პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველად, სუმოს იერარქიაში რანგით მე-4 კომუსუბის ტიტულამდე აღზევებულ ქართველ სეკიტორ ტოჩინოშინის იგივე ლევან გორგაძეს ივლისის ბაშოს სტარტზევე ურთულესი გამოცდა ელის. ჩვენებურის მეტოქე ერთადერთი მოქმედი იოკოძუნა ჰაკუჰო იქნება, რომელსაც იანვრის ტურნირიდან მოყოლებული არცერთი (!) მარცხი არ განუცდია.
ცნობისთვის, ტოჩინოშინი მონღოლ ჩემპიონს გასულ მაისის ბაშოზეც გადაეყარა. მაშინ დასავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ქართველ გოლიათს ზედიზედ ოთხი ოძეკი ჰყავდა დამარცხებული და იმის იმედიც არსებობდა, რომ “თეთრ ფენიქსსაც” ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა, თუმცა, სუმოს სამყაროს კიდევ ერთხელ გაოცება ვეღარ მოახერხა.
22 წლის ქართველმა ჰაკუჰოს გაცურება განიზრახა და საწყისი შეჯახებისას გვერდზე გაიწია, თუმცა, მისმა ტატიაი-ჰენკამ შედეგი ვერ გამოიღო. პოზიციურ ბრძოლა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში გადაიზარდა, რომელშიც მონღოლმა ტოჩინოშინის მავაში მარჯვენა ხელიდან მოიგდო და ჰიდარი-უვატეს შემდეგ, მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გააძევა.
ნაგოიას ბაშოს, რომელსაც 11-დან 25 ივლისამდე ნაგოიაში აიჩის პრეფეტქურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, გორგაძე კიდევ უფრო დიდი იმედებითა და ამბიციები ხვდება, პირველივე შერკინებაში იოკოძუნას დამარცხება კი სწორედაც რომ მისწრება იქნება. სათქმელია ისიც, რომ ტოჩინოშინის მეორე დღესაც მძიმე ორთაბრძოლა ელის. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი მონღოლი ჰარუმაფუჯი დადგება, რომელიც ოძეკის ტიტულს ატარებს და “იმპერატორის თასის” მფლობელიც გახლავთ.
ივლისის ტურნირის პირველივე დღეს ქართულ სუმოს პიონერი ლევან ცაგურიასთან (კოკაი) ჭიდილი ელის ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონის დებიუტანტ თეიმურაზ ჯუღელს. 23 წლის გაგამარუ ნაგოიას ტურნირს კოკაის დარად მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და იმისთვის, რომ ისევ ძურიოში არ დაქვეითდეს, ტურნირის დადებითი ბალანსით ანუ კაჩი-კოშით დასრულება მართებს. ორშაბათს გაგამარუს მეტოქე მე-10 მაეგაშირა ტოსაიუტაკა იქნება, ხოლო კოკაი მე-14 მაეგაშირა ტამავაშის შეერკინება.
მომავალ ტურნირში მაკუუჩისა და ძურიოს დივიზიონებში მხოლოდ 58 სეკიტორი მიიღებს მონაწილეობას, რისი მიზეზიც ჩვენს მიერ უკვე მრავალჯერ აღწერილი სატოტალიზატორო სკანდალია. უკანონო თამაშების გამო, ოძეკი კოტომიცუკი დოჰიოდან სამუდამოდ დაითხოვეს, გოეიდო, ტოიონოშიმა, მიაბიამა, ტოიოჰიბიკი, ვაკაკოიუ, ოკინოუმი, დაიდო, კიიოსეუმი, ჩიოჰაკუჰო და კასუგანიშიკი კი ერთი ბაშოთი არიან დისკვალიფიცირებულნი. კიდევ ერთი სეკიტორი ივაკიამა, რომელმაც აპრილში იშემიური მიკროინსულტი გადაიტანა, მომავალ ტურნირს იძულებით გამოტოვებს, თუმცა, თუკი მისი აღმზრდელის საკაიგავას სიტყვებს ვერწმუნებით, 34 წლის გოლიათი, შესაძლოა, დოჰიოს არც აღარასოდეს დაუბრუნდეს.
აღნიშნული სკანდალის გამო, მთელმა სუმოს სამყარომ დიდი ზარალი განიცადა. სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილების თანახმად, ივლისის ბაშოს გამარჯვებული 10 მილიონ იენთან (დაახლოებით 100 ათასი დოლარი) ერთად გარდამავალ საჩემპიონო ატრიბუტიკასაც მიიღებს, თუმცა, მთავარი პრიზის – იმპერატორის თასის ხელში შეთამაშების უფლება კი აღარ მიეცემა, რაც ბოლო 85 წლის განმავლობაში (ტრადიცია არც ომიანობის პერიოდში დარღვეულა) პირველად მოხდება.
ასოციაცია უფრო შორსაც წავიდა და იატაკქვეშა ტოტალიზატორებთან კავშირის გამო შებღალულ სახელს ქველმოქმედების, პარტნიორებისა და სპონსორების პრესტიჟიც რომ არ ეზარალებინა, დროებით მათ პრიზებზეც უარი თქვა. ჯილდოთა ჩამონათვალი კი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.
ამგვარად, ნაგოიას ბაშოს გამარჯვებულს აღარ გადაეცემა: იაპონიის პრემიერ-მინისტრის თასი, მონღოლეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, ჩეხეთში, უნგრეთსა და საფრანგეთში დამზადებული მეგობრობის თასები, მექსიკური ლუდისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების მიერ დაწესებული ბენზინის წლიური მარაგები, იაპონური საკე “ოძეკის” 72-ლიტრიანი კასრი, აიჩის პრეფექტურის მიერ დაწესებული 50 ათასი კონსერვირებული მწყერის კვერცხი, იაპონიის სასოფლო მეურნეობის წარმომადგენელთა მიერ დაწესებული ერთი ტონა ბოსტნეული, ხილი, სოკო, კვერცხი და ხორცი და ტელეკომპანია NHK-სა და გაზეთების “მაინიტისა” და “ტიუნიტის” მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები.
როგორც თავადაც მიხვდებოდით, აღნიშნული ალაფით, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიონ იენს “უკაკუნებს”, მთელი წლის განმავლობაში “მეფურად” ცხოვრებაა შესაძლებელი, ამდენად, ბევრის აზრით გაუგებარმა აკრძალვებმა სუმოისტთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცხადია, ყველაზე მეტად იოკოძუნა ჰაკუჰო აღშფოთდა, რომელიც მომავალი ტურნირის ფავორიტი და შესაბამისად, ჩამოთვლილი პრიზების პრეტენდენტიც გახლდათ.
“თეთრი ფენიქსის” განცხადებით, სუმოს ასოციაციას “ზედმეტი მოუვიდა” და კონტექსტიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სეკიტორები ვარჯიშებზე ოფლს იმიტომ ღვრიან, რომ სანუკვარი პრიზი “იმპერატორის თასი” ასწიონ, ახლა კი, მათ ოცნებაც წაართვეს. ჰაკუჰოს არც ის მოეწონა, რომ ტელეკომპანია NHK-მ ივლისის ბაშოს პირდაპირ რეპორტაჟებზე უარი განაცხადა და მხოლოდ მცირე მიმოხილვების ჩვენებას გეგმავს.
“ეს საკითხი არა მხოლოდ იაპონიას ეხება. სუმოს ტრანსლაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ელოდა, ჩვენ კი მათი ინტერესი არ გავითვალისწინეთ”, - აღნიშნა მონღოლმა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლო გასვლით ვარჯიშზე, რომელიც მიაგინოს სკოლის ფილიალში შედგა, ჰაკუჰომ ოცდაერთივე შერკინებაში იმარჯვა და ტოჩინოშონისთან სასტარტო შეხვედრას ჩინებულ ფორმაში ხვდება.







