„სკაი სპორტზე“ გამოქვეყნებულ მასალაში, „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი, კლუბის ლიდერ უილ ჰიუზსა და კლუბის სამომავლო მიზნებზე საუბრობს.
მაკლარენს კარგად ესმის, რომ „დერბი ქაუნთი“, რაღაც ეტაპზე, იძულებული იქნება გაყიდოს ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი უილ ჰიუზი. სააგენტოს ცნობით, პრმიერლიგის კლუბები ინტენსიურად აკვირდებიან ინგლისელი ტალანტის განვითარების პროცესს.მოსალოდნელია, რომ სატრანსფერო მოლაპარაკებები იანვრის თვეში განახლდეს. გასულ სეზონში, მის მიმართ ინტერესს არა მარტო ინგლისური, არამედ სხვა ევროპული კლუბებიც იჩენდნენ - მაგალითად, „ბარსელონა“.
მაკლარენი, რომელმაც „ფრაიდ პარკზე“ მწვრთნელობა მემკვიდრეობით მიიღო ნაიჯელ კლაფისგან, აღიარებს, რომ დადგება დრო, როდესაც შეუძლებელი გახდება ჰიუზისადმი ინტერესის გაქარწყლება, მაგრამ იმედოვნებს, რომ „დერბის“ გამოადგებიან კლუბის აკადემიის აღზრდილები: „ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები,რომლებიც მოახერხებენ მის შეცვლას“, - აცხადებს ის.
„ლიდსთან“ გამარჯვების შემდეგ,რომელშიც ჰიუზმა გოლის გატანა მოახერხა, მაკლარენმა შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ჩვენთვის მთავარია, დავრწმუნდეთ ჰიუზის ძალებში, რომ მას შეუძლია თანდათანობითი განვითარება და კლასის ამაღლება.
ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები,რომლებიც მოახერხებენ მის შეცვლას და იმედი მაქვს, აკადემიაში გამოჩნდებიან ჰიუზის ღირსეული შემცვლელები“.
დასასრულს, მწვრთნელმა ჰიუზის გარდა, კლუბის მიზნებზეც ისაუბრა: ,,მე არ ვიცი ჩვენი ზუსტი ბიუჯეტი, მაგრამ გვჭირდება თავმჯდომარისა და გულშემატკივრების გაოცება, ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ ფინანსურად და არ გვინდა ამას ხელი შევუშალოთ, უნდა გავაუმჯობესოთ გუნდი და შემადგენლობა, გვჭირდება გაძლიერება, თუ გვინდა პრეტენზია გვქონდეს ფლეი-ოფის ზონაზე''.
აქვე დავამატებთ, უილ ჰიუზი, დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში იმყოფებოდა ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად.მაშინ, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, ბრიტანელები გიორგი პაპუნაშვილის მიერ ბოლო დამატებულ წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.
დიმიტრი შარიქაძე