კალათბურთი

23:45 | 17.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სტუ-ს მეოთხე მოგება

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტთა საერთაშორისო ლიგაში მეექვსე მატჩი ჩაატარა, მეოთხე შეხვედრა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. ნიკოლოზ დერიუგინის გუნდმა უკრაინის დედაქალაქში კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო კოლექტივს 73:63 მოუგო, დღეს კი მეორე წრის პირველ შეხვედრაში კიეველთა ძლევა მეტად გაუჭირდა. დღევანდელი მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ჩვენები საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე 4 ქულას იგებდნენ, მაგრამ დასკვნით შეტევაში სტუმრებმა 3 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ სტუ-მ ამჯერადაც 73 პუნქტი დააგროვა, თუმცა კიევის მატჩთან შედარებით ცხრით მეტი “გაუშვა” და 73:72 იმარჯვა.

სტუ-ს გამართლებლად ბევრი, 23 დაკარგვა ჰქონდა (სტუმრებს - 9), ამასთან მასპინძლებმა მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი სამქულიანი ჩააგდეს და სწორედ ეს გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, “არენაში” შეკრებილმა მაყურებელმა (ძირითადად სტუ-ს სტუდენტებმა) დასკვნით წამამდე რომ ინერვიულეს.

სტუ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს ხარკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტთან გამართავს (სტუმრად დაძაბულ ორთაბრძოლაში 62:67 დათმო), შემდეგ კი მიჯრით 3 გასვლითი შეხვედრით დაასრულებს პირველ ჯგუფურ ეტაპს. შეგახსენებთ, მომდევნო სტადიაზე 6 გუნდიანი ჯგუფიდან 4 კოლექტივი გადის. 

სტუ – კპი 73:72 (18:15, 15:18, 24:18, 16:21)

სტუ: სასტარტო: დავით გურაბანიძე, რევაზ დიდია (10ქ, 5მ, 4პ, 2ჩ), ლევან გრძელიძე (15ქ, 3მ), რიჩარდ მათიაშვილი (11ქ, 15მ, 3პ), ავთანდილ ლომინაშვილი (8ქ, 6მ, 2პ). შემცვლელები: ზვიად ანთაძე (14ქ, 6მ), ნოდარ გოგოძე (2ქ, 1მ, 1პ), ბექა ჯიქია (2ქ), გიორგი ცირეკიძე (2ქ, 4მ), ირაკლი ალხანაიძე (9ქ, 6მ). განაცხადში იყვნენ: ლევან იოსებაშვილი, საბა ლობჯანიძე.

0.097726