ზემო იმერეთის გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. იმერული დერბის მონაწილეებს წლეულს ევროთასებზე თამაში აქვთ მიზნად დასახული. მართალია, საჩხერლებმა ბოლო დროს გარკვეულწილად დათმეს პოზიციები და სატურნირო ცხრილში მეოთზე ადგილამდე დაქვეითდნენ, მაგრამ მათ კიდევ აქვთ რეალური შანსი სამეულში მოსახვედრად, ამავე დროს “ჩიხურას” მშვენიერი შანსი აქვს საქართველოს თასის ფინალში ითამაშოს და იბრძოლოს მის მოსაპოვებლად. რაც შეეხება “ზესტაფონს”, ფეროელები მყარად დაფუძნდნენ ცხრილში მეორე პოზიციაზე და ბუნებრივია, მათ მხოლოდ წინსვლის სურვილი აქვთ.
შეხვედრა ქარიან ამინდში წარიმართა. ქარი გარკვეულწილად ხელს უშლიდა გუნდებს ზუსტ თამაშში. აქვე ერთ მომენტსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება - “ზესტაფონს” საჩხერლებისთვის რვა წელიწადია არ მოუგია. მართალია, ამ ხნის განმავლობაში რაღაც პერიოდი “ჩიხურა” უმაღლეს ლიგაში არ ყოფილა, მაგრამ მაინც თამამად უნდა ითქვას, რომ საჩხერლები ქვეყნის ორგზის ჩემპიონთათვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეები არიან.
მატჩი, მოლოდინის საპირისპიროდ, “ჩიხურას” უპირატესობით დაიწყო. მართალია, ბურთის ფლობა მასპინძლებისა იყო, მაგრამ სახიფათო მომენტები თავდაპირველად უფრო სტუმრებმა შექმნეს. ზესტაფონელები გაშვებულ გოლს ბოიან პავლოვიჩმა გადაარჩინა. შეტევის მარჯვენა ფლანგზე დიდებულად გაისარჯა დეკანოიძე, რომელმაც რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიუახლოვდა და ცაციათი სერბ კიპერს მოჭრილი დაურტყა. ბალკანელმა სიტუაცია სწორად შეაფასა და ბრწყინვალე ნახტომში მოახერხა ბურთის მოგერიება. მალე ზესტაფონელთა მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუხდა, რადგანც მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო “ზესტაფონის” გამთამაშებელმა კუხიანიძემ, რომელიც ჭანტურიშვილმა შეცვალა.
პაექრობა ტაიმის ბოლომდე თითქმის იგივე სცენარით გაგრძელდა. ბურთს უფრო მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტები უფრო “ჩიხურამ” შექმნა. განსაკუთრებით სახიფათო იყო მომენტი მე-20 წუთზე, როდესაც დეკანოიძის ჩაწოდების შემდეგ დაახლოებით 6-7 მეტრიდან თავით ურტყამდა წინამძღვრიშვილი, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა. ბურთი კარში რომ მოხვედრილიყო, პავლოვიჩს მისი აღების მიზერული შანსი თუ ექნებდა, მაგრამ რატიმ ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან და ბურთი ახლო მანძილიდან ააცილა. ამის შემდეგ გოლამდე მაინცდამაინც საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ზესტაფონელთა შანსს, როდესაც დოლიძის მიერ შესრულებულ სტანდარტულზე საბანაძეს ჰქონდა შესაძლებლობა თავური დარტყმით ხიფათი შეექმნა მოწინააღმდეგისათვის, მაგრამ ფორვარდმა დარტყმა ვერ მოახერხა და სიტუაციაც განიმუხტა.
პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა გოლი სტანდარტული სიტუაციიდან მიიღეს. 43-ე წუთზე გაბედავას მოწოდებული კუთხური გადაცდა ზესტაფონელ მცველებსაც და კიპერსაც, მაგრამ მახვილი კუთხიდან პოზიცია სწორად შეარჩია წინამძღვრიშვილმა, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია – 0:1. დარჩენილ დროში მასპინძლებს ჰქონდათ კარგი სტანდარტული სიტუაცია, მაგრამ გეწაძის დარტყმული ერთ-ერთმა საჩხერელმა საკუთარ თავზე მიიღო, ხოლო “ზესტაფონის” ნახევარმცველის მეორე მცდელობა მეტისმეტად არაზუსტი გამოვიდა.
მეორე ტაიმი უკვე მასპინძელთა სახიფათო მომენტით დაიწყო. შეტევის მარცხენა ფლანგიდან გურულის ჩაწოდების შემდეგ საბანაძე მაღალ ნახტომში ცდილობდა გატანას, მაგრამ ფორვარდს თავური დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. ეს ზესტაფონელთა პირველი რეალური მომენტი გახლდათ მეტოქის კართან, რასაც საჩხერლებმა მეტ-ნაკლებად სახიფათო სტანდარტულით უპასუხეს, რომელიც კუთხურით დასრულდა.
თამაშის განახლებისთანავე ნათელი გახდა, რომ მასპინძლები, პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, უფრო მეტი შემართებით იყვნენ გამოსულნი. შესაბამისად, ბურთი ძირითადად სტუმრების საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებდა. 58-ე წუთზე ჭანკოტაძემ დაარტყა ძლიერად, მაგრამ მცირედით არაზუსტად. ცოტა ხანში კი ტატანაშვილი-დოლიძის სამსვლიანი კომბინაცია ზესტაფონელთა ფორვარდის სუსტი დარტყმით დასრულდა. ფეროელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ 63-ე წუთზე თამაშში საბანაძის ნაცვლად თორნიკე კაპანაძე ჩართო, რომელმაც მოედანზე შემოსვლიდან ოთხ წუთში ანგარიში გაათანაბრა, მალევე კი ჩინებული გარჯით საკუთარი გუნდის დაწინაურებაში ლომის წვლილი შეიტანა. ზესტაფონელთა შედეგიანი შეტევა ბრწყინვალედ გათამაშებულ კომბინაციას მოჰყვა. ტატანაშვილის გადაცემის შემდეგ დიდებულად გაისარჯა დოლიძე, რომელმაც კაშიას აჯობა და საჯარიმოში ბურთიანად შეიჭრა. გამოცდილმა ნახევარმცველმა დროულად შენიშნა კარგად გახსნილი კაპანაძე და პასი არ დაუგვიანა. თორნიკემ კი თანაგუნდელების გარჯა და მწვრთნელის ნდობა გაამართლა და ერთი შეხებით თავისი პირველი გოლი გაიტანა “ზესტაფონის” რიგებში.
73-ე წუთზე ისევ მსგავსი კომბინაცია გაათამაშეს ზესტაფონელებმა და მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა ისევ დოლიძემ გააკეთა, ოღონდ ამჯერად ტატანაშვილის მისამართით, რომელმაც კარში დარტყმას გადაცემის გაკეთება ამჯობინა ჭანკოტაძეზე. ზესტაფონელთა ნახევარმცველის დარტყმის შემდეგ ბურთი საჩხერელთა მცველს მოხვდა და ჰაერში ავარდა, ყველას ეგონა, რომ ბურთს “ჩიხურას” კიპერი დაეუფლებოდა, მაგრამ სიტუაცია ყველაზე კარგად კაპანაძემ შეაფასა, რომელმაც პოზიცია სწორად შეარჩია და ისე მიიღო ბურთი, რომ თევდორაძეს მიახლოების შანსი არ მისცა. თორნიკემ გაგრძელებაც დროულად მოძებნა და მეტოქის კართან უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ჭანტურიშვილს პასი არ დაუგვიანა, რომელმაც ასევე ზუსტად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 2:1.
მოვლენების ასეთი განვითარება ბუნებრივია სტუმრებს არ აწყობდათ. 76-ე წუთზე მათ სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ჰქონდათ გათანაბრების შანსი, როდესაც გაბედავას ჩაწოდებულზე წინამძღვრიშვილი ცდილობდა გატანას, მაგრამ რატი ვერ მიწვდა ბურთს და ხიფათიც განიმუხტა.
თამაშის ეპილოგში მეტოქენი ისევ უკომპრომისოდ თამაშობდნენ და ხიფათის შექმნასაც ცდილობდნენ. საჩხერლებს გათანაბრების რეალური შანსი ფაქტობრივად არ მისცემიათ, თავის მხრივ მასპინძლებს ჰქონდათ რამდენიმე მომენტი, როდესაც შეიძლებოდა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანად დაესრულებინათ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მათი წინახაზელები ცოდავდნენ. “ჩიხურას” ერთადრთხელ მიეცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში სტანდარტულიდან გათანაბრების საშუალება, მაგრამ გრიგალაშვილის დარტყმული მცირედით აცდა ფეროელთა კარს.
“ზესტაფონი” – “ჩიხურა” 2:1 (0:1)
12 აპრილი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2500 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, გეწაძე (ჭანკოტაძე, 54), რენე ფერეირა, გიორგი გურული, დოლიძე, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანტურიშვილი, 11), ჭანტურიშვილი, საბანაძე (კაპანაძე, 63), ტატანაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“ჩიხურა”: თევდორაძე, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური (ელგუჯა გრიგალაშვილი, 82), გაბედავა, წინამძღვრიშვილი, ლომაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, კაშია, ოდიკაძე (ქიმაძე, 74), დეკანოიძე, ხმალაძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლი: 0:1 წინამძღვრიშვილი (43), 1:1 კაპანაძე (67), 2:1 ჭანტურიშვილი (73).
გაფრთხილება: შარიქაძე (37), ჭანტურიშვილი (51), ღონღაძე (54); ხმალაძე (45+1), კაშია (56), თევდორაძე (73), დეკანოიძე (83)
არბიტრი: ოთარ ხეცაძე (თბილისი)