18-19 ნოემბერს, სპორტის სასახლის არენაზე საჭიდაო ტატამები გაიშლება და ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ქალაქის უმთავრეს დარბაზს შიდა პირველობისთვის დიდი ხანია, არ უმასპინძლია. ძიუდოისტები შედარებით პატარა დარბაზებს ირჩევდნენ ხოლმე და ეს გადაწყვეტილება ხშირად შიდა პირველობას ცუდ სამსახურს უწევდა. ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, არაორგანიზებულობისა და აურზაურების დრო წარსულს ჩაბარდა ხვალ-ზეგ სპორტის სასახლეში გასამართი შეჯიბრი წინამორბედთაგან გამორჩეული იქნება.
უნდა გამოვლინდეს ბირთვი, რომელიც 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოსახვედრად იბრძოლებს. ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელებმა თავიდანვე მკაცრად დასვეს საკითხი, რომ შიდა კონკურენციაში მონაწილეობა ნაკრების ყველა სახელიანმა ძიუდოისტმა უნდა მიიღოს. ისიც ითქვა, ურჩებს ნაკრებიდან მოკვეთა არ ასცდებათო. ჯერ კიდევ გუშინ, დიღმის ძიუდოს აკადემიაში გამოკრული წინასაჩემპიონატო განაცხადიც ისეთი იყო, ამ გადაწყვეტილების მიმღებთ უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გასჩენოდათ. ოპტიმალურ სიას მხოლოდ ორი ტრავმირებული აკლდა – ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ).
დღეს ნაშუადღევს, ძიუდოს აკადემიაში კენჭისყრა შედგა და დანაკლისი კიდევ ორი სახელიანი სპორტსმენით გაიზარდა. საქართველოს ჩემპიონატს ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაურიც (81 კგ) დააკლდებიან.
ჯერ კიდევ კენჭისყრის წინა დღეს გავრცელდა ხმა, რომ ამ ორ ძიუდოისტს შეიძლებოდა მომავალი შეჯიბრი გამოეტოვებინათ. წიკლაურის თაობაზე ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს წევრმა გურამ მოდებაძემაც განუცხადა “მსოფლიო სპორტს”, რომ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა ლევანმა ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა და შესაძლოა, სპორტის სასახლის ტატამზე გასვლა ვერ შეძლოსო. კედელაშვილზე კი განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ზაზა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლას აპირებდა.
კენჭისყრის დაწყებისას, მოდებაძემ ზაზა კედელაშვილი სხვა შეგირდით ჩაანაცვლა, “მსოფლიო სპორტს” კი განუცხადა, სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ფეხი იტკინა და სიიდან მისი ამოღება დაგვჭირდაო.
გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სოსო ლიპარტელიანის მიერ გაკეთებული კომენტარი:
“წიკლაურს მართლაც აწუხებს ტრავმა და დღეს ამის დამადასტურებელი ცნობაც მოიტანა ფედერაციაში. კედელაშვილის შესახებ კი გურამ მოდებაძემ მითხრა, ოჯახს ქმნის, ხვალ ნიშნობა აქვს და ვერ იჭიდავებსო. ტრავმა არაფერ შუაშია და არც უხსენებია. სამწუხაროა, რომ ზაზამ ნაკრებში მოსახვედრ კონკურენციაში ჩართვაზე უარი თქვა. არადა ახლახან პირადად ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ, რომ თავის წონას - 66 კილოგრამს დაუბრუნდებოდა, ოღონდ გავითვალისწინე, რომ საკმაოდ ბევრი ჰქონდა დასაკლები და ამ ერთ შეჯიბრზე 73-ში ჭიდაობის ნება დავრთე. ერთხელაც გავიმეორებ უკვე უამრავჯერ ნათქვამს - ვინც ეროვნულ პირველობაზე არ იჭიდავებს, ის ვერც ნაკრებში მოხვდება” – განაცხადა ლიპარტელიანმა.
ისევ საორგანიზაციო მხარეს მივუბრუნდეთ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, მომავალ ჩემპიონატზე უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სამსახური მიხედავს და ამ მხრივ წლევანდელი შეჯიბრი წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით მაღალ დონეზე ჩატარდება. ამჯერად, დისციპლინის დამრღვევთა დასაოკებლად გაცილებით მკაცრ ზომებს უნდა ველოდოთ. თუმც, ასეთი თადარიგის დაჭერამ ეგებ შედეგი თავშივე გამოიღოს და მსაჯების გადაწყვეტილებით თუ თავიანთი სპორტსმენის მარცხით განრისხებულმა გულშემატკივრებმა საქმის გასარჩევად ტატამზე გადასვლას, დარბაზს გაცლა ამჯობინონ.
ნებით თუ უნებლიედ, ქართველი მსაჯები მართლაც საკმაოდ ხშირად სცოდავენ და ფედერაციამ ამ პრობლემის მოგვარებაზეც იზრუნა. ჩემპიონატს ძიუდოს ევროპის კავშირის ორი კომისარი მოემსახურება. სლოვაკმა მარიან ჰეპკამ შარშან, ქუთაისში ჩატარებულ ჩემპიონატსაც უზედამხედველა. წლეულს კი მასთან ერთად, თითოეული შეხვედრის ობიექტურობაზე ბელგიელი ფრანკ დე მოორი იზრუნებს.
სიახლეა ისიც, რომ წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ამჯერად კენჭისყრა განთესვით ჩატარდა. ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაცისგან მიიღო სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელმაც შვიდივე წონით კატეგორიაში, ნაკრების მწვრთნელთა შტაბის მიერ დასახელებული რვა-რვა რჩეული სპორტსმენი სატურნირო ბადეში ისე განთესა, რომ ერთმანეთს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდნენ. ასევე თანაბრად განთესეს ერთი რეგიონის ძიუდოისტები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისვე პროგრამით იმუშავებს ელექტროტაბლოებიც, რომლებზეც ტატამზე მიმდინარე მოვლენები დეტალურად იქნება გადმოცემული.
საქართველოს ჩემპიონატს წინ რეგიონალური პირველობები უძღვოდა და ძირითადი ბადეები 13 რეგიონის ძიუდოისტებმა მათთვის წინასწარვე გამოყოფილი ქვოტებით შეავსეს, თუმცა გამონაკლისები მაინც მოხდა. რამდენიმე ცნობილმა სპორტსმენმა რეგიონალური ჩემპიონატი ამა თუ იმ მიზეზის გამო გამოტოვა. მწვრთნელებმა ზოგიერთი მათგანით საგზურის მომგები სპორტსმენი ავტომატურად ჩაანაცვლა. იყო შემთხვევები, ამ მიზეზის გამო თავიანთი წარმომადგენლები სხვა რეგიონებს ათხოვეს. რამდენიმე წონაში კი საქართველოს ჩემპიონატი სულაც, შესარჩევი რეგიონალური შეხვედრით გაიხსნება. ძირითად ბადეში მოსახვედრად ნულოვანი ეტაპის გავლა უშანგი კუზანაშვილსა (60 კგ) და შარშანდელი ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან მინდია ბოდაველსაც (90 კგ) მოუწევს, რომლებიც თავიანთი რეგიონის ჩემპიონატებს სამბოს მსოფლიოს პირველობის გამო დააკლდნენ.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც - ჩემპიონატზე ახალ ამპლუაში წარსდგება დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. მან აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. საქართველოს პირველობის წინ სწორედ ზვიადაურის ზედამხედველობით მოემზადნენ შმაგი ლაგაზაური (66 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ).
საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის შეხვედრები ორივე დღეს დილის 11:00 საათზე დაიწყება, რეპეშაჟის და ძირითადი ფინალები 17:00 საათისთვის იგეგმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. 18 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გამოვლინდებიან, 19 ნოემბერს კი მედლები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდება.
საქართველოს ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.
ოთარ მაღლაკელიძე







