სხვა

15:22 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

სუმოს სამყაროში “წმენდა” დაიწყო

პროფესიული სუმოს რეიტინგი იგივე ბანძუკე, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა განახლებულიყო, ჯერაც არ გამოქვეყნებულა. აღნიშნულის მიზეზი სუმოს სამყაროში აგორებული სკანდალია, რომელიც იატაკქვეშა ტოტალიზატორებში თამაშს ეხება.
ასოციაციის დირექტორთა საბჭოს სხდომამ, რომელმაც ორ საათამდე გასტანა, რამდენიმე ხმაურიანი ვერდიქტი გამოიტანა. 34 წლის ოძეკი კოტომიცუკი და 42 წლის ოიაკატა ოტაკე (ექს-ოძეკი ტაკატორიკი) სუმოს სამყაროდან საერთოდ მოიკვეთნენ, ხოლო 36 წლის ოიაკატა ტოკიცუკადეს (ექს-მაეგაშირა ტოკიცუუმის), რომელმაც “სახიფათო თამაშებში” აღსაზრდელი ტოიონოშიმა გარია, შისოს (სკოლის თავკაცი) წოდების ჩამორთმევა ემუქრება.
საინტერესოა, რომ ოიაკატა ოტაკემ, რომელიც ლეგენდარული იოკოძუნა ტაიჰოს სიძეა, თანამდებობიდან წასვლის სურვილი თავად გამოთქვა. თავდახრილმა და თვალცრემლიანმა ოტაკემ საზოგადოებას ტელეკომპანია NHK-ს ეთერით მიმართა და სკანდალში გარეული სუმოისტებისთვის ბოლო შანსის მიცემა ითხოვა. მანვე კოტომიცუკის ბრალიც საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ იაკუძასთვის (იაპონური მაფია) სახდელი თანხის გამოყოფა სწორედ მისი თხოვნით მოხდა.
როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ოიაკატას ამ თხოვნამ არ გაჭრა. არც ოტაკესა და არც კოტომიცუკის სუმოდან საკუთარი ნებით წასვლის უფლებას არ მისცემენ. დირეტორთა საბჭო მათ საზოგადოების სამსჯავროზე “გაიტანს” და სამარცხვინოდაც გააძევებს. შესაძლოა, პირველად ისტორიაში ყველაზე მკაცრი ვერდიქტიც კი იქნას გამოტანილი და შეცდენილები კარიერის შემდგომი ფულადი დახმარების გარეშეც კი დატოვონ.
ცნობისთვის, ოტაკეს ანუ ექს-ოძეკი ტაკატორიკისა და ოძეკი კოტომიცუკის “იმპერატორის თასი” თითოჯერ აქვთ მოპოვებული. ტაკატორიკიმ 2000 წელს გაზაფხულის ტურნირი მოიგო, კოტომიცუკიმ კი 2001 წელს შემოდგომაზე იმარჯვა.  
სუმოისტებისა და მათი მწვრთნელ-აღმზრდელების საქმიანობის შემსწავლელი სპეციალური კომისიის რეკომენდაციით, ნაგოიაში დაგეგმილ ივლისის ბაშოს (სტარტს 11 ივლისს აიღებს) ვერ გაეკარებიან ექს-ოძეკი მიაბიამა, ექს-სეკივაკეები ტოიონოშიმა და გოეიდო, ექს-კომუსუბი ფუტენო, მაეგაშირები ტოიოჰიბიკი, ოკინოუმი და ვაკაკოიუ, ძურიოს წევრები ჩიოჰაკუჰო, კასუგანიშიკი, კიიოსეუმი და დაიდო, მაკუშიტას წევრები – იოკოძუნა ჰაკუჰოს ცუკებიტო (ადიუტანტი) კობო, კოტომიცუკისთვის ფულის გამოძალვისთვის დაპატიმრებული ყოფილი სუმოისტის მიცუმოტოს უმცროსი ძმა ფურუნტი და ონომაცუს სკოლის ტოკოიამა (დალაქი) ტოკოიკე.
ექს-სეკივაკე კოტოშიგიკუ, ექს-კომუსუბი კაკიძოე და მაეგაშირა იოშიკაძე, სავარაუდოდ, მკაცრი გაფრთხილებით გადარჩებიან და აიტის პრეფექტურის ფიზკულტურისა და სპორტის დოჰიოზე გასვლას შესძლებენ. როგორც კომისიამ დაასკვნა, აღნიშნული რიკიშები იატაკქვეშა ტიტალიზატორებს არ სტუმრობდნენ და ბეისბოლის მატჩებზე ფსონებს მხოლოდ მეგობართა ვიწრო წრეში ჩადიოდნენ.
გარკვეული სანქციები იქნება გატარებული იმ ხელმძღვანელი პირებისა და მწვრთნელების მიმართაც, რომელთაც აზარტული სუმოისტების გაკონტროლება ვერ მოახერხეს. მათ შორის სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი მუსასიგავა, მისი თანაშემწე ოიაკატა დევანოუმი, სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარე ოიაკატა კოკონოე, ოიაკატა სადოგატაკე, ჰაკაკუ, საკაიგავა, კასუგანო, კისე, ონომაცუ, მიაგინო და მებრძოლების აღმზრდელობით სამუშაოებზე პასუხისმგებელი მიტინოკუც იქნებიან. ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ მეგობრებთან ერთად ფსონებს ჰანაფუდაზე (იაპონური კარტი) აკეთებდა, ტოტალიზატორში კი გოლფის მატჩებზე თამაშობდა.
ონომაცუ-ბეია, სადაც იატაკქვეშა ბუქმეიქერული კანტორა “ყვაოდა”, ნაგოიას ბაშოზე, სავარაუდოდ, სრული შემადგენლობით ვეღარ წავა.  
სასჯელებს ოფიციალური სახე 4 ივლისს დაგეგმილ დირექტორთა საბჭოს მორიგ ოფიციალურ სხდომაზე მიეცემა, 5-ში კი ერთკვირიანი დაგვიანებით ბანძუკეც გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ მომავალ რეიტინგში ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულამდე აღზევებაა დაგეგმილი, გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) კი უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი ელის. ბანძუკეს ელიტარულ სუმოისტებს შორის, ცხადია, ქართული სუმოს პიონერ კოკაისაც (ლევან ცაგურია) ვიხილავთ, რომელიც მცირე ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165136