სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 8-დან 22 მაისამდე ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” ზაფხულის ბაშოს კი უმასპინძლებს, თუმცა, მას განსაკუთრებული წოდება “გირიო-სინსა ბაშო” მიენიჭება, რაც რამდენიმე ცვლილების მომასწავებელია.
მომავალი შეჯიბრის ძირითადი მიზანი ივლისის სუპერტურნირისთვის ოფიციალური რეიტინგის იგივე ბანძუკეს ფორმირება იქნება, ამასთან, გარიგებულ შერკინებებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, ასოციაციამ ყველა “გარეშე” პრიზის გაცემაზე უარი თქვა.
ბრძოლებისთვის არც სპონსორთა ჰონორარები (კინშო) იქნება დაწესებული, სამაგიეროდ, სეკივაკის ან უფრო დაბალი წოდების სუმოისტთა შორის თავგამოჩენილნი, ტრადიციული პრიზებით (სიუკუნშო, კანტოშო და გინოშო) მაინც დაჯილდოვებიან.
ყოველდღიურად, შერკინებების წინ, საზეიმო ცერემონიები გაიმართება და ყველა შედეგი ოფიცილურ სტატისტიკურ მაჩვენებლად დაფიქსირდება, მაგრამ ტურნირის გამარჯვებულს მთავარი პრიზი – “იმპერატორის თასი” არც ამჯერად გადაეცემა.
კიდევ ერთი საჩვენებელი ჟესტი – რიგითი გულშემატკივრებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად, დარბაზში შესვლა უფასო იქნება, თუმცა კი, დოჰიოს ახლოს განლაგებული 300 ადგილი ისევ საპატიო სტუმრებსა და სპონსორებს ერგებათ. თუ რა მასშტაბით მოხდება, მაისის ბაშოს ტრანსლაცია, ამას ტელეკომპანია NHK სუმოს ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სკანდალების შემდეგ, დირქეტორთა საბჭომ ოიკატა ტაკენავას (ექს-მაეგაშირა კასუგანიშიკი), 15 სკეიტორისა და 6 რიგითი სუმოისტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ზემდგომთა ნების წინააღმდეგ წასული ოიაკატა ტანიგავა (ექს-კომუსუბი კაიჰო) კი საერთოდაც გასამრჯელოს გარეშე დატოვა.
ამ ცვლილებების შემდეგ, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში რამდენიმე ადგილი გათავისუფლდა, რომლებსაც სავარაუდოდ, ძურიოს დივიზიონის მოწინავენი დაიკავებენ. მოხვდება თუ არა მათ შორის ქართული სუმოს პიონერი კოკაი, ჯერჯერობით, უცნობია, იაპონიაში დასაქმებული სხვა ქართველები – ტოჩინოშინი და გაგამარუ კი, ტრადიციულად, ელიტარულ დონეზე გაირჯებიან.







