დღეს იშვიათად თუ ნახავთ ფორმულა 1-ის საქმეებში ჩახედულ ადამიანს, ან მოქმედ მრბოლს, რომელსაც ახალი ტექნიკური რეგლამენტი შეიძლება მოსწონდეს. ლამის ყველა ერთხმად ლაპარაკობს იმაზე, რომ დიდი პრიზების ცირკი თანდათან ემსგავსება შოუს, შორდება სპორტულ სულისკვეთებას და მრბოლის შესაძლებლობები თანდათან მეორეხარისხოვანი ხდება.
მაგრამ არის ერთი ავტორიტეტული ადამიანი, რომელსაც ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული აზრი აქვს და ეს ადამიანი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით სერ სტირლინგ მოსია. ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ბევრ ჩემპიონზე მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.
ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი თვლიან, რომ ახალი რეგლამენტი კიდევ უფრო წინ სწევს რბოლებში მანქანის როლს, პილოტი კი თანდატან დამხმარე საშუალებად გარდაიქმნება. თუმცა მოსი ასე არ ფიქრობს. პირიქით, ის თვლის, რომ ეს რეგლამენტი, რბოლებისას პილოტის შესაძლებლობებს და როლს წინ სწევს, მანქანა კი მხოლოდ საშუალებაა.
„ყველაფერი მრბოლზეა დამოკიდებული. მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, სჭირდება თუ არა კერს-ი და როდის უნდა გამოიყენოს ის. იგივე ითქმის რეგულირებად ფრთაზე და სხვა საშუალებებზეც. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საუკეთესო სეზონს ველი. დიდი ხანია, რბოლები საინტერესო სანახაობად რჩება, მაგრამ ხშირად მათ დაძაბულობა აკლია“ - ამბობს მოსი და დასძენს:
„შარშანაც ასე იყო. ძალიან საინტერესო სეზონი გამოვიდა, მაგრამ სასიამოვნო საცქერი - არა. მაგრამ ახალ სეზონში, რბოლების სანახაობრიობაც გაუმჯობესდება. იმდენი სიახლე შემოიღეს, რომ პილოტის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს ძალიან კარგია. თანაც, ჯერაც არავინ იცის, რბოლისას როგორ იმუშავებს „პირელის“ საბურავები. ამას კი, დიდი მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, განსაკუთრებული სეზონის მოლოდინში ვარ“.
მოსმა ასევე ილაპარაკა მიხაელ შუმახერის მეორე კარიერაზე. მისი თქმით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შეცდა, როცა სპორტს დაუბრუნდა: „ვფიქრობ, დაბრუნება შეცდომა იყო. მან მოტორსპორტში დიდი საქმე გააკეთა. სხვა თუ არაფერი, „ფერარი“ მწვერვალებს დაუბრუნა. მაგრამ ამჯერად, ძალიან გაუჭირდება. ძალიან გაუმართლებს, თუ ერთხელ მაინც შეძლებს კვარცხლბეკზე ასვლას“.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ







