რაგბი

21:49 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

თანაბარ ბრძოლაში არმიელებმა იმარჯვეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა., სადაც ადგილობრივმა ,,აიამ“ თბილისის არმიელებს უმასპინძლა. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში არმიელები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, რაც მათ პლეი-ოფის პირველ ეტაპზე დასვენების საშუალებას მისცემდა. რაც შეეხება ქუთათურებს, გამარჯვება მათაც ჰაერივით სჭირდებოდათ, რათა პლეი-ოფის პირველ ეტაპს მასპინძლის რანგში შეხვედროდნენ.

რიონისპირელებს შემადგენლობის მხრივაც პრობლემები ჰქონდათ, მათ რამდენიმე მორაგბე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ჰყავდათ გაწვეული. ქუთათურებს არმიელები პირველ წრეში თბილისში ჰყავდათ დამარცხებული, ამიტომ დედაქალაქელებს რევანშის წყურვილიც ამოძრავებდათ.

მატჩის წინა დღეს ქუთაისში კოკისპირულად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი აატალახა და ალაგ-ალაგ პატარა გუბეები წარმოქმნა. სველ, მძიმე მინდორზე მორაგბეებს სწრაფი მოძრაობა და კომბინაციური თამაში უჭირდათ. ტექნიკური წუნიც მრავლად შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. თავიდან უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და კიკვაძის აქტიურობის შედეგად მეტოქის ჩათვლის მოედანს სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა საკუთარ 22-იანში თბილისელებმა იყოჩაღეს და სიტუაცია განმუხტეს. იგივე ბედი ეწია მოდებაძის და რევიშვილის ფლანგურ გარღვევებსაც. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბევრი იყო ძალისმიერი ბრძოლა. მეტოქენი ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ, თუმცა მორაგბეები ძირითადად 22-იდან 22-მდე მოქმედებდნენ. მეტოქეები ზედმეტად ფრთხილობდნენ და აქცენტი ძირითადად საკუთარი ლელოს დასაცავად ჰქონდათ გადატანილი. საკმარისია ითქვას, რომ პირველი ტაიმი ისე მიილია, მეტოქეებს კარში დასარტყმელი ჯარიმის უფლება არ მოუპოვებიათ.

არმიელებმა პირველად სახიფათოდ 35-ე წუთზე შეუტიეს. მათ მეტოქის 5 მეტრიანში დანიშნული შერკინება მოიგეს და მძლავრი ბიძგით მასპინძელთა ლელოში შეთრევა სცადეს , თუმცა უკანასკნელ წამს ქუთათურებმა იმარჯვეს, მეტოქეს ბურთი წაართვეს და სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც არმიელთა ჩათვლის ხაზთან ასევე უშედეგოდ დასრულდა.  0-0 ამ უჩვეულო ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო და შედეგიანი გამოდგა. თანაბარ ბრძოლაში პირველად სტუმრები დაწინაურდნენ. 45-ე წუთზე საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ბახვა კობახიძემ საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა- 0:3

3 წუთში ქუთათურებმა თანაფარდობა აღადგინეს. დაახლოებით იმავე სიტუაციიდან ახალგაზრდა იოსებ კიკვაძემ საჯარიმოდან ზუსტი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის გააძვრინა – 3:3  

52 წუთზე რიონისპირელები საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაჯარიმდნენ და თბილისელთა ფულბეკი ამჯერადაც უშეცდომოდ გაისარჯა - 3:6

დაწინაურების კარგი შესაძლებლობა რიონისპირელებს 58-ე წუთზე მიეცათ. შეცვლაზე შესულმა ირაკლი ჩხიკვაძემ ბურთის მოგერიებისას შეცდომა დაუშვა და მეტოქის 5 მეტრიან ზონაში მასპინძლების სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. ქუთათურებმა ბურთი მოიგერიეს და რამდენიმე ხანს მეტოქე ჩათვლის მოედნის ხაზთან ჰყავდათ მიმწყვდეული. მართალია მასპინძლებმა ლელოს დადება ვერ მოახერხეს, მაგრამ სახეირო საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. ახლო მანძილიდან კიკვაძის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ძელმა აისხლიტა და ანგარიში კვლავ უცვლელი დარჩა.

64-ე წუთზე კიკვაძეს კიდევ ერთხელ ჰქონდა თანაფარდობის აღდგენის შანსი, თუმცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან დანიშნული საჯარიმო ამჯერადაც ვერ გამოიყენა.

65-ე წუთზე მას ვიზავიმაც მიბაძა. გამოცდილმა ბახვა კობახიძემ მეტოქის კარის წინ დანიშნული საჯარიმო მიზანს ააცილა. არმიელთა ფულბეკმა თავისი შეცდომა 2 წუთში გამოასწორა და თითქმის ანალოგიური მდგომარეობიდან ზუსტი დარტყმით თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა  – 3:9

იგრძნეს რა საშიშროება, მასპინძლები მეტოქეს მთელი გუნდით მიაწვნენ და არმიელთა 22 მეტრიან ზონაში დასახლდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას არბიტრმა არმიელები საკუთარი ჩათვლის ხაზთან დააჯარიმა და ჯიმშელაძე 10 წუთით მოედნიდან გაასინბინა. მასპინძლებს ანგარიშში ჩამორჩენის გამო კარში დარტყმა ხელს არ აძლევდათ. მათ ბურთი აუტზე გადაიტანეს და მისი მოგების შემდეგ მეტოექს ხელდახელ შეუტიეს. ქუთათურთა მიძალებამ შედეგი გამოიღო და ბექა ყურაშვილმა მოედნის კიდესთან ლელო დადო - 8:9 

ძალიან რთული მდგომარეობიდან რეალიზაციის შესრულება გაგა სინაურიძემ ითავა, თუმცა სამიზნის ზუსტად დალაშქვრა და თავისიანებისთვის გამარჯვების მოპოვება ვერც მან მოახერხა.

ამასობაში არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, რომელმაც არმიელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.

 

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ვიცოდით რომ ძნელი თამაში გველოდა. შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს. რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია. 8 მორაგბე კი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშია გაწვეული. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. მალე სრული შემადგენლობით ვიასპარეზებთ და იმედი მაქვს შედეგიც ბევრად უკეთსი გვექნება .“

ნიკო ჭავჭავაძე (,,არმია“) -  ,,დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს თავდადებისთვის. მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ასევე მადლობა ,,აიას“ მწვრთნელებს ამ მართლაც დიდებული ახალგაზრდული გუნდის შექმნისთვის. ჩვენ მეგობრები ვართ და მათი წარმატება ყოველთვის გამეხარდება“

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატიXVI ტური.
6 აპრილი. კვირა. ქუთაისი. ,,დინამო“. 14:30 საათი. 500 მაყურებელი.

აი (ქუთაისი) - არმია (თბილისი)  8:9 (0:0)

აი: 15. მოდებაძე (ტორაძე 80) , 14. კიკვაძე,  13. ძნელაძე, 12. კვერნაძე (ირემაძე 58), 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე, 1. რატიაშვილი 2. მატკავა, 3. ტ. ჩხიკვაძე (სალდაძე 53), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი, 6. რევიშვილი (კ), 7. მარშანია (დგებუაძე 64), 8. ყურაშვილი;

 ლელო: ყურაშვილი;
 ჯარიმა:  კიკვაძე;

მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

არმია:  15. კობახიძე, 14. გაბროშვილი (ი.ჩხიკვაძე 41), 13. ჯიმშელაძე, 12.  გაგოშვილი 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი,(კ) (მ.ნინიძე 64), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 77), 1. ქორიძე (ზაქაშვილი 58), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 71)  3. გურგენიძე, 4. ცხადაძე (ჟღენტი 64), 5. სურგულაძე, 6. თხილაიშვილი (დარასელია 71), 7. კალმახელიძე (თავართქილაძე 58), 8. მაისურაძე;

3 ჯარიმა:  კობახიძე (3);

სინბინი:  ჯიმშელაძე;

მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე

მთ. მსაჯი:  ნიკა ამაშუკელი

/:  შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი;

0.198603