12 სექტემბერს სტარტს აიღებს წლის მორიგი სუპერტურნირი სუმოში, რომელსაც ამჯერად ამ სპორტის მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს. საშემოდგომო ბაშოზე სამივე ქართველი სეკიტორი უკვე ტრადიციულად, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ისპარეზებს.
ქართველ გოლიათთაგან საუკეთესო რეიტინგი კვლავაც ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინის გააჩნია. 22 წლის ქართველი, რომელიც 158 კგ-ს იწონის და 191 სმ. სიმაღლისაა, ტურნირს დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით შეხვდა.
ტოჩინოშინის კარიერის განმავლობაში 177 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაკუუჩიში მისი ბალანსი კი 102/108-ზეა, ამდენად, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ლევანს დადებით მაჩვენებელზე გასვლა მომავალ ბაშოზევე შეუძლია.
გორგაძეს ტურნირის პირველ დღესვე რთული შერკინება ელის. მისი მეტოქე ოსი ალან გაბარაევი იგივე არანი იქნება, რომელიც გასულ ბაშოზე ჩინებული ასპარეზობის წყალობით, სკეივაკეს წოდებამდე აღზევდა და კარიერის პიკზე იმყოფება. მეორე ტურში ტოჩინოშინის მონღოლი ტოკუსეგავა ელის, რომელიც აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულს ატარებს.
სექტემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას ტიტულით ხვდება ქართული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (სიმაღლე – 190 სმ. წონა – 148 კგ.). 29 წლის კოკაის ზურგს 384 მოგება უმაგრებს, ელიტარულ დივიზიონში კი 313 მარცხის წილ 287 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ცაგურიას პირველი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება, შემდეგ კი ქართველი უკვე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა კიტატაიკის გაეჯიბრება. ორივე მეტოქე იაპონელია, კიტატაიკი კი საერთოდაც ტოკიოს წარმოადგენს, ამდენად, გამორჩეული გულშემატკივრობა გარანტირებული აქვს.
თუკი ტოჩინოშინისა და კოკაის მაკუუჩის დატოვება არანაირი შედეგის ფონზე არ ემუქრებათ, ფრთხილად უნდა იყოს ელიტის მე-3 ქართველი წევრი თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ჯუღელი აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირაა და თუკი დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში ვერ გაიფორმა, თავს ისევ ძურიოში უკრავენ.
გაგამარუ 202 კგ-ს იწონის და 185 სმ. სიმაღლისაა, საწყის შერკინებას კი მასსავით მე-15 მაეგაშირა – იაპონელ კაკიძოესთან ჩაატარებს. ქართველს მასპინძელთან ჭიდილი მოუწევს მე-2 დღესაც. თეიმურაზის პირისპირ 36 წლის ჰიროშიმელი ვეტერანი ტოიოზაკურა დადგება, რომლიც წონაც “მხოლოდ” 134 კგ. გახლავთ. აქვე ვთქვათ, რომ გაგამარუს ბალანსი 143 მოგება და 93 მარცხია, კონკრეტულად ძურიოში კი მას ერთადერთი ბაშო აქვს ჩატარებული და 15-დღიან მარათონში 5 გამარჯვებას გამორჩა.
ცნობისთვის, ორიოდ დღის წინ ჯუღელს არცთუ სასიამოვნო ფაქტი შეემთხვა და კიდევ კარგი, მნიშვნელოვანი ტურნირის წინ სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. 202-კილოგრამიანი გოლიათი ტაქსში ჩაჯდომას აპირებდა, როდესაც მას ველოსიპედით მომავალი 55 წლის ქალბატონი შეეჯახა. როგორც ირკვევა, ამ მცირე “ავარიის” შემდეგ ინციდენტის მონაწილეები მსუბუქი დაზიანებებით გადარჩენილან.
ცხადია, რომ მომავალი ტურნირის წინ აშკარა ფავორიტად კვლავაც მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო მიიჩნევა. “თეთრ ფენიქსს” უკვე 47 (!) ბრძოლაა არ წაუგია და არა გვგონია, პოზიციების დათმობას აკი ბაშოზე აპირებდეს. ტურნირის პირველ დღეს ჰაკუჰოს მეტოქე მონღოლივე კომუსუბი კაკურიუ იქნება. იოკოძუნას თანამემამულესთან არასდროს წაუგია.
კადობანში ჩაყენებული (უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში, ტიტულს დაემშვიდობება) ოძეკი კაიო, კვირას, ძალებს მე-2 მაეგაშირა ჰომაშოსთან მოსინჯავს, ოძეკი ჰარუმაფუჯი კომუსუბი კისენოსატოს შეერკინება, ოძეკი კოტოოშუ – პირველ მაეგაშირა ტოკიტენკუს, ხოლო ოძეკი ბალტი – ასევე პირველ მაეგაშირა ვაკანოსატოს.
სექტემბრის ბაშოს გამოტოვება მოუწევს ვარჯიშზე დაშავებულ დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მასაცუკასას. იძულებით არდადეგებზე არიან ძურიოს წევრები მაცუტანი და ექს-კომუსუბი ივაკიამაც. პირველი ცნობილი სკანდალის შემდეგ ორი ტურნირით გახლავთ დისკვალიფიცირებული, მეორემ კი აპრილში იშემიური მიკროინსულტი გადაიტანა და ფორმაში ჯერაც ვერ არის.







