ცხინვალის "სპარტაკმა" მცხეთაში 1:0 სძლია "ვიტ ჯორჯიას". ეს ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა გაიტანა, რომელიც პირველ სეზონს ატარებს საქართველოს ჩემპიონატში. მანამდე კი, ივანიშვილი სულ შვეიცარიაში თამაშობდა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული.
თანაბარი თამაში იყო და სხვათა შორის, საკმაოდ ტემპიანიც. საშემსრულებლო დონისა რა ვთქვთ, მაგრამ გუნდები დუნედ არ ირჯებოდნენ. საწყის 10 წუთში რამდენიმე ხიფათი შეიქმნა: ჯერ სპარტაკელთა მეკარე გიორგი ნადირაძეს მოუწია კახა კახაბრიშვილის დარტყმულის მოგერიება, შემდეგ გიორგი თექთურმანიძემ საჯარიმო ააცილა. ელგუჯა ლობჯანიძესა და მახარობლიძეს ჰქონდათ სივრცე, თითქმის პირისპირ დარჩნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იმარჯვეს. მოკლედ, დასაწისი კარგი იყო, მერე კი განელდა ტემპი. ტაიმის შუაში იმატა სიხიხსტემ და ზოგჯერ უხეშობაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე, რის გამოც მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება რამდენჯერმე დასჭირდა.
პირველ ნახევარში სახიფათო მომენტები აღარ ყოფილა, მეორეში კი პირველივე რეალური შანსი გოლში გარდაისახა: თექთურმანიძემ მოკლე პასით პირისპირ გაიყვანა ივანიშვილი, რომელიც მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და ზუსტადაც დაარტყა დაბალ კუთხეში. 1:0 და მეტი გოლი აღარ გასულა. 5 წუთში ისევ ივანიშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მახვილი კუთხიდან ძნელი იყო გატანა და ოდნავ ააცილა.
"ვიტ ჯორჯიამ" შეტევები გააძლიერა, მაგრამ ბოლო, დამაგვირგვინებელ დარტყმამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ხშირად იკარგებოდა ბურთი და თამაში ქაოტურ ხასიათს ატარებდა.
77-ე წუთზე ვიტელთა ნახევარმცველმა ვალიკო გახარიამ საჯარიმო დარტყმით ააცილა, ფორვარდ ელგუჯა ლობჯანიძეს თავური გაუცუდდა, ხოლო ნიკოლოზ დადიანმა გარედან მოარტყა ბურთი ბადეს.
"სპარტაკმა" შტურმის საშუალება არ მისცა მეტოქეს და პირიქით, კონტრშეტევის საშუალება რამდენჯერმე მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
საბოლოდ, 1:0 და "სპარტაკმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ამ ანგარიშით. ვიტელებმა კი, პირიქით, ზედიზედ მეორედ წააგეს იგივე ანგარიშით.
მატჩის შემდეგ:
კახა კაჭარავა: "ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ბიჭების მონდომებითა და მოგებით გადაიფარა. ბევრი სამუშაო გვაქვს. 31 აგვისტომდე დროა და ახალ ფეხბურთელებს დავიმატებთ, მაგრამ გვარებს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ".
ზურაბ ბერიძე: "ბიჭებმა იბრძოლეს და ამას ვერ დავუკარგავ, მაგრამ საწყენია, რომ წავაგეთ. ვფიქრობ, ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა. მათე კვირკვიას არყოფნას რაც შეეხება, ფეხი აწუხებს და ამიტომაც გამოტოვა მატჩი".
24.08. 17:15. მცხეთა. "მცხეთა პარკი".
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე, დავლაშელიძე (გახარია 63), ნიკა მაისურაძე, კურდღელაშვილი (კუხალეიშვილი 61), დადიანი, ლობჯანიძე, კახაბრიშვილი (თათხაშვილი 61).
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
სპარტაკი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ბურძენაძე, ცერცვაძე, გიგაური, იოსელიანი (ბექა მუმლაძე 46), მაისაშვილი, თექთურმანიძე (ჭეჭელაშვილი 89), მახარობლიძე, ივანიშვილი, კაჭარავა (მაქაცარია 53)
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლი: 1:0 ივანიშვილი (58)
გაფრთხილება: დავლაშელიძე (17), გიგაური (18), მაისაშვილი 922).
მსაჯი: ოთარ ხეცაძე