საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზმა პრესკონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მიერ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დასრულებული იაშირ დოგუს ტრადიციულ 41-ე საერთაშორისო მემორიალს მიეძღვნა, რომელშიც 12 ქვეყნის 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირში ქართველმა მოჭიდავეებმა სამი ოქრო (ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – 60კგ, დავით მარსაგიშვილი – 84კგ, ელიზბარ ოდიკაძე – 90კგ), ერთი ბრინჯაოს მედალი (გიორგი ედიშერაშვილი – 55კგ) მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე გავიდნენ.
ფინალში ხინჩეგაშვილმა ენიამ ოჩირს (მონღოლეთი) მოუგო, მარსაგიშვილმა პაკი ჩეილანს (თურქეთი) სძლია, ხოლო ოდიკაძემ ტიტულოვანი ფალავანი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ხეთაგ გაიზუმოვი (აზერბაიჯაბი) დაამარცხა.
წინასწარ დაგეგმილ აღნიშნულ პრესკონფერენციაზე მთავარ თემად სოკ-ის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) აღმსაკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქცა, 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული) ამოღების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების ოლიმპიური თამაშებიდან ამოღების შესახებ 2013 წლის სექტემბერში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გასამართ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღნიშნულ პრესკონფერენციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მაოდგილე თამაზ თევზაძესთან ერთად, ლუკა (ელდარ) კურტანიძე, რევაზ მინდორაშვილი და ნაკრების სხვა მწვრთნელები – დავით პოღოსიანი და დავით კახნიაშვილი ესწრებოდნენ.
თამაზ თევზაძე: “ჩემთვის მოულოდნელი იყო სოკ-ის გადაწყვეტილება, რომელიც ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული) 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შემავალი სახეობებიდან ამოღებას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფილა (ჭიდაობის სახეობათა საერთაშორისო ფედერაცია) პრობლემების (ჭიდაობის წესების დახვეწა, სატელევიზიო პოლიტიკის არასწორად წარმართვა, კორუფცია...) წინაშე აღმოჩნდა, სოკ-ის მხრიდან გაკეთებული აღნიშნული განცხადება შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ერთგვარი გამაფრთხილებელი გზავნილი ფილას მისამართით ჭიდაობაში არსებული პრობლემატური საკითხების მოსაგვარებლად.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭიდაობა უძველესი ოლიმპიური სახეობაა. ნამდვილად არ იმსახურებს იმ სახეობებში მოხვედრას, რომელთა ოლიმპიურ სახეობათა სიაში მოხვედრის საკითხი დგას.
ჭიდაობა საქართველოს სპორტის სტრატეგიული სახეობაა და ოლიმპიადიდან მისი ამოღება ქართულ სპორტს ნამდვილად დააზარალებს. ხელთ მაქვს ამერიკელ სპორტსმენთა გრძელი სია, რომლებიც არ ეთანხმებიან ჭიდაობის ოლიმპიური თამაშებიდან ამოღებას. იმედი დავიტოვოთ, რომ ჭიდაობა ოლიმპიური თამაშების სახეობათა სიაში დარჩება”.
ლუკა კურტანიძე: “თურქეთში, იაშარ დოგუს მემორიალიზე ჩვენი ფალავნების მიერ ნაჩვენებმა შედეგმა დაადასტურა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენი ფალავნების წარმატებით გულშემატკივრებს მომავალშიც ხშირად გავახარებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ თავისუფალ ჭიდაობაში იმაზე მეტი რეზერვია, ვიდრე აქამდე ვიყენებდით. ამიტომ შედეგებიც იმაზე მეტი უნდა გვქონოდა, ვიდრე გვაქვს. ახალგაზრდებიდან განსაკუთრებით მინდა მძიმე წონაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილის წარმატება აღვნიშნო. კარსაა მომდგარი ევროპის პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც აღნიშნულ, ისე მომავალ ტურნირებში წინანდელზე ბევრად უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ.
სამწუხაროდ, საქართველო ტერიტორიულად პატარა ქვეყანაა. არც წარმომადგენელი გვყავს 14-კაციან კომისიაში, რომლის 8 წევრმა 6-ის წინააღმდეგ ჭიდაობის სახეობების ოლიმპიური თამაშებიდან ამოღებას მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია. მთლიანად ვიზიარებ თევზაძის კომენტარებს, რომლებიც ჭიდაობის ოლიმპიური თამაშებიდან ამოღებას ეხება”.
როლანდ ლაბუჩიძე
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო