დანიის “ორჰუსის” სპორტული დირექტორის ბრაიან სტინ ნილსენის აზრით, დავით სხირტლაძემ მათი შენიშვნები გაითვალისწინა და გაზაფხულზე კარგ სათამაშო ფორმაში იქნება.
“მისი წონისა და სხვა მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ზამთრის შესვენების შემდეგ კარგ ფიზიკურ ფორმაში იქნება. ჩემი აზრით, მან ჩვენი შენიშვნა დღესასწაულების წინაც გაითვალისწინა. ეს მშვიდი პროცესი იყო, როდესაც მას ოქტომბერში ვესაუბრეთ. არის რაღაც, რაც ფეხბურთელმა გულთან მიიტანა, მაგრამ ესეც იმას ნიშნავს, რომ სწორი გზით მიდის” – იუწყება ნილსენის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა bold.dk-ი.
შარშან ზაფხულში და შემოდგომაზე სხირტლაძეს “ორჰუსში” დისციპლინასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამის გამო, აგვისტოში ერთ-ერთ მატჩზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა ქართველი 18-კაციან განაცხადში არ შეიყვანა, ხოლო ოქტომბერში ვარჯიშიდან ნაადრევად დაითხოვა.