მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დატვირთული კალენდრის გამო მოთამაშეები ძალიან გადაღლილები არიან. მათ ზედიზედ მოუწიათ რამდენიმე თამაშის ჩატარება.
გიორგოს კეცელიდისი (“შსს აკადემიას” მწვრთნელი): “წესები გასაგები და პატივსაცემია, მაგრამ არსად მინახავს, ერთმა გუნდმა მოიგოს რეგულარული ჩემპიონატი და თან სუპერთასისთვისაც ითამაშოს. სუპერლიგას თუ სხვადასხვა გუნდები იგებენ, მაშინ მართებულად მიმაჩნია. თუმცა მეორე ადგილის მფლობელ გუნდს რატომ უნდა ვეთამაშო, არ მესმის. ან შემდეგი სეზონის დასაწყისისთვის რატომ არ არის დანიშნული. ასეთი პატარა პაუზებით მატჩების დანიშვნა ნამდვილი სიგიჟეა. მოთამაშეები გადაღლილები არიან და თან ეს თამაში დიდად აღარავის აღელვებს”.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ფინალური შეხვედრები ჩვენთვისაც საკმაოდ დამღლელი იყო. 9 დღეში მეექვსედ ერთსა და იმავე გუნდს ვეთამაშებით. ვეცდებით, ამ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. რაც შეეხება ამ თამაშის მომავალი სეზონისთვის გადადებას, მინდა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს განვუმარტო, რომ ჩვენი რეალობისთვის ეს არც ისე მართებულია, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ არის ალბათობა გუნდების დაშლის და გადახალისების”.