ძიუდო

21:48 | 4.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

სუვონი მასპინძლურად ჩაჭიდავდა

ძიუდოისტთა სუვონური მსოფლიოს თასის დასკვნით დღეს – ოთხ დეკემბერს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ტურნირი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა ტრიუმფით დასრულდა – 7 წონითი კატეგორიიდან, ხუთში ოქროს მედალი სამხრეთკორეელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში უმთავრესი ფავორიტი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯაე-ბუმ კიმი იყო. მსოფლიო რეიტინგის გამოკვეთილმა ლიდერმა მართლაც, ჩვეულად იჭიდავა და ფინალამდე ჩატარებული 3 შეხვედრის მოგებას მთლიანად 5 წუთი აკმარა. გადამწყვეტი გამარჯვება კი ქულებით მოიპოვა, ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ იაპონელთან, ტაკაჰირო ნაკაისთან. ეს უკანასკნელი რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა.
90 კილოგრამში რუსულ-მონღოლური ფინალი შედგა. კამილ მაგომედოვმა ენხბაატარ ერდენებილეგი დაამარცხა. ამ წონის სატურნირო ბადის ყველაზე მაღალრეიტინგიანი მონაწილე, კიუ-ვონ ლი (მე-11 ნომერი მსოფლიოს რეიტინგში) ბრინჯაოს დასჯერდა.
დღის მთავარი მოულოდნელობა 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ლიდერის, აზიის ჩემპიონ ჰი-ტაე ჰვანგის (მე-3 ადგილი რეიტინგში) უმედლოდ დარჩენა გახდა. მასპინძელთა ჯილა პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა, რუს ივან პერშინთან. ჩემპიონი მაინც სამხრეთკორეელი ძიუდოისტი, სუნ-ვო პარკი გახდა. ფინალში მან იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას სძლია.
მძიმე წონაში სულაც, კორეული ფინალი შედგა, მაგრამ მასპინძელთა უმთავრესმა ფავორიტმა ვერც ამჯერად იფავორიტა. პირველ ნომრად განთესილი სოო-ვან კიმმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ჩიუ-სუნგ ბაეგთან წაგებით. შემდეგ კი ვეღარც რეპეშაჟში იყოჩაღა და სამეულს მიღმა დარჩა. ჩემპიონი კი სუნგ-მინ კიმი გახდა, ფინალში ბაეგის ძლევით.
ერთ კვირაში – 11-13 დეკემბერს, საერთაშორისო ტურნირს უკვე იაპონია უმასპინძლებს. ტოკიოს დიდ სლემზე, ქართველი ძიუდოისტებიც გავლენ ტატამზე. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა მომავალი შეჯიბრისთვის 7 შეგირდი შეარჩია და იაპონიაში ერთი კვირის წინ იახლა, წინასატურნირო 10-დღიანი შეკრების გასავლელად.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
სუვონი
4 დეკემბერი


81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)
3 მინ-გიუ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 არსენ პშმახოვი (რუსეთი)

90 კგ
1 კამილ მაგომედოვი (რუსეთი)
2 ენხბატ ერდენებილეგი (მონღოლეთი)
3 კვანგ-ჰო კიმი (სამხრეთ კორეა)
3 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)

100 კგ
1 სუნ-ვო პარკი (სამხრეთ კორეა)
2 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)
3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)
3 კირილ მარე (საფრანგეთი)

+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ჩიუ-სონგ ბაეგი (სამხრეთ კორეა)
3 მასარუ მომოსე (იაპონია)
3 მეთიუ ტორელი (საფრანგეთი)

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123076