ავტოსპორტი

21:28 | 15.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

სუტილი და ჰამილტონი სასამართლოში

ადრიან სუტილს და ლუის ჰამილტონს სასამართლოში წარდგომა მოუწევთ. პირველს, როგორც ბრალდებულს და მეორეს, როგორც მოწმეს. სუტილს ბრალად ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანება ედება.

ერთი წლის წინ, ჩინეთის დიდი პრიზის შემდგომ წვეულებაზე, სუტილმა ბოთლის ნამსხვრევით, „ლოტუს რენოს“ აღმასრულებელი ერიკ ლუქსი დაჭრა. სუტილი ახლა 29 წლისაა და ამ დღეებში იუბილე აქვს. ის „უილიამსში“ გადასვლის რეალური კანდიდატია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სასამართლოს შემდეგ, ფ1–ში მისი კარიერა დასრულდეს.

გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, რომ სუტილი მიუნხენის სასამართლოს წინაშე ამ თვის ბოლოს წარსდგება. ამავე გამოცემის ინფორმაციით, გერმანელ მრბოლს, ვინც „ფორს ინდიადან“ გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

სუტილის მენეჯერი მანფრედ ციმერმანი იმედოვნებს, რომ სასამართლო გერმანელ პილოტს გაამართლებს. თუმცა ფაქტია, რომ გარჩევის დასრულებამდე, გუნდები მასთან საქმის დაჭერას მოერიდებიან. ამიტომ, დიდი შანსია იმისა, რომ ეს სეზონი სუტილს გაუცდება. ციმერმანი ამბობს, რომ დაცვის მხარე, საქმის სასამართლოს დაწყებამდე, დაზარალებულთან შეთანხმების მიღწევას ეცდბა. ის იმედოვნებს, რომ გერმანელი მრბოლი ამ სეზონშიც ფ1–ში იქნება.

რაც შეეხება ჰამილტონს, ვინც სუტილის ახლო მეგობარია, წვეულებაზე ის ინციდენტის ადგილზე ყოფილა და ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიბარონ. 

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096014