ფეხბურთი

13:09 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სვენ ბენდერი: “ყოველ მატჩში თამაშისგან სიამოვნების მიღება მინდა”

25 იანვარს გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ მატჩში “დორტმუნდი” საკუთარ სტადიონზე “აუგსბურგს” შეხვდება და სეზონის დასკვნითი ნაწილის წარმატებულად დაწყებას შეეცდება. მეორე წრის სტარტის წინ დორტმუნდელთა ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტი გუნდის 24 წლის ნახევარმცველს სვენ ბენდერს შეხვდა, წინასამეორეწრეო და საკუთარ განწყობაზე ჰკითხა.

- “დორტმუნდმა” ბოლო 3 საშინაო მატჩი წააგო. ამის ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის “აუგსბურგის” დამარცხება?

- მომავალ მატჩში გამარჯვების მოპოვება რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი, საკუთარ მინდორზე ვთამაშობთ და “სიგნალ იდუნა პარკზე” ქომაგების გახარებას შევეცდებით. პრინციპულია, მეორე წრეში კარგი სტარტის აღება. მოგების შემთხევევაში შემდეგ შეხვედრებში გამოსვლისას მეტი სტიმული მოგვეცემა.

- ზამთრის შესვენების დროს ბევრს საუბრობდნენ იმის თაობაზე, თითქოს “დორტმუნდმა” საკუთარი რესურსი ამოწურა. ეთანხმებით ამგვარ თვალსაზრისს?

- არა, ამ მიდგომას კატეგორიულად არ გავიზიარებ. პირველ წრეში რამდენიმე მატჩში მაყურებელს ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია. ახლა მთავარია, მოგების გემო გავიხსენოთ, შემდეგ კი ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართება.

- სეზონის მეორე ნაწილის დაწყების წინ გუნდში როგორი განწყობაა?

- “დორტმუნდი” ძალიან შეკრული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული კოლექტივია. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მაღალ დონეზე შეგვიძლია თამაში. სადღეისოდ ბუნდესლიგაში მეოთხე საფეხურზე ვართ, მაგრამ საბოლოოდ უფრო მაღალი ადგილის დაკავების ამბიცია და რესურსი ნამდვილად გვაქვს. შეხვედრების მსვლელობისას ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და საკუთარი ძალისადმი რწმენა არ უნდა გაგვინელდეს.

- პირადად თქვენ პირველი წრე არასტაბილურად ჩაატარეთ. ტრავმების ბრალია?

- ტრავმების მიუხედავად, პირველ წრეში მხოლოდ 2 მატჩი გამოვტოვე. თუკი დაზიანებებისა და მინდორზე დაბრუნების დინამიკას თვალს გადავავლებთ დავინახავთ, რომ სირთულეების დაძლევას პროფესიულად ვახერხებ.

- თქვენ “რკინის კაცს” გიწოდებენ...

- ბოლო ხანს, ეს მეტსახელი აღარ მომწონს, “ნაპოლისთან” საპასუხო შეხვედრის შემდეგ კი მაღიზიანებდა კიდეც.

- ნეაპოლელებთან 3:1 მოგებული მატჩის მსვლელობისას ცხვირი გაიტეხეთ, მაგრამ შეცვლა არ გითხოვიათ...

- გუნდური ყაიდის ფეხბურთელი ვარ და არაფერს ვიშურებ საერთო წარმატების მისაღწევად. მტკიცე ხასიათი კი მამამ ჩამომიყალიბა. იგი ჩემი მწვრთნელი იყო და მინდორზე ბოლომდე დახარჯვისკენ მომიწოდებდა. მშობელი მეუბნებოდა – შესაძლოა თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ბრძოლა და სირბილი ხომ შეგიძლია. მისი ეს შეგონება კარგად დამამახსოვრდა და ყოველთვის ძალის მაქსიმალური მობილიზებით ვასპარეზობ. ამას გვასწავლიდნენ ბავშვობიდან და ვცდილობ ადრეულ ასაკში არჩეული პრინციპების ერთგული ვიყო.

- მამა მკაცრი დამრიგებელი იყო თუ როგორც შვილს, მეტისმეტად ბევრს არ გთხოვდათ?

- მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული ნებისმიერი ვარჯიში ძალიან ინტენსიური და რთული იყო. მამის წვრთნების მეთოდიკას არ გავამხელ, მაგრამ მაშინდელი წრთობა რომ არა, ვეჭვობ დღევანდელი დონისთვის მიმეღწია. ყოველ მატჩში თამაშისგან სიამოვნების მიღება მინდა. ფეხბურთელს სხვა მიზანი არცკი უნდა ამოძრავებდეს.  

0.117027