ფეხბურთი

4:20 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სუპერსანახაობა რესიფეში

რესიფეს “არენა პერნამბუკოზე” გამართულ საოცარ მატჩში იტალიის ნაკრებმა იაპონიას 4:3 სძლია და კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში თამაში გაინაღდა, თუმცა კი, ეს დიდ ოფლისღვრად დაუჯდა.

იაპონელთა იტალიელმა დამრიგებელმა ალბერტო ძაკერონიმ თანამემამულეთა წინააღმდეგ ბრწყინვალედ მომზადებული გუნდი გაიყვანა და რომ არა უიღბლობა, “ამომავალი მზის ქვეყნის” შვილები სამ ქულას თუ არა, ყაიმს მაინც გამორჩებოდნენ.

იაპონელებმა ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყეს და 33-ე წუთისთვის ჰონდას პენალტით და კაგავას ლამაზი დარტყმის წყალობით 2:0 დაწინაურდნენ. ცხადია, “სკუადრა აძურა” დანებებას არ აპირებდა და მოკლე პერიოდში კარის ბადიდან ბურთები უკვე აზიელთა გოლკიპერ კავაშიმას გამოჰქონდა.

პირველი ტაიმის მიწურულს თავურით დე როსიმ შეაგდო, მეორეს დასაწყისში კი ჯერ უჩიდას ავტოგოლი დაფიქსირდა, შემდეგ კი ბალოტელიმ თერთმეტმეტრიანი აუღელვებლად შეასრულა.

დაუღალავმა იაპონელებმა 69-ე წუთზე ოკაზაკის თავურით წონასწორობა აღადგინეს და დარჩენილ დროში იტალიელებს ნამდვილი შტურმი მოუწყვეს, რა დროშიც ბურთი ბუფონის კარის ძელს სამჯერ მოხვდა, თუმცა, ხაზის გადაკვეთა არ ინება...

სამაგიეროდ, ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა ლამის ერთადერთი შანსი გამოიყენეს. ჩინებული კომბინაციის შემდეგ, ცარიელ კართან შეცვლაზე შესული ჯიოვინკო დარჩა და საბოლოო ანგარიში – 4:3 დააფიქსირა.

ამგვარად, იაპონიის ნაკრები, რომელმაც ევროპელთა კარის მიმართულებით 15-ჯერ დაარტყა და აქედან კარში – 11-ჯერ, მაინც უქულოდ დარჩა და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მხოლოდ მე-3 ადგილისთვის თუ იბრძოლებს. იტალიამ კი ბრაზილიის დარად, ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა და დასკვნით ტურში მასპინძლებს პირველ პოზიციას შეეცილება.  

 

კონფედერაციათა თასი 2013. A ჯგუფი. “არენა პერნამბუკო” (რესიფე). ბრაზილია

იტალია – იაპონია 4:3 (1:2)

იტალია (4-5-1): ბუფონი (კაპ.), მაჯიო (აბატე, 59), კიელინი, დე შილიო, აკუილანი (ჯიოვინკო, 30), ბალოტელი, ბარძალი, დე როსი, მონტოლივო, პირლო, ჯაკერინი (მარკიზიო, 68).

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.

იაპონია (4-5-1): კავაშიმა, ჰონდა, ნაგატომო, უჩიდა (საკაი, 73), ენდო, ოკაზაკი, კაგავა, კონო, ჰასებე (კაპ.) (ნაკამურა, 92), მაედა (ჰავენაარი, 70), იოშიდა.

მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი.

გოლები: 0:1 ჰონდა (21 პენ.), 0:2 კაგავა (33), 1:2 დე როსი (41), 2:2 უჩიდა (ავტოგოლი, 50), 3:2 ბალოტელი (52 პენ), 3:3 ოკაზაკი (69), 4:3 ჯიოვინკო (86). 

გაფრთხილება: ბუფონი (20), დე როსი (36), ჰასებე (52), კონო (90).

მსაჯი: დიეგო აბალი (არგენტინა).

 

დარტყმა: 11 (6) – 15 (11) ჯარიმა: 14 – 11 კუთხური: 2 – 6 თამაშგარე: 0 – 4 ბურთის ფლობა: 45% – 55%  სეივი: 7 – 3

 

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრაზილია  2    2    0    0    5:0   6

2. იტალია     2    2    0    0    6:4   6

3. მექსიკა      2    0    0    2    1:4   0

4. იაპონია     2    0    0    2    3:7   0

 

22 ივნისი

23:00 იტალია – ბრაზილია

23:00 იაპონია – მექსიკა

0.179473