დანიის საფეხბურთო სუპერლიგის 33-ე ტურში, “ორჰუსმა”, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ირჯებიან, “მიდტიულანდთან” გასვლითი თამაში ბოლო 8 წუთში წააგო.
“ორჰუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მიდტიულანდელმა ანდერსონმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, დევდარიანის გადაცემის შემდეგ, სხირტლაძეს გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა. მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, რომ დევდარიანის დარტყმის შემდეგ, მასპინძელთა მეკარემ ბურთი მოიგერია და დამატებაზე სხირტლაძემ ზუსტად დაარტყა – 1:1.
61-ე წუთზე, კურემ “ორჰუსი” დააწინაურა - 2:1. თუმცა, 82-ე წუთზე, იგბოუნმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე სვიატჩენკომ მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა – 3:2. სხირტლაძემ და დევდარიანმა შეუცვლელად ითამაშეს. სხირტლაძემ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ვაწაძე ტრავმირებულია და არ უთამაშია. “ორჰუსმა” 41 ქულა დააგროვა და 12-გუნდიანი ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა.
განვლილ სეზონში დევდარიანმა 26 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხირტლაძემ 20 თამაშში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ვაწაძემ 13 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის ქვედა ექსვეულის დასკვნით ტურში, თოვუზის “თურანმა” საკუთარ მოედანზე “სუმგაითს” 2:1 აჯობა და გამარჯვებულებში ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე დავით ჯანელიძემ ჩაიწერა.
ქართველმა თავდამსხმელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და მე-17 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. “თურანმა” 30 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, რაც იმის მაუწყებელია, რომ პირველ ლიგაში გავარდა.
იგივე ბედი ეწია განჯის “ქიაფაზს”, რომელშიც გიორგი სეფიაშვილი გამოდის. განჯელებმა გასვლაზე “ხაზარ-ლენქორანთან” 0:4 წააგეს და ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა. საბოლოოდ, “ქიაფაზმა” ჩემპიონატი 19 ქულითა და ბოლო ადგილით დაასრულა.