პირველი საპლეიოფო შეხვედრა ქუთაისში უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საკალათბურთო კლუბმა “სოხუმმა”, რომლის წევრებსაც რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღიათ, რომელთაც გუნდის წამყვანი მოთამაშეები დაკარგეს, მისთვის ტრადიციულად ყველაზე უხერხულ მეტოქეს “ქუთაისს” მისსავე მოედანზე დამსახურებულად მოუგო. კალათბურთის სპეციალისტთა უმრავლესობა პროგნოზირებდა რიონისპირელთა იოლ მატჩებს და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გასვლას, თუმცა პირველმა პაექრობამ გვაჩვენა, რომ სოხუმელები საბრძოლველად არიან განწყობილნი და არაფრის დათმობას არ აპირებენ. ამასთანავე მათ დაამტკიცეს, რომ პირობების არქონის მიუხედავად, სპორტული ჟინი და მოტივაცია არ დაუკარგავთ, რითაც გაალამაზეს პლეიოფის პირველი ეტაპი.
მატჩი სტუმართა უპირატესობით, თუმცა დაახლოებით ოცწუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ქუთაისელ ქომაგთა მცირე ჯგუფმა თამაშის დაწყებამდე ე.წ. “ხლოპუშკები” გამოიყენა, რის გამოც შეხვედრის დაწყება დაგვიანდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ქმედება არ განხორციელებულა “ქუთაისის” ფან-კლუბის წევრების ტრიბუნიდან. სოხუმელებმა თავიდანვე შედეგიანად შეუტიეს სამქულიანის პერიმეტრიდან და მთელი პერიოდის განმავლობაში ძირთადად წინ იყვნენ, თუმცა რამდენიმეჯერ ქუთათურებმაც შეძლეს მეტოქეზე გადასწრება, მაგრამ დროებით. სტუმართაგან დროის ამ მონაკვეთში ქადარია და დეკანოიძე უნდა გამოვარჩიოთ. პირველი ფაქტობრივად ორივე ფარზე დომინირებდა, ხოლო მეორემ საკუთარი შეტევის ბოლო წამზე შეძლო შედეგიანად “გასროლა”. ქუთაისელთაგან პირველ პერიოდში ზაურ ფაშაევის თამაში უნდა გამოიყოს, რომელმაც საწყისს ათწუთეულში 11 ქულის დაგროვება მოახერხა. მასპინძელთა ლეგიონერს ყველაზე მეტად მხარს რევაზ დიდია უბამდა, “ქუთაისმა” კი პერიოდი 21:23 წააგო.
მეორე მეოთხედში ყველაზე გამორჩეული სოხუმელთა უკანახაზელი ირაკლი ჩლაიძე გახლდათ, რომელმაც თავისი შესვლებით და ზუსტი სროლებით მოწინააღმდეგის მცველებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. მას ასევე მხარი ჩინებულად აუბა გრიგოლ შვანგირაძემ, რომელმაც ზედიზედ სამჯერ განახორციელა სამქულიანი დისტანციიდან ზუსტი ტყორცნა. სოხუმელთა კარგ თამაშს დაემატა მასპინძელთა არაზუსტი და უიღბლო თამაშიც, რისი წყალობითაც სტუმრები ანგარიშს ზრდიდნენ და ტაიმი 32:44 დასრულდა სოხუმელთა სასარგებლოდ.
მესამე პერიოდის დასაწყისი ისევ სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. ერთი მომენტი მათი უპირატესობა 21 ქულამდე ავიდა – 39:60. საოცარი სიზუსტით განაგრძობდნენ სტუმართა კალათბურთელები შორეულ ტყორცნებს. ქუთაისელთა ქომაგებისაგან გამხნევებულმა მასპინძლებმა პერიოდის მიწურულს 8:0 გაქცევა და სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა სოხუმელთა ლიდერობა ამჯერად ბექა ბექაურმა იკისრა, რომელმაც თანაგუნდელთა მსგავსად სამქულიანიდან შეძლო ზუსტი ტყორცნა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი ტაბლოზე ანგარიში 49:63 იყო “სოხუმის” სასარგებლოდ.
ბოლო პერიოდის პირველ ნაწილში ქუთათურები გარდაიქმნენ და ის კალათბურთი ითამაშეს, რომელსაც მოელოდნენ მათი ქომაგები. რევაზ დიდიას, აკაკი დვალიშვილის, ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძის და გიორგი ცეკვავას შედეგიანი თამაშის წყალობით რიონისპირელებმა ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს – 64:69. მატჩის დასრულებამდე საკმაო დრო რჩებოდა და ქუთათურებს გაუჩნდათ შანსი, რათა პირველი საპლეიოფო პაექრობა თავიანთ სასარგებლოდ გადაეწყვიტათ, მაგრამ ისევ ჩინებულად გაისარჯა ბექაური, რომელმაც ამჯერადაც სამქულიანიდან გაზარდა საკუთარი გუნდის უპირატესობა. ამის შემდეგ მასპინძლებს რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდათ შორიდან დაელაშქრათ მოწინააღმდეგის კალათი. მათგან მხოლოდ ერთხელ აკაკი დვალიშვილმა იხეირა. პაექრობის დასკვნით ნაწილში კი ზედიზედ ექვსი ქულა საკუთარ კლუბს სოხუმელმა რატი ბააკაშვილმა მოუტანა, რომელმაც ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 67:78 დააფიქსირა “სოხუმის” სასარგებლოდ.
დასასრულს უნდა ითქვას, რომ პირველი მატჩი “სოხუმმა” ღირსეულად მოიგო. ყველა საკალათბურთო ასპექტში სოხუმელებმა აჯობეს მოწინააღმდეგეს. მათ რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა ათი და მეტი ქულა, ხოლო სამმა მათგანმა ბააკაშვილმა(10 ქ, 10 პ), ქადარიამ(10ქ, 10 მ) და ბექაურმა(15ქ, 14მ) ორმაგი დუბლი გაახერხა. ორმაგი დუბლის შესრულება ქუთასელთაგან ვერავინ შეძლო, ყველაზე ახლოს კი მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ზაურ ფაშაევი გახლდათ (20ქ, 9პ). აქვე ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ “სოხუმმა” “ქუთაისს” ეროვნულ პირველობებზე პირველად სძლია.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები