დასრულდა 2012-13 წლების სეზონის ბოლო პრიზის, სუპერთასის გათამაშება, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, თასის მფლობელი “შსს აკადემია” და თასის ფინალისტი და მეორე ადგილზე გასული “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა “ოლიმპის” უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველივე ტაიმში ცხადი გახდა, რომ გამარჯვება “ოლიმპს” დარჩებოდა, რომელმაც დროის ეს მონაკვეთი დიდი სხვაობით - 21 ქულით მოიგო.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა “შსს აკადემიას” და “ოლიმპის” კალათბურთელებს შორის, მაგრამ მოთამაშეები მალევე დაშოშმინდნენ.
მეორე ტაიმში “შსს აკადემია” მთავარ მწვრთნელს გიორგოს კეცელიდისს ძირითადი კალათბურთელები აღარ შემოუყვანია და ასპარეზობა სათადარიგო მოთამაშეებით დაასრულა.
საბოლოოდ “ოლიმპმა” 90:72 მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სუპერთასის მფლობელი გახდა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა “ოლიმპის” ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. “შსს აკადემიას” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 15 ქულა ამერიკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა კირკ არჩიბეკმა მოაგროვა.
ფედერაციამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდისი დაასახელა.
მასმედიის წარმომადგენლებმა სეზონის საუკეთესო კალათბურთელად “შსს აკადემიას” უკანახაზელი, ამერიკელი ლეგიონერი დევონტა ვონი მიიჩნიეს.
რაც შეეხება საუკეთესო ახალგაზრდა პერსპექტიულ კალათბურთელს, ეს წოდება “შსს აკადემიას” და ეროვნული ნაკრების კანდიდატს, უკანახაზელ რევაზ როგავა მიენიჭა.
აღნიშნულ კალათბურთელებს სპეციალური პრიზები და ტოტალიზატორ “ევროპაბეთის” მიერ დაწესებული პლანშეტური კომპიუტერები გადასცეს.
მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “მოხარული ვარ, რომ ფინალური სერიის წაგების შემდეგ მოვახერხეთ მობილიზება და სუპერთასი მოვიგეთ. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. სამწუხაროა, სეზონის ბოლო შეხვედრაში ექსცესებს მაინც ვერ ავცდით. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ამის წამომწყები ჩემი გუნდის წევრები არ იყვნენ”.
გიორგოს კეცელიდისი (“შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “ოლიმპს” ამ მოგებას. სამწუხაროდ, შეხვედრა სანახაობრივად საინტერესო არ გამოდგა. ყველას, ვინც მომავალ სეზონებში საქართველოში ითამაშებს, წარმატებას ვუსურვებ”.
მიხეილ ბერიშვილი (“ოლიმპი”): “ვულოცავ ჩემი გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას. სამწუხაროდ, ეროვნული ჩემპიონატის ფინალური სერია წავაგეთ, მაგრამ სეზონი მოგებით დავასრულეთ და სუპერთასის მფლობელები გავხდით”.
დევონტა ვონი (“შსს აკადემიაა”): “ვულოცავ “ოლიმპს”. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ კონცენტრირება და მეტოქე უკეთ გამოიყურებოდა. რაც შემეხება მე, ევროპაში სამი წელია ვთამაშობ და პირველი სეზონია ჩემთვის, როცა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დამასახელეს”.