ახალი არაფერი ყოფილა. ფრანგებმა თავის ლეგენდარულ “სტად დე ფრანსზე” 77 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ქართველებს მოუგეს და დაგეგმილი 3 ქულა აიღეს. მასპინძლებს ჰყავდათ რიბერი, ჟირუ და ბენზემა, მაგრამ საუკეთესო მაინც “მარსელის” 28 წლის შუახაზელი მატიე ვალბუენა იყო. “პატარა კაცმა” (ასე უწოდებენ მას საფრანგეთში აღნაგობის გამო. მისი სიმაღლე 167 სანტიმეტრია) ყველა საკვანძო ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი თავად გაიტანა და ორიც საგოლე პასი მიითვალა. ისევ თავით შეაგდო ჟირუმ, ისევ საგოლედ შეცდა ხიზანიშვილი, თუმცა დანარჩენი დროის განმავლობაში “ხიზანას” ცუდად არ უთამაშია. შეცდომა კი რიბერიმ დააშვებინა და რიბერი რომ მოგატყუებს, ალბათ სირცხვილი არ უნდა იყოს. ეგ არის, ბოლო დროს მას საყრდენად თამაში უკეთ გამოსდის და დაცვის ცენტრში კაშიას გამწესება ალბათ უპრიანი იქნებოდა, თუმცა სურათს ვერც ეს შეცვლიდა, ფრანგების კლასში უპირატესობა ძალიან დიდი იყო.
კიდევ უფრო დასუსტებულა ჯანო ანანიძე და ეს მისი “სისუსტეც” მოსალოდნელი იყო, რადგან თავის გუნდში თითქმის აღარ ათამაშებენ და თუ ასე გაგრძელდა, მალე შესაძლოა, ნაკრებშიც აღარ გამოიძახონ. ჩვენი აზრით, ჯანომ სასწრაფოდ უნდა დატოვოს “სპარტაკი” და ისეთ გუნდში წავიდეს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთ უნიჭიერეს ქართველ ფეხბურთელს დავკარგავთ. შესაძლოა, ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ტენდენცია აქეთ მიდის: ამ ბიჭს ახლა სჭირდება შველა და მისთვის ერთი საშუალო დონის, საშუალოხელფასიანი, მკაცრმწვრთნელიანი გუნდი მისწრება იქნებოდა. მოძლიერდებოდა, დაღვინდებოდა და მერე ასჯერ მეტს იშოვნიდა, ვიდრე ახლა შოულობს, თანაც ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს დაამატებდა.
უთამაშებელი იყო მეორებუნდესლიგური “ბოხუმის” შემტევი ნიკოლოზ გელაშვილიც, რომელმაც ასევე ინერტული თარგამაძე შეცვალა და მონდორზე ოდენ 6 წუთი დაჰყო.
გამოჩნდა, რომ დისკვალიფიკაციის მიზეზით არგამოძახებული ოქრიაშვილი და კანკავა ძალიან დააკლდნენ ჩვენს გუნდს. ვაწაძეს გოლი არ გაუტანია, მაგრამ ეტყობა, რომ შეუძლია მართლაც მათე ბიჭი გახდეს. “ჯვაროსანთაგან” საუკეთესო კი, კობახიძე იყო. უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი ენერგიულად ირჯებოდა და ერთთავად გამწვავებას ცდილობდა. ქართველებს ბევრი ხიფათი არ შეუქმნიათ მასპინძელთათვის, თუმცა რაც მოახერხეს, თითქმის ყველაში ერია სანდროს წვლილი. აი, 28-ე წუთზე ქართველებმა პირველად დაარტყეს ფრანგების კარისკენ, კობახიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში და ამისულასვილმა სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მეკარე უგო ლიორისმა მოიგერია. ტაიმის ბოლოსკენ კი თავად გაისროლა ძალიან სახიფათოდ, მაგრამ ინგლისური “ტოტეჰემის” მეკარემ ბურთი კუთხურზე გადააგდო. ჯიუტმა კობახიძემ მაინც არ მოისვენა და პრესტიჟის გოლიც მან გაიტანა - ლიორისს ახლო ძელთან დაურტყა გამოზომილად.
”ჯვაროსნებმა” კარგად ჩაატარეს პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი და დაამტკიცეს, რომ ლამაზად თამაშიც შეუძლიათ და ფრანგრებთან ტოლ-სწორად დადგომაც. ეგ არის, მხოლოდ 15 წუთს...