ფეხბურთი

19:57 | 27.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

თაობებს ის დიდხანს უნდა ახსოვდეთ...

 ანატოლი მილჩენკო 75 წლის გახდებოდა...

26 მარტს ფიფას არბიტრი, საქართველოს XX საუკუნის საფეხბურთო მსაჯად აღიარებული ანატოლი მილჩენკო 75 წლის გახდებოდა. მილჩენკო, რომლის სასტვენს ფეხბურთელობისას მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ლეგენდები ემორჩილებოდნენ, როგორები იყვნენ დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი, ფრანც ბეკენბაუერი, გარი ლინეკერი... მილჩენკო, რომელიც ჭაბუკობაში მშობლიური ბორჯომის, თბილისისა და სოხუმის გუნდებში თამაშობდა. ის კარგა ხანს მუშაობდა აფხაზეთში და ამ ულამაზესი კუთხის წარმომადგენლები, მას დღესაც დიდი სიყვარულით იხსენებენ... 1998-2005 წლებში ანატოლი მილჩენკო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა მსაჯთა აკადემია, რომლის აღზრდილები დღეს, მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის თამაშების გარდა, საერთაშორისო მატჩებსაც უძღვებიან... ბოლოს ანატოლი მილჩენკო „ვიტ ჯორჯიაში“ კონსულტანტად მუშობდა... მას ბევრი იცნობდა და აფასებდა... ანატოლი მილჩენკოს 75 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ქართული საფეხბურთო სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

რაც შეეხება ღონისძიებებს... თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, მუშტაითის პარკის გვერდით ტერიტორიაზე სპორტკომპლექს „იმედის“ მოედანზე ანატოლი მილჩენკოს 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მინი-ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა, რომელშიც მთლიანად ყოფილი და მოქმედი მსაჯები ასპარეზობდნენ. ამ ტურნირის დასკვნითი მატჩები 25 მარტს შედგა. მე-3 ადგილისთვის მატჩში, აღმოსავლეთ საქართველოს მსაჯთა ნაკრებმა დასავლეთ საქართველოს კოლეგათა კრებულს 5:0 სძლია. ფინალში კი ვეტერან მსაჯთა ნაკრებმა დედაქალაქელი კოლეგები 3:2 დაამარცხა და ტურნირი მოიგო.

ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულები და გამორჩეულები სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ მისაბაძი ტრადიცია წამოიწყო - ანატოლი მილჩენკოს სახელობის პრიზი დააწესა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირების გამორჩეულ მსაჯს. პირველად ეს პატივი აფხაზეთის შვილს თემურ დადახავას ერგო...

იუბილის ორგანიზატორებმა საბურთალოს პანთეონში ანატოლი მილჩენკოს საფლავი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. 15 საათზე კი, იმ სახლის (ალექსანდრე ყაზბეგის N 24) წინ შეიკრიბნენ, რომელშიც ლეგენდარული არბიტრი ცხოვრობდა. ხანმოკლე შეხვედრა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მურად ანჯაფარიძემ გახსნა. ანატოლი მილჩენკო თბილი სიტყვებით გაიხსენეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ, ყოფილმა არბიტრმა ალბერტ ბაჩუკაშვილმა, „ვიტ ჯორჯიას“ პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ... თბილი სიტყვების შემდეგ კი მემორიალური დაფა გაიხსნა... და კიდევ ერთი, ბორჯომის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ანატოლი მილენკოს მშობლიურ ბორჯომში მალე გაიხსნება მისი სახელობის ქუჩა...

ანატოლი მილჩენკო 2011 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა, ის ჩვენს შორის აღარაა, მაგრამ მემორიალური დაფისა და მისი სახელობის ქუჩის მეშვეობით თაობებს დიდხანს ემახსოვრებათ ლეგენდარული არბიტრი...

0.119599