ფეხბურთი

21:52 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტროოტმანის საბედისწერო ტრავმა

 

“ნაპოლისა” და “რომას” გუშინდელი მატჩის მეთორმეტე წუთზე დედაქალაქელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროოტმანმა “სან პაოლოს” მინდორი ტრავმის გამო დატოვა. დღევანდელმა გამოკვლევამ კი ფეხბურთელი, მისი კლუბი და ნაკრები საგონებელში ჩააგდო – სტროოტმანს მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი, ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მინიმუმ 6 თვით ფეხბურთს ჩამოშორდება.

“მომხდარი და ექიმთა დიაგნოზი კევინისთვის შოკისმომგვრელია. სტროოტმანი “რომასა” და ჩვენი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. მან დიდი როლი შეასრულა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის. სამწუხაროა, ბრაზილიაში რომ ვერ გაემგზავრება”, - დანანებით ამბობს ნარინჯისფერთა თავკაცი ლუის ვან გაალი.

თანანაკრებელისადმი მხარდაჭერა “მილანის” წევრმა ნაიჯელ დე იონგმაც გამოთქვა: “საწყენია, მუნდიალზე სტროოტმანის გარეშე რომ მოგვიწევს თამაში. კევინ, გამაგრდი, დროზე გამოჯანმრთელდი, პარტნიორები შენ დაბრუნებას ველით”.

კევინ სტროოტმანმა მიმდინარე სეზონში “რომას” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.110633