ფეხბურთი

22:24 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სხვა ელფერით!

 

10-11 აგვისტოს 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართება. ქართულმა გუნდებმა ახალი სეზონი ჩვეულებისამებრ ევროთასებით დაიწყეს, მაგრამ ორმა მათგანმა - თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” “ცოტა უჩვეულოდ” პლეი ოფს უწიეს, რაც უდაოდ წარმატებაა და ეს ფაქტი გარკვეულ სტიმულს მატებს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებსაც და მაყურებელსაც. გორის “დილას” “ჰაიდუკთან” შესანიშნავმა გამარჯვებამ კი ხომ საერთოდ - სულ სხვა ელფერი შესძინა ეროვნული ჩემპიონატის სტარტს...

 

I ტური

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)

10 აგვისტო. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:30

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, კ. ტეფნაძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

გასულ სეზონში გავარდნას გადარჩენილ “ვიტ ჯორჯიას” უცხოური შეკრება არ გაუვლია, თუმცა ტესტ-მატჩები საკმაოდ ითამაშა და არცთუ ურიგოდ - 7 მატჩიდან 6 მოიგო. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში ვეტერინარებმა ახალგაზრდა ფებურთელები გამოსცადეს, რომელთა უმეტესობა 1994-96 წლებში არიან დაბადებული. ასე რომ, წლევანდელ სეზონში მათ რიგებში ბევრი დებიუტანტის გამოჩენას უნდა ველოდოთ.

ლანჩხუთის “გურიის” ამბები კი ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი თემაა. გუნდი, რომელიც 11 წლის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ჩემიონატის დაწყების წინ თითქმის მთელმა შენადგენლობამ დატოვა, ჯერ შვიდ ფეხბურთელზე იყო საუბარი, ახლა მათ კიდევ ამდენივე დაემატა. ჯერაც გაურკვეველია, მართლა წავიდნენ თუ ზოგი უკან დაბრუნდება. ყველას არ ჩამოვთლით, უბრალოდ, გეტყვით, რომ მათ შორის არიან ვეტერანი სევასტი თოდუა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გიგა კვერენჩხილაძე. მთავარი პრობლემა უფულობა ყოფილა. "დაგვპირდნენ ხელფასებს და მოგვატყუეს. შემდეგ, ხუთას-ხუთას ლარს ჩაგირიცხავთ ყველასო. მე ჩამირიცხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი სულ შვიდი ფეხბურთელია, წასული ბიჭებისთვისაც უნდა მიეცათ, ასეთი იყო პირობა, მაგრამ ასე არ მოხდა. რა უნდა ვქნათ, 10 აგვისტომდე ველოდებით გამგებლისაგან პასუხს, შემდეგ კიდევ რა იქნება აღარ ვიცით,“- უთხრა კვერენჩხილაძემ “გურიის მოამბეს.”

”გურია NEWS”-ის ცნობით კი, რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ პრესკონფერენცია მოიწვია. მისი თქმით, ყველა ფეხბურთელს ხელფასის სახით 1500 ლარი შესთავაზა, რადგან მეტის გადახდას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა, მოთამაშეები კი 2 ათასს ითხოვდნენ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სახელფასო დავალიანება დღემდე აერსებობს. რაც შეეხება ფეხბურთელების წასვლას, ურუშაძის თქმით, 10 კაცის გაშვებაც რომ გახდეს საჭირო კლუბიდან, არ მოერიდება, რადგან მისთვის მთავარია წესრიგი:

რაც შეეხება იმას, რომ ფეხბურთელებმა დატოვეს კლუბი. ზოგადად ვიცოდი, თოდუა უნდა ჩამოსულიყო და ეთამაშა, დანარჩენი მოთამაშეების შესახებ საქმის კურსში არ გახლდით. ვიცოდი, რომ კლუბში უნდა მოსულიყვნენ ისეთი ბიჭები, რომლებიც ლანჩხუთის "გურიას" ერთგულნი იქნებოდნენ და საბოტაჟს არ მოაწყობდნენ. ვიცოდი, რომ ფოთთან ამხანაგური თამაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ვიგებ, რომ ფეხბურთელები უარს ამბობენ თამაშზე. თვითონ ვიყავი ბაზაზე, ველაპარაკე მათ. ისეთმა ფეხბურთელმა თქვა უარი თამაშზე, რომელთანაც არანაირი დავალიანება არ გაგვაჩნია. მერე გავარკვიე, ვინ რა ფეხბურთელია, ვის რა წარსული აქვს. ლანჩხუთის "გურია" ის კლუბი არ არის, მომთაბარე ხალხმა თავი მოიყაროს და საბოტაჟი მოაწყონ. წესრიგი უნდა იყოს ყველგან. არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ თავისი წინადადება დაგვიყენოს. ზოგი ჩამოსულია იმისთვის, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს და სხვა არაფერი აინტერესებს. ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაიყვანს შენობის უკან და ელაპარაკება, დღეს არ მივიდეთ თამაშზეო. ასეთი ხალხის ადგილი ლანჩხუთის "გურიაში" არ არის. გარდა ამისა, 12 ფეხბურთელს ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 2-2 ათას ლარს ვერ გადავუხდით. მაქსიმალური თანხა, რაც შეგვიძლია გადავუხადოთ, ეს არის 1500 ლარი. ვისაც გაკმაყოფილებთ ეს პირობა, დარჩით _ აი, ეს იყო ჩვენი წინადადება და არავისთვის დაგვიძალებია, კლუბი დაეტოვებინა,” _ თქვა ურუშაძემ.

მცხეთაში მატჩი მაინც გაიმართება, თუმცა ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მდგომარეობაში იქნება “გურია.”

 

მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი)

10 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:30

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, მ. კუპატაძე, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მარტვილელებს კვლავ სტადიონის პრობლემა აქვთ, ამიტომ “საშინაო” მატჩს კვლავ სამტრედიის “ეროსი მანჯგალაძეზე” გამართავენ. უმაღლესში დაბრუნებული თავმოყვარე ცხინვალელები კი დიდი ბრძოლის გამართვას გეგმავენ.

 

ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი)

10 აგვისტო. ქუთაისი. ცენტრალური. 19:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, ბ. ჭიჭინაძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

“ტორპედო” სრულად განახლებული შემადგენლობით ხვდება სეზონს. ამ ახალგაზრდა ბიჭებმა საბრძოლო ნათლობა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღეს, მართალია, სლოვაკური “ჟილინას” ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ საპასუხო მატჩში საკმაოდ სოლიდური შთაბეჭდილება დატოვეს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვიჩენს. ხოლო მათმა მწვრთნელმა ჟერარ სარაგოსა მულეტმა განაცხადა, სეზონისთვის გუნდი მზად არისო. ერთი სიახლე კიდევ ის არის, რომ ამიერიდან გუნდის კაპიტანი მეკარე მაქსიმე ქვილითაია იქნება.

მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას “მეტალურგი.” რუსთაველთა შემადგენლობაშიც ბევრი ახალწვეულია, მწვრთნელიც ახალი ჰყავთ - გელა სანაია და დირექტორიც – ზაზა დოლიძე. სანაისთან ერთად მრავალწლიანი პროექტის განხორციელება გვაქვს ჩაფიქრებულიო – თქვა დოლიძემ, სანაიამ კი – სეზონის წინ ყველა მიმართულებით ვგეგმავთ ბრძოლას – როგორც ჩემპიონობისთვის, ასევე თასისთვის, თუმცა, სეზონის მსვლელობისას კონკრეტული მიზნები უფრო გამოიკვეთებაო.

 

სიონი (ბოლნისი) – დილა (გორი)

11 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:30

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

ბოლნისის “სიონში” გარკვეული ცვლილებები მოხდა. ქვემოქართლელთაგან წავიდნენ ირაკლი ლექვთაძე (თბილისის “დინამოდან” იჯარით იყო და დაბრუნდა), სერგი ორბელაძე (“მეტალურგში”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სკონტოში”), გალ საპირი (ისრაელში). რაც შეეხებათ გიორგი მანწკავასა და ვაჟა ნემსაძეს, მათ კონტრაქტი დაუმთავრდათ “სიონთან”.

ახალწვეულები კი ესენი არიან: ალეკო გოგობერიშვილი (“გურიიდან”), გიორგი ლემონჯავა (ცხინვალის “სპარტაკიდან”), გიორგი ჯოხაძე (“ზოოვეტიდან”), ზურაბ ბათიაშვილი (“მეტალურგიდან”). გოგობერიშვილი და ბათიაშვილი, როგორც იცით, ადრეც თამაშობდნენ “სიონში.”

ბოლნისელებმა საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარეს და სეზონს დიდი იმედით ხვდებიან, თუმცა მარტვილელების არ იყოს, სტადიონი მათაც მოუწესრიგებელი აქვთ.

გორის “დილამ” კი ხუთშაბათს ხორვატული “ჰაიდუკი” დაამარცხა და სრულიად საქართველოს დიდი სიხარული მოუტანა. ეყოფათ გიორგი დევდარიანის შეგირდებს დღენახევარი დასვენება?

 

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე)

11 აგვისტო. განმუხური. ცენტრალური. 17:30

დისკვალიფიცირებული: როინ ონიანი (ზუგდიდი)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

“ზუგდიდი” ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მწვრთნელთა ტანდემიც ახალი ჰყავს: ოთარ თუთბერიძე და კობა წიტაიშვილი. მათი ხელმძღვანელობით ამხანაგურ მატჩებში ზუგდიდელებმა “მერანი” (1:0), ფოთის “კოლხეთი” (2:1) და წალენჯიხის “სქური” (3:0) დაამარცხეს, თითქოს ურიგო შედეგი არ არის, თუმცა როგორი გუნდი იქნება “ზუგდიდი” ახალ სეზონში, მართლაც ძნელი სათმელია.

საჩხერელებს კი ევროდებიუტის შემდეგ ისევ ეროვნულ ჩემიონატზე გადმორთვა მოუწევთ.

 

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი

11 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

დისკვალიფიცირებული: უსტარიცი

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ბერულავა, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (სათადარიგო)

თბილისის დინამოელებმა რუმინულ “სტიაუასთან” მძიმე ბრძოლები გადაიტანეს და ახლა ეროვნული ჩემპიონატის ყაიდაზე უნდა გადაეწყონ. ცხადია, წლევანდელ სეზონშიც “დინამო” ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი იქნება.

ზესტაფონში კი მართლაც ცხელი ზაფხული იყო, გუნდი ლამის დაიშალა, მაგრამ ბოლოს გამოსავალი მაინც გამოინახა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე, ქალაქის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ქამუშაძე, კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებოდნენ. გარეთ კი განაჩენს 600-მდე გულშემატკივარი ელოდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ნათათბირევს გაცხადდა – “ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს. მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ – ინფრასტრუქტურას (ბაზა, სტადიონი, პერსონალი) მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო საქმეებს კერძო ინვესტორი (ამ შემთხვევაში ილია კოკაია) მიხედავს. თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ იანვრამდე მუნიციპალიტეტის დახმარება ვერ მოხერხდება.

მალევე მარგველებმა ახალი მთავარი მწვრთნელი, 53 წლის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი წარადგინეს, რომელსაც თავის დროზე “ცრვენა ზვეზდა” და “ლევსკი” გაუწვრთნია. მერე თურქეთში შეკრების გავლაც მოასწრეს. მართალია “ზესტაფონი" გვიან შეიკრიბა, თუმცა საქართველოს ორგზის ჩემპიონს მაღალი მიზნები აქვს. გუნდში ახალწვეულები საკმაოდ არიან - გიორგი ადამია, ილია კანდელაკი, ირაკლი ქობალია, ბორისლავ ტერზიჩი და რენე დოს სანტოსი.

0.12016