ძიუდო

11:08 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტარტზე მარტო ლიპარტელიანმა იმარჯვა

 

ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ტატამზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სამი წევრი გავიდა და მათგან ორმა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი პირველსავე წრეში დაკარგა. სეზონის უმთავრესი ტურნირი გამარჯვებით მხოლოდ ვარლამ ლიპარტელიანმა გახსნა.

90 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის ქართველი ლიდერი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ესტონელ ალექსანდრ მარმელიუკს 53 წამში შეუსრულა იპონი.

ამავე წონაში კიმონო ნაკრების დებიუტანტმა, 18 წლის ბექა ღვინიაშვილმაც მოირგო, მაგრამ რუს კირილ ვოპროსოვთან შეხვედრაში 31-ე წამზე დავარდა ბეჭებზე. საქართველოს ქალთა ნაკრების ნატურალიზებულ წევრ ესტერ სტამისთვის (70 კგ) კი დაუძლეველი ბარიერი ავსტრიელი ბერნარდეტ გრაფი აღმოჩნდა.

ვარლამ ლიპარტელიანი მორიგ შეხვედრას ლიტველ კაროლის ბაუზასთან გამართავს.

0.118906