სერბეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნევენ სუბოტიჩმა გადაწყვიტა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე, ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშოს.
“ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს ვესაუბრე და მას ვაცნობე, რომ უახლოეს მომავალში, აქცენტის საკლუბო ფეხბურთსა და პროგრესზე გაკეთება მინდა. სამწუხაროდ, ხორვატიასთან ფრის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დავკარგეთ. იურგენ კლოპთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, მიხაილოვიჩს ვთხოვე, რომ ჩემი გადაწყვეტილება მიეღო.
ჩემი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 2013 წლის ბოლომდეა მოქმედი. თუ მწვრთნელი ჩათვლის, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შემადგენლობაში მოხვედრის ღირსი ვიქნები, ნაკრებში სიამოვნებით დავბრუნდები.” – ციტირებს 24 წლის სუბოტიჩის სიტყვებს B92.
სუბოტიჩი სერბეთის ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს. ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში მას 2 გოლი აქვს გატანილი.