სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ივლისის ტურნირი სრულყოფილი ფორმატით წარიმართება. ნაგოიას ბაშოს გამარჯვებული “იმპერატორის თასის” გარდა, სხვა სპეციალურ პრიზებსაც მიიღებს, აიტის პრეფექტურის ფიზკულტურისა და სპორტის სასახლეში შესვლა კი ფასიანი იქნება (ბილეთების გაყიდვა ექვს ივნისს დაიწყება).
გუშინ, სუმოს ასოციაციის პრეზიდენტი ოიაკატა ჰანარეგომა, ნაციონალური ჭიდაობის მფარველი განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ტელე-რადიო მაუწყებელ კორპორაცია NHK-ს სტუმრობდა და მათ გარიგებულ ბრძოლებთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ ახალი დეტალები გააცნო, რაც კმაყოფილებით იქნა გაზიარებული.
სწორედ ამის შემდეგ, NHK-მ გამოაცხადა, რომ ივლისის ტურნირის მატჩებს კვლავაც პირდაპირ ეთერში გადასცემს. შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ტურნირი 10-24 ივლისს შედგება, მანამდე კი, ოცდაშვიდ ივნისს, ტრადიციული რეიტინგი, იგივე ბანძუკე გამოქვეყნდება.







