ბლოგი

13:30 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტადიონების მოოხრება ქართულად

ნამდვილად არ მსურს საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ და არც იმის სურვილი მაქვს, რომ მრავალგზის ღვინონასვამ ქართველობას ნაბახუსევობიდან გამოსასვლელ საშუალებად მოვევლინო, მაგრამ გული არ მიშვებს, რომ ბოლო დროს თბილისში და არამხოლოდ თბილისში მიმდინარე სამწუხარო ტენდენციაზე არ დავწერო ორი სიტყვა. ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოში ”წერე და იკითხეს” საზარელი ტრადიცია კვლავ ფესვგაუხმობელია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ვთქვათ და სინდისმა კიდევ იქნებ იმ ადამიანებამდეც, მიაღწიოს, ვისაც ასეთი პრობლემებისათვის ელემენტარულად ყურადღების მიქცევა ევალება.

ალბათ უმეტესობა საკუთარი თვალით ხედავთ და ვინც ვერ ხედავთ ახლა მაინც გაიგებთ, რომ წლების მანძილზე თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში აშენებული მინი-სტადიონები უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ნადგურდება და მათ ადგილებს ”ტრადიციულად” ავტოფარეხები და სხვა ტიპის ნაგებობები იკავებენ. მაგალითად, ვერის პარკში მდებარე ძველი და ცნობილი სტადიონი სულ ცოტა ხნის წინ ავტოსადგომად გადააკეთეს და იქ, სადაც ბავშვები უნდა თამაშობდნენ, დღეს სხვადახვა მარკის ავტომანქანებია ჩამომდგარი.

ამ თემით დაინტერესების შემდეგ, სულ მარტივად გამოვარკვიეთ, რომ თბილისის რამდენიმე უბანში, ცოტა ხნის წინ აშენებული სტადიონები ან უკვე ბოლომდე მოისპო, ანდა ახლა მიზანმიმართულად ხდება მათი განადგურება ან ფუნქციის შეცვლა. ამ საძაგლობაზე კი სამწუხაროდ მერია, ცენტრალური ხელისუფლება და რაც ყველაზე მთავარია – სპორტის სამინისტრო ტრადიციულად დუმს!

საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ რომელ პოლიტიკურ გუნდს განეკუთვნება და ვინ ვის რა წამოაძახა. ალბათ მოვიდა დრო იმისა, რომ ასეთი ფაქტები მინიმუმ გავაპროტესტოთ და ის მაინც მოვითხოვოთ, რომ ჩვენს შვილებს ელემენტარული სპორტული გარემო ჰქონდეთ და ბურთის გორება ჩვენსავით ასფალტზე და ბეტონზე არ მოუწიოთ. ზოგი ალბათ იმასაც იტყვის, ადრე შეიძლება საერთოდ არ იყო ამდენი სტადიონი, მაგრამ უფრო კარგი თაობები იზრდებოდნენო, მაგრამ ეს ხალხი პირველ ყოვლისა იმას არ ითვალისწინებს, რომ მაშინ, როდესაც ქართველი ბავშვები ასფალტზე დარბოდნენ, ბრაზილიელ ფეხბურთელები მტვრიან ქუჩებში და პლაჟებზე აგორებდნენ ბურთს და ბევრ მათგან ფეხსაცმელი სრულწლოვანებამდე არც კი სცმია. ახლა კი სხვა დროა. ბრაზილია უკვე განვითარებული ქვეყანაა და თანამედროვე ბავშვებს ნუ ვაიძულებთ დაბრუნდნენ იმ დროში, როდესაც ზარმაცი მაგრამ ნიჭიერი ადამიანები კარგ ხალხად ითვლებოდნენ.

უკვე წინასწარ ვბრაზდები იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მინი-სტადიონების ჩაოხრების თემის წინ წამოწევას. პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი დაიწყებენ ერთმანეთზე ყველაფერის გადაბრალებას. წავა გულისამრევი ტერმინები: ”აქამდე სად იყავით?”, ”9 წელი”, “მოღალატეებო!”, “გამყიდველებო!”, “უსაქმურებო” და სხვა და სხვა... ეს მინგრეული სტადიონები კი, როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღსდგეს ან მათ ადგილზე უკეთესი აშენდეს, როდესაც აღარ დავამყარებთ იმედს არც ერთ, (ხაზასმით ვამბობ - არც ერთ!) პარტიაზე და მოვითხოვთ იმას, რაც ისედაც გვეკუთვნის. ამ შემთხვევაში რა გვეკუთვნის? ჩამოვთვალოთ:

  1. სიმართლის დადგენა, რატომ ისპობა სტადიონები და პასუხისგება ყველასი, ვინც ეს დაუშვა.
  2. მოთხოვნა, რომ გამჭვირვალე იყოს სახსრები, როგორ აშენდა ეს სტადიონები და თუკი შეკეთებას დაიწყებენ (ღმერთმა ქნას რომ დაიწყონ) რეკონსტრუქციის თანხების სრული გამჭვირვალებაც.
  3. სპორტის სამინისტროს ძილიდან გამოღვიძება და მსგავს ფაქტებზე სწრაფი რეაგირება.
  4. საქართველის ხელისუფლების (ხელისუფლების ყველა შტოს) ოფიციალური პირობა, რომ მსგავსი საძაგლობები ძირშივე იქნება აღკვეთილი.

ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რისი მოთხოვნაც აი ახლავე, ამ წუთიდანვე შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რომ ჩვენმა შვილებმა ქვეყანაში იცხოვრონ და არა გაურკვეველ წარმონაქმნში, სადაც ყველაფერი მავანთა ბოღმითა და ზიზღით კეთდება ან ფუჭდება. ეს ქვეყანა მართლა ჩვენია და მივხედოთ იმას, რაც ჩვენია!

0.121382