გუშინწინ, სანამ გორის "დილას" თამაშზე წავიდოდი, ბელეკის ცენტრიდან გზად გავიარე და დავინახე, 4-5 მოედანი იყო, ხმაური ისმოდა და შევედი. გამიმართლა... ერთ-ერთი ის გუნდი ვარჯიშობდა, სადაც ქართველები თამაშობენ - ლვოვის "კარპატი". ლვოველები ერთი დღის ჩამოსულნი იყვნენ ბელეკში.
შევედი მოედანზე, ფეხბურთელები ხურდებოდნენ. აი, ლევან ყენია ჩემგან ზურგითაა და ვეძახი; "ყენია, პასები აკეთე, თორემ შეგცვლი"... გაკვირვებული მოტრიალდა და უფრო მეტად გაკვირვებული სახე ჰქონდა, მე რომ დამინახა.
მოვიდა, გადამეხვია, საქართველოს ამბები მოიკითხა. ბუბა დაუშვილიც მოვიდა და ცოტა ხნით, სანამ "მუშა" ვარჯიში დაიწყებოდა, მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვიც მოგვიახლოვდა. რა გულთბილი და ღიმილიანი კაცი ყოფილა - სანამ ახლოს მოვიდოდა, მიხვდა, რომ ქართველი ვიყავი და შორიდან, დამტვრეული რუსულით დაიძახა; "გრუზია ხაროში, ია ლუბლიუ გრუზია".
ვუთხარი - ვიცი, რომ თემურ ქეცბაიას მეგობარი ხართ-მეთქი.
გაიცინა და მეუბნება; "დიახ, დიახ, მაგრამ ახლა ლევანისა და ბუბას მეგობარი უფრო მეტად ვარ".
კლუბის ექიმმაც მითხრა, ძალიან კარგი ბიჭები არიან და გუნდში ყველას უყვართო. იმაზე საამაყო არაფერია, როცა უცხო ქვეყანაში შენს სამშობლოზე და ხალხზე მხოლოდ დადებითად აფიქრებინებ.
კოსტოვთან საუბარი მინდოდა, მაგრამ ვარჯიშს იწყებდა, მე კი "დილას" თამაშზე მაგვიანდებოდა. შევუთანხმდი, ხვალ თქვენს სასტუმროში მოვალ-მეთქი.
...მეორე დღეს კი მივედი სასტუმროში, მაგრამ კოსტოვი გასული იყო სადღაც. ამ სასტუმროს, სადაც "კარპატი" და ასევე აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" იყვნენ დაბინავებულნი, susesı
უკეთესებიცაა; მაგალითად, ბელეკშივე მდებარე calısta, სადაც ცხოვრება დიდი ფული ღირს და მეტწილად, რუსეთისა და უკრაინის უმდიდრესი კლუბები ეტანებიან. თუმცა, ახლა ისეთ რამეს ვწერ, მეუხერხულება - იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა სასტუმრო ძალიან მაგარია. წუნს ვერცერთს ვერ დასდებ.
susesı
ხუბუტიასთან შეხვედრაზე და ინტერვიუზე კი უკვე წერია ჩვენს საიტზე.
დაუშვილი:
- ვარჯიში ახალი დაწყებული გაქვთ.
- ერთი კვირა ვერ ვვარჯიშობდი. გუნდი დასასვენებლად იყო წასული, მე კი აღდგენითი ვარჯიშები მქონდა. აქ ვიყავი, ბელეკში. გუნდი კი ორი დღის წინ ჩამოვიდა. ახლა უკვე სრული დატვირთვით ვემზადები.
- ნაკრების თამაში კი გაგიცდათ...
- სამწუხაროა. მინდოდა მეც მეთამაშა, მაგრამ...
ბუბამ მითხრა, ჩემი მიზანი უფრო დასავლეთ ევროპის კლუბში თამაშიაო. თუმცა, დაამატა, კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს, აქედან წასვლა კი იოლი არ იქნებაო.
ყენიას ალბანეთში 2:1 მოგებულ მატჩზე ვკითხე:
"კარგია, რომ მოვიგეთ. ეგაა, ცუდ მოედანზე იყო თამაში. ასეთ მოედნებზე, წესით, არც უნდა იმართებოდეს მატჩები. "კარპატიში" გადმოსვლა იმიტომაც ვარჩიე, რომ კარგი სტადიონი დაგვახვედრეს, თუმცა ცუდია, რომ იქ არ გვითამაშია. მანამდე "ვოლგა" მთავაზობდა კონტრაქტს, მაგრამ სტადიონი რომ ვნახე, მაშინვე ვიუარე - აქეთ მატარებლის რელსები იყო, იქით კიდევ რაღაცეები ეყარა. მინდორი და მთლიანად სტადიონი ძალიან ბევრს ნიშნავს. პირადად მე, უპირველესად ამას ვაქცევ ყურადღებას".
ბუბამ და ლევანმაც კლუბის პერსონალიდან კოსტოვი აქეს – კარგი მწვრთნელია, გემოვნებიან ფეხბურთს ათამაშებს და დიდებული პიროვნებააო.
სასტუმროს ჰოლიდან გარეთ გავედით. ციოდა. მე თბილად ჩაცმული ვიყავი, ფეხბურთელები კი მაისურების ამარა იყვნენ და მომერიდა – დავემშვიდობე და წამოვედი.