ფეხბურთი

17:06 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სხვა დონე, სხვა კლასი

"სტიაუა" საქართველოს 6-თვიანი კლუბი არაა


არის თამაშები, რომელშიც 5-7 წუთია გასული და უკვე ჩანს, რომ გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა. მარტივი მოძრაობა და გახსნა; ერთ შეხებაში ზუსტი პასები, რომელიც ენერგიის დაზოგვის საშუალებასაც გაძლევს; მცველების შეტევაში ჩართვა; ერთი-ორი ინდივიდუალისტი, რომელმაც კაცის მოტყუება იცის და უაზროდ არ კარგავს ბურთს; აღარაფერს ვამბობთ ჯანზე; მთლიანობაში ეს არის კლასი.

ენერგიის დაზოგვა სასხვათაშორისოდ არ გვიხსენებია. ბუქარესტის "სტიაუა" გუშინ ერთ 90 წუთს კიდევ თავისუფლად გადააბამდა - ისეთი ხალისითა და სიამოვნებით თამაშობდა ბოლო 30 წუთს, გეგონებოდათ, მანამდე ერთი საათის განმავლობაში ისვენებდნენ. ის კი არა, მათი ცენტრალური მცველი კირიკეში თავისი საჯარიმოდან რომ წაიღებდა ბურთს, ცენტრფორვარდის ადგილზე ჩადიოდა. 

კლასი ესეც არის - გააჩნია, რა დრომდე გყოფნის ძალები. თბილისის "დინამო" არც ფიზიკურად, არც ტექნიკურად და არც მორალურად მზად არაა ისეთ გუნდებთან, როგორიც "სტიაუაა", 90 წუთის განმავლობაში ტოლსწორად ითამაშოს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ასეთი გუნდი (კლუბი) საქართველოში არ ჩამოსულა. ლისაბონის "სპორტინგზე" შეიძლება კამათი და ისიც რა შედეგით დასრულდა, კარგად გვახსოვს - 0:4. დღევანდელი "სტიაუა" ის კლუბია, რომელმაც რუმინეთის ლიგა 20-ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო და ესეც რომ არაფერი, რამდენიმე თვის წინათ ლონდონის "ჩელსის" მოუგო მეოთხედფინალში.

კირიკეშის გამო "რომა" და "ტოტენჰემი" იბრძვიან, საქართველოდან კი საუკეთესო შემთხვევაში, რუსეთის ან უკრაინის პრემიერლიგის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებში მიდიან. აქ მხოლოდ ქართველ ფეხბურთელებს არ ვამტყუნებთ: რუმინეთის ლიგას ყველა იცნობს, საქართველოს ჩემპიონატს კი ალმაცერად უყურებენ. იმისთვის, რათა ალმაცერად აღარ შემოგხედონ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე უნდა მოიგო, მაგრამ ეს ვერ ხერხდება - მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.

...მატჩამდე ერთი დღით ადრე დუშან უჰრინმა თქვა, "სტიაუა" ერთს თუ გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთო. საერთოდ, ასეთ განცხადებებს აკეთებენ ზეშემტევი გუნდის მწვრთნელები - მაგალითად, ხოსეპ გვარდიოლას შეეძლო ეთქვა და ახლაც თქვას, ან ფეოლას თუ ზაგალოს ძველ ბრაზილიის ნაკრებში.  80-იანი წლების "რეალიც" ასეთი იყო და კიდევ შეიძლება რამდენიმე მაგალითის მოყვანა, აი, "დინამო" კი ნამდვილად არაა მზად "სტიაუას" ასეთი ფეხბურთი შესთავაზოს.

შესაძლოა, ჩეხმა მწვრთნელმა ამით ფეხბურთელების განწყობა აამაღლა და თავადვე იცოდა, რომ რასაც ფიქრობდა, იმას არ ამბობდა. ვინ, ვინ და რუმინეთში ნამუშევარმა უჰრინმა კარგად უნდა უწყოდეს, რომ "სტიაუა" არაა საქართველოს 6-თვიანი კლუბი, რომლებთანაც 4:0-ებს და 5:1-ებს მიეჩვია. რუმინელებს ჰყავდათ ტანასე, რომელმაც კონცერტი მოაწყო მარცხენა ფლანგზე, ხოლო ამავე პოზიციაზე უჰრინს გლიშიჩი ეყენა - დაგვეთანხმებით, ძალიან დიდი განსხვავებაა.

და მაინც, კლასში ამხელა სხვაობის მიუხედავად, 0:0-სას დადგა მომენტი, რომელსაც შეეძლო სურათი უკუღმა შეეტრიალებინა - ჩისკომ პენალტი ვერ გამოიყენა.

უჰრინმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენა ვერგატანილი პენალტის ფაქტორი. კი, მაგრამ ამის გამო ბოლო ნახევარი საათი უნდა ჩააგდო? ახლა ადვილია თქმა - "ჩისკოს რომ გაეტანა, მოვიგებდით". კი, ბატონო, საკვანძო ეპიზოდი იყო, თუმცა ძლიერი გუნდი მორალურად არ უნდა ტყდებოდეს. მაგალითებიც შეიძლება გავიხსენოთ: 1987 წელს უეფას თასზე "დინამო" სოფიის "ლოკომოტივს" ხვდებოდა, სტუმრად 1:3 ჰქონდა წაგებული და თბილისში, პირველივე წუთზე რამაზ შენგელიამ პენალტი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, 3:0 მაინც მოვიგეთ. მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ მაშინდელი "დინამო" გრძნობდა მეტოქეზე მეტ ძალას, გუშინ კი ეს არ ჩანდა.

საწყენი ისაა, რომ უჰრინის გუნდში რეზერვიც არაა: მერებაშვილი ორი-სამი კაცის მოტყუებას ცდილობდა. კარგია ინდივიდუალიზმი, თუმცა ზღვარგადასული არ ვარგა. ერთის მოტყუება და შემდეგ პასის გაკეთებაც შეიძლება. გიორგიმ იმდენჯერ დაკარგა ბურთი, რომ სხვა გუნდში მწვრთნელი შეცვლიდა, მაგრამ ვინ გამოეყვანა? აი, აქ მივადექით რეზერვის უქონლობას. დორინ გოგამ სულ რამდენიმე დღე ივარჯიშა გუნდში - ფაქტია, მისი მოყვანა დაგვიანებული იყო. ექსტრა-კლასისაც რომ იყოს, გუნდთან შეწყობა ხომ სჭირდება.  

ერთადერთი პროგრესირებადი ფეხბურთელი, რომელიც "დინამომ" ამ ზაფხულს აიყვანა, ელგუჯა გრიგალაშვილია - სისწრაფეში დაიჩაგრა, თორემ რამდენჯერმე კარგი შეტევა წამოიწყო და უაზროდ ბურთის მოგერიების ნაცვლად, თამაშის დალაგებას ცდილობდა.

საბოლოოდ რაც საწყენია, ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ საქართველოს ჩემპიონი შორსაა იმ მიზნებისგან, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ჰქვია. გასაგებია, რომ შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე არასასურველი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, II ეტაპზე ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე გვყავდა. ასე რომ, წუწუნი უადგილოა.

0.116251