზე, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს შემდეგში – ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტი” კომისიის ერთ-ერთი წევრს, საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ესაუბრა.

ხეჩიკაშვილი ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი ქართველი ბიზნესმენია, კლუბში დიდ ფულს რომ ხარჯავს. “საბურთალოს” ჭაბუკები კი, გეცოდინებათ, ყველაზე ფართოდ არიან წარმოდგენილნი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში.

ხეჩიკაშვილი: - სხდომაზე ძალიან დიდი დრო დაეთმო უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16, ან 18-მდე გაზრდას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ნამდვილად არაა. მთავარი ისაა, რომ სტრატეგია შემუშავდეს ფეხბურთის განვითარებისა, ყველაფერი პროფესიონალურად უნდა გაითვალოს. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო ქვეკომისია, რომელიც წმინდა საფეხბურთო საკითხებზე შეთანხმდება და ამის შემდეგ შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს. ვნებათღელვა იყო და იმედია, შემდგომში ყველა მხარე დაივიწყებს პირად წყენას. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ერთობლივი პროექტის შემუშავება მოხერხდება. მთავრობისადმი დითირამბებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი და სხვა მინისტრებიც დაინტერესებულნი არიან ქმედითი, სწრაფი ნაბიჯების გადასადგმელად. ეს აშკარად ჩანს. მთავრობის ასეთი მონდომება კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას. მაქსიმალურად მოქნილი და ეფექტური პროექტი უნდა დაიდოს და გულშემატკივრებიც დაინახავენ, რეალურად რა გაკეთდება.

-       16 თუ 18-გუნდიანობის თემა საერთოდ რატომ ხდება განსჯის საგანი? საფეხბურთო მეურნეობაა აყვავებული? მინისტრებმა რა თქვეს ამის შესახებ?

-       ხშირად გვესმის, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა თუ გაიზრდება, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციას წაადგება. მცდარი აზრია. ჩვენ გვაქვს მწარე გამოცდილება, რომ რაოდენობის გაზრდამ უკუშედეგი გამოიწვია. ეს უმცროსი ნოდარ ახალკაცის ფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში. რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას ეს პროექტი არ წაადგა. მეორე: პროფესიონალური და მასობრივი ფეხბურთი სხვადასხვა მცნებებია და ვინც 16-გუნდიან ჩემპიონატს ლობირებს, ისინი ერთმანეთში ერევა. მესამე: სტანდარტების შემოღება უნდა მოხდეს. თუ 16 გუნდი ამ სტანდარტებს შეასრულებს, წინააღმდეგი ვინ იქნება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო პროგრამა თუ განხორციელდება, შეიძლება დროთა განმავლობაში 16-გუნდიანობამდე მისვლა, მაგრამ ჯერ არასწორად მიმაჩნია.

-       ხომ არ გადაწყვეტილა, 12-გუნდიანი იქნება თუ 16-იანი?

-       ჯერ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში იყოს პირველი ლიგის დონის ამაღლება, ასევე მეორე ლიგის, ჭაბუკთა ლიგისა და ბავშვთა ფეხბურთის. მხოლოდ უმაღლეს ლიგაზე გადართვა და სხვა ყველაფერის იგნორირება სახლის ფასადურ მშენებლობას ჰგავს, როცა ფუნდამენტი გამოცლილი გაქვს. აბა, წარმოვიდგინოთ, რაც უმაღლესში 4 გუნდის დამატებაზე 6 მილიონი უნდა დაიხარჯოს, ის 6 მილიონი ბავშვთა ფეხბურთში დაიხარჯოს. 6 მილიონი მცირე ფულია ბავშვთა ფეხბურთისთვის? ამდენი როდესმე დახარჯულა? ჩვენ ისეთი პროგრამა უნდა შევიმუშავოთ, რომლის განხორციელების სურვილიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, თორემ “სახელმწიფო ფულს გამოდის და რაც შეიძლება მეტი გამოვგლიჯოთ”, არასწორი და მიუღებელია. არასწორი და ულამაზო მიდგომაა ცხოვრებაშიც და თავისთავად, ფეხბურთშიც. ფედერაციამ ისე წარმოადგინა ფეხბურთის განვითარების პროექტი, რომ მის შემუშავებაში რომან ფიფიას, ილია კოკაიასა და მე მონაწილეობა არ მიგვიღია. კერძო კლუბების მფლობელებს თუ არ ჰკითხავ, ეს ნორმალური პროცესია? მე თუ კრიტიკულ სიტყვებს ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიმართაა. ხალხმა ვერ გაიგო, რომ სისტემას ვაკრიტიკებ. უნდა დასრულდეს ეს “ჩემიანი” და “სხვისიანი”, ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ფეხბურთს.

-       ყოფილა საუბრები, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილს ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

-       არ ვაპირებ პრეზიდენტობაზე კენჭის ყრას. განვმარტავ, თუ რატომ: მაქვს პროექტი, სახელად “საბურთალო”, რომელსაც თავისი მისია აქვს ქართულ ფეხბურთში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვუმზადოთ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს. გადავხედოთ, ასაკობრივ ნაკრებებში ყველაზე მეტნი “საბურთალოს" აღზრდილები არიან. მეორე ის, რომ “საბურთალო” ხიდი უნდა გახდეს ქართულ და ევროპულ კლუბებს შორის. ასევე, “საბურთალო” უნდა იყოს სისუფთავის გარანტი. გარდა ამისა, დიდ ავტოჰოლდინგს ვხელმძღვანელობ, “იბერია ბიზნეს ჯგუფს” დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის ფარგლებში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფედერაციის პრეზიდენტობა ზოგიერთ ადამიანს იმიტომ სურს, რომ პირადი სარგებელი მიიღოს. მე რომ მხარე გავხდე, ბევრს ეგონება, რომ აქამდე მხოლოდ პირადი ინტერესების გამო ვმუშაობდი ფეხბურთში. ვფიქრობ, დღეს რასაც ვაკეთებ, ასე უფრო სასარგებლო ვარ.

-       ფედერაციის წინასაარჩევნო ვნებათღელვა უკვე იგრძნობა.

-       ამ საკითხზე კომენტარს გავაკეთებ: ჩემი აზრით, ამ ეტაპზე არჩევნების თემა გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან უმნიშვნელოვანესი საკითხი წყდება ქართული ფეხბურთის გადასარჩენად. დღეს მთავრობა ამუშავდა, გზებს ეძებს ფეხბურთის განვითარებისთვის, ჩვენგან პროექტის წარმოდგენას ელის და ამ დროს არჩევნების თემით დაძაბულობა თუ შეიქმნება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორცილება, შესაძლოა, სათუო გახდეს. წინასაარჩევნო კამპანიისთვის დრო იქნება, გამოიკვეთება მხარეები, ჯერჯერობით კი ამ პროექტს უნდა მივხედოთ და შევთანხმდეთ.

-       უშუალოდ “საბურთალოზეც”: დღესდღეობით, როგორც ვიცით, 600-ზე მეტი ბავშვი თუ ჭაბუკია თქვენს საფეხბურთო აკადემიაში.

-       მათი რიცხვი უკვე 700-ზე მეტია. ამ 700-დან, დაახლოებით 300 გათავისუფლებულია გადასახადებისგან. გვაქვს ფილიალები გლდანში, მუხიანში, რეგიონებში გვყავს სკაუტები. გეგმაში გვაქვს რომელიმე რაიონში “საბურთალოს” ფილიალის გახსნაც. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრიზი გადმოგვეცა, როგორც საუკეთესო სკოლას საქართველოში. ასევე, “საბურთალოში” მომუშავე ადამიანი გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი (ვალერი გაგუა), ხოლო საუკეთესო გუნდად ვოვა მუსერიძის გაწვრთნილი 1998 წელს დაბადებულთა “საბურთალო” გახდა. სასიხარულოა, რომ ეს კოლეგების გამოკითხვით მოხდა. თანამედროვე, უახლესი მეთოდებით ხელმძრვანელობს ჩვენს აკადემიას ანდრეს კარასკო. მოლაპარაკებებს ვმართავთ სხვადასხვა უცხოურ კლუბებთან, არაერთ კლუბთან კი უკვე გვაქვს საქმიანი და მეგობრული კავშირი: “ვიტესი”, “მალაგა”, “დნიპრო”, “მაკაბი” და მათ კიდევ არაერთი დაემატება: იტალიური, გერმანული, რუსული და უკრაინული გუნდები.

-       “საბურთალოს” უფროსი ასაკის გუნდი გაისად იტალიაში, “ვიარეჯოს თასზე” ითამაშებს?

-       დიახ. ოფიციალური მოწვევა მოსულია. “ვიარეჯოს თასი”, როგორც იცით, იანვარ-თებერვალში ტარდება და ფაქტობრივად, მსოფლიოს 20-წლამდელთა საკლუბო ჩემპიონატია. ჩვენ წლეულსაც შეგვეძლო წასვლა, მაგრამ 17 წლის ბიჭებით წასვლას, ერთი წლით მოცდა ვარჩიეთ და გაისად ვითამაშებთ.

0.116677