რაგბი

21:00 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ-დერბი “ავჭალაზე”

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-14-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს, “ავჭალაზე” გამართული მატჩის მსგავსი შეხვედრები საქართველოს ჩემპიონატში ხშირად რომ იმართებოდეს და ის ტელევზიითაც გადაიცემოდეს, ქართული შიდა რაგბის პოპულარიზაცია ბევრად გაიზრდებოდა და თავად ჩემპიონატის დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდებოდა.

ორმა თბილისურმა გუნდმა და ტრადიციულმა მეტოქეებმა - “ლელომ” და “ლოკომოტივმა”, მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზა. ეს იყო ორი თანაბარი ძალის გუნდის დაპირისპირება, სადაც მოედანზე გასული მორაგბეები წმინდად სპორტულად თამაშობდნენ და ტრიბუნაზე შეკრებილ მაყურებელს აღარ მოუწია გუნდური მუშტიკრივის ხილვა, რაც მისასალმებელია. ბოლო დროს ჩვენს ჩემპიონატში დამკვიდრებული ცუდი ტრადიცია, სჯობს მართლაც ასეთმა თამაშმებმა შეცვალოს და მორაგბეებმა ენერგია თამაშს შეალიონ და არა საქმეების გარჩევას და მით უმეტეს, ერთმანეთისთვის ცხვირ-პირის დანგრევას.

ასე რომ ვაქებთ ამ თამაშს, რა თქმა უნდა საზომად საქართველოს ჩემპიონატის დონეს ვიღებთ, თორემ ორივე გუნდის მხრიდან წუნი იმდენი იყო, ალბათ მაღალი დონის ჩემპიონატის მთელი ტური რომ დაიტევდა. სამაგიეროდ, პირველიდან ბოლო წუთამდე შენარჩუნდა მაღალი ტემპი და სწორედ ამ ტემპის დამსახურებაცაა შეცდომების სიმრავლე. ორივე გუნდი ცდილობდა, რომ თამაში გაეშალა და ხელდახელ შეეტია, და ორივე მათგან ყავდა გამორჩეული ლიდერ - ლაშა ხმალაძე და ბექა წიკლაური.

ისინი არაორდინალური გადაწყვეტილებებით და ინდივიდუალური გარღვევებით თამაშს ალამაზებდნენ და ტრიბუნებსაც ახალისებდნენ. ამასთან, იქმნებოდა თავისუფალი სივრცეები, რომელთა გამოყენებასაც მათი თანაგუნდელები ცდილობდნენ და მართალია ჯერ ეს სრულყოფილად არ გამოსდიოდათ, მაგრამ რეგულარულად ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობით, ტექნიკური წუნი უცილობლად შემცირდება და სწორედ ეს გახდება ქართული საკლუბო რაგბის განვითარების საწინდარი. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ქართული კლუბები ევროტუნირებში ჩაერთონ, რადგან იქ მოტივაცია კიდევ უფრო მაღალი იქნება, მორაგბეები მეტად მოინდომებენ და თამაშ-თამაშით იმ დონეზე გაიზრდებიან, რომ ეს შიდა ჩემპიონატსაც აუცილებლად დაეტყობა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ “ლელომ” ეს თამაში ირაკლი ყიასაშვილის მიერ განიავებული ქულების გამო დათმო. დღეს მას დარტყმები აშკარად არ წაუვიდა - გააფუჭა ორ-ორი ჯარიმა და გარდასახვა. თუმცა, ამის მიზეზი ქარიც უნდა იყოს, რომელმაც მიზანი რამდენჯერმე წიკლაურსაც აურია. ალბათ ქარის ბრალი უნდა იყოს, რომ გუნდებს დერეფანში ბურთის აგდებაც უჭირდათ და ამ კომპონენტში ორივემ დაუშვა შეცდომები, მაგრამ “ლელოს” უფრო მეტი წუნი ჰქონდა და ეს შედეგზეც აისახა.

პირველმა ტაიმმა სწორედ საქართველოს ჩემპიონის ტერიტორიული და სათამაში უპირატესობით ჩაიარა. “ლელო” მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, მაგრამ ორივეჯერ შეტევაში დაჯარიმდა. სამაგიეროდ, “ლოკომოტივმა” ორივე საკუთარი დერეფანი წააგო და პირველ ჯერზე ხმალაძემ ცრუმოძრაობებით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა, ცენტრიდან 22-ის ხაზამდე სლალომებით ირბინა და მხოლოდ ბოლო მცველს ვერ დაუსხლტა, მეორე შემთხვევაში კი, ყიასაშვილმა ოდნავ მარცხნივ, დაახლოებით 40 მეტრიდან 3 ქულის აღების შანსი ხელიდან გაუშვა.

“ლოკომოტივი” მეტოქის ნახევარზე 15 წუთის შემდეგ გადავიდა, ოთხიოდე წუთში კარის გასწვრივ 20 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ასპროცენტიანი დარტყმა წიკლაურს გაუფუჭდა - ბურთი ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ხმალაძემ თავისი ნახევრიდან ჯარიმიდან ბურთი ზედ ალამთან გადაიტანა, “ლელომ” დერეფანი ვოლო კაცზე ააგდო, მეტოქე დაჯარიმდა, გიორგი ჭყოიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და მცველებმა რეაგირება დააგვიანეს - 0:5, რადგან ყიასაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო. 34-ე წუთზე მასვე თავისი ნახევრიდან შესრულებული ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ზედ ცენტრიდან ზუსტად დაჰკრა და საკუთარი გუნდი შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა ორჯერ გაჭრა მეტოქის ხაზი და პირველად ბურთი ფეხით გადაკიდა, მაგრამ სპრინტში ორმა მცველმა ოდნავ აჯობა, ხოლო მეორე ჯერზე ბოჭვის შემდეგ მისმა პასმა არ ივარგა. “ლოკომოტივმა” სწრაფ ლელოზე ითამაშა, დასარტყმელი ჯარიმა აუტში გადაიტანა და მართალია მიზანს ვერ უწია, მაგრამ მერე თორნიკე ცერცვაძე ისევ წიკლაურის ყელში ბოჭვისთვის სინბინით რომ დაისაჯა, თავად დაზარალებულმა ჯარიმა ძელებსშუა გააძვრინა - 3:8.

58-ე წუთზე “ლოკომოტივმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ლელო გაიტანა. მარჯვნიდან დაწყებული იერიში კარის გასწვრივ უშედეგოდ გაგრძელდა, მაგრამ ბურთი სწრაფად ჩათამაშდა მარცხენა ფლანგზე და გიორგი ბიწაძემ ლელო ალამთან გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 64-ე წუთზე “ლელო” უკვე შერკინებაში დაჯარიმდა და წიკლაური ამჯერადაც ზუსტი იყო.

ჩემპიონი მალევე გამოერკვა და ოთხ წუთში წონასწორობა აღადგინა: 45 მეტრიდან ბურთი აუტში გაიგზავნა, გუჯა სურგულაძემ პირველი დარტყმით წითელ ზოლში შეაღწია, რევაზ ბელქანია კარის წინ შეაჩერეს, მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშებული ბურთი ლექსო გუგავამდე მივიდა, რომელმაც ცრუმოძრაობით ორი მცველი უსაქმოდ დატოვა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ყისასაშვილის დარტყმული ამჯერადაც არაზუსტი იყო - 13:13.

73-ე წუთზე “ლოკომოტივმა” გადამწყვეტი 3 ქულა აიღო და ეს ისევ წიკლაურის დამსახურებაა. მან აჩვენა, რომ ფეხით შორს აპირებდა დარტყმას, სინამდვილეში მოკლეზე გადაიკიდა, მიყვა და მეტოქეც დაჯარიმდა, 38 მეტრიდან დარტყმულმა კი, ძელებსშუა გაიარა. “ლელოს” სამიოდე წუთში შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ ყიასაშვილს დარტყმები რომ არ მისდიოდა, ხმალაძემ 40 მეტრიდან ბურთის აუტში გადატანა განიზრახა, თუმცა, ის კარგად ვერ მოჭრა და ბურთი კიდით ხაზს გასცდა. შედეგად, “ლოკომოტივმა” დასკვნითი წუთები მეტოქის ნახევარზე გაატარა, წიკლაურს ახლოდან არეკნი გაუცუდდა, მაგრამ “ლელომ” თავის დაღწევა ვერ მოახერხა და მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა, “ლოკომოტივმა” კი, ოთხეულში ადგილი გაიმყარადა სამეულსაც მიუახლოვდა.

“ლელო” მაინც ლიდერად დარჩა და თანაც, თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს, რადგან მეორე მატჩში თბილისის “არმია” “ჯიქებთან” დამარცხდა. პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ “არმიამ” ლელოც მიითვალა და 11:6 დაწინაურდა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში არმიელები კაცნაკლულები რომ დარჩნენ, მეტობით “ჯიქებმა” ისარგებლა და ჯერ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 58-ე წუთზე ლელო გაიტანა და 14:11 დაწინაურდა. მატჩის მიწურულს მათ ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და 17:11 მოგებით, მეხუთე ადგილამდე დაწინაურდნენ, მაგრამ მდევრებზე სამი და ორი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული ეს მათთვის ამოცანის შესრულებას ართულებს.  

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XIV ტური

22 მარტი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 700 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:13 (0:8)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ბიწაძე, 13. ქავთარაძე (ჟამუტაშვილი 74), 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. გასვიანი (ბალიაშვილი 54), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ელოშვილი 70), 4. ხულუაშვილი, 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. თავბერიძე (ახვლედიანი 53), 8. ბერიშვილი.

1 ლელო: ბიწაძე

1 გარდასახვა: წიკლაური

3 ჯარიმა: წიკლაური

ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ნიჟარაძე, 13. კორკელია (კოპაძე 62), 12. ცერცვაძე, 11. გუგავა, 10. ხმალაძე, 9. მინდიაშვილი; 1. სანიკიძე (მელიქიძე 51), 2. ბელქანია (ლომთაძე 76), 3. პატარაია, 4. ნიკოლაიშვილი, 5. ქოიავა, 6. მძინარიშვილი (სურგულაძე 46), 7. კოლელიშვილი, 8. ჭყოიძე.

2 ლელო: ჭყოიძე, გუგავა

1 ჯარიმა: ყიასაშვილი

1 სინბინი: ცერცვაძე

 

თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი

ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი) 17:11 (6:11)

ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი 10. კალანდაძე, 9. ჭინჭარაული; 1. გაგნიძე (ჯინჭარაძე 39), 2. მამრიკიშვილი, 3. ოქრიაშვილი, 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი, 6. შენგელია, 7. ა.ტრაპაიძე (ოქრომელიძე 32), 8. სუხაშვილი.

1 ლელო: ხარაზიშვილი

4 ჯარიმა: ხარაზიშვილი

არმია: 15. კობახიძე, 14. გაბროშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. გაგოშვილი, 11. ნუცუბიძე, 10. ნინიძე, 9. ჯინაშვილი (ღვინჯილია 45); 1. ქორიძე (ზაქაშვილი 45), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 52), 3. გურგენაძე, 4. ჟღენტი (ჩიტიძე 45), 5. ცხადაძე (უჩავა 45), 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. დარასელია.

1 ლელო: ჯიმშელაძე

2 ჯარიმა: კობახიძე

1 სინბინი: მეკოკიშვილი

 

1               ლელო                                   14            10          0          4              386-169             50
2 აია 14 10 0 4 311-187 46
3 არმია 14 9 1 4 374-229 46
4 ლოკომოტივი 14 10 0 4 314-248 44
5 ჯიქები 16 7 2 7 278-243 39
6 ყოჩები 13 8 1 4 284-243 38
7 არმაზი 14 8 0 6 249-272 35
8 ხარები 14 3 0 11 179-344 15
9 ბათუმი 14 3 0 11 210-464 14
10 აკადემია 15 1 0 14 169-355 11

 

მომდევნო ტური. 29-30 მარტი

ყოჩები - აია, არმია - არმაზი, ლელო - ჯიქები, აკადემია - ლოკომოტივი, ხარები - ბათუმი

0.1132