ფეხბურთი

18:36 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თამაშს მონატრებული კობახიძე მოედანზე გასასვლელად მზადაა

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ გაზეთ “კომანდასთან” საუბარში განაცხადა, რომ თამაში მოენატრა და ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, რუმინეთის “პანდურიისთან” საშინაო მატჩში მოედანზე გასასვლელად მზადაა.

“თავს ნორმალურად ვგრძნობ. თამაში მომენატრა და თუ მწვრთნელი სასტარტოში ადგილს მანდობს, მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. მწვრთნელი შემადგენლობას უშუალოდ მატჩამდე აცხადებს. ნებისმიერ მომენტში შესაძლოა რაიმე მოულოდნელობა მოხდეს. ღმერთმა არ ქნას ვინმემ ტრავმა მიიღოს ან ავად გახდეს” – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შუახაზელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტს, “დნიპრო” რუმინელთა დამარცხებას ყველანაირად შეეცდება:

“მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი არაფერს წყვეტს, მწვრთნელი არავითარი სისუსტის გამოვლენის საშუალებას არ გვაძლევს. სახლში ვთამაშობთ და “პანდურიი” აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, ვინაიდან გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრები მოვლენ. ხალხი კარგი შედეგით უნდა გავახაროთ”.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ “დნიპრო” მეტოქეზე ძლიერია და ამიტომ უნდა გაიმარჯვოს:

“ვარჯიშებზე გარკვეული ყურადღება “პანდურიისთან” მომავალი დაპირისპირების ტაქტიკას დაუთმეთ. რუმინელების თამაში ჯერ კიდევ პირველი მატჩიდან გვახსოვს. ისინი ტექნიკურები არიან და კოლექტიურად არცთუ ცუდად მოქმედებენ, მაგრამ “დნიპრო” მაინც ძლიერია და ამიტომ, უნდა გავიმარჯვოთ”.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის  E ჯგუფში “დნიპროს” 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. უკრაინელები 3 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსან “ფიორენტინას”. “პანდურიი” 1 ქულით მე-3 პოზიციაზე, ხოლო პორტუგალიური “პაკოშ ფერეირა” ამდენივე ქულით მეოთხეა.

0.116879