სამანტა სტოზურმა ჩარლსტონის 700-ათასდოლარიანი თიხნარობის ფინალში ვერა ზვანარიოვა შემუსრა და კარიერის მეორე ტიტული მოიხვეჭა.
26 წლის ავსტრალიელმა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილი უპყრია, 1 წლით უმცროს და 11 ადგილით ქვემდგომ რუს მეტოქეს 6:0 6:3 სძლია.
ეს მათი მე-7 დაპირისპირება იყო და სტოზურმა ზვანარიოვას მიჯრითაც და ჯამშიც მეხუთე მარცხი აგემა.
ავსტრალიელი მეჩოგნე, რომელსაც უფრო მეტი წარმატებისთვის წყვილთა შორის მიუღწევია და იქ 22 ტიტულიც მოუნაგრავს, ერთეულებში თავის პირველ ჯილდოს შარშან, ოსაკაში დაეუფლა.
ჩარლსტონში გაჩემპიონების წყალობით ის მომავალი კვირიდან რეიტინგში მე-10 საფეხურს დაიკავებს.
რაც შეეხება ბარსელონის 220-ათასდოლარიანი თიხნარობის ფინალს, მასში 30 წელს მიტანებულმა იტალიელმა ფრანჩესკა სკიავონემ 3 წლით უმცროსი თანამემამულე რობერტა ვინჩი დაჯაბნა 6:1 6:1 და კარიერის მე-3 ტიტული მოიპოვა.







