ფეხბურთი

16:14 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტროს პოზიცია: “სახელმწიფოს დაუსაბუთებელ პროექტს არ მივცემთ”

სპორტისა და ახალაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და მისმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, მასმედიასთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებაში ფული რომ ჩადოს, დასაბუთებული პროექტის წარდგენაა საჭირო. 

ლევან ყიფიანი: “ჩვენ ვცდილობთ გახსნილები ვიყოთ და თუ აქამდე რაიმე დავაკელით და მედიას ინფორმაცია არ მივაწოდეთ, ახლა მივაწოდოთ. გვსურს ღია ატმოსფეროში განვავრცოთ თემა და ყველამ თავისი ხედვა წარმოგვიდგინოს. ყველაზე დადებითი რაც ამ ბოლოდროინდელ “აყალ-მაყალში” გამოჩნდა, ის იყო, რომ შეიქმნა პროექტების დადების პრეცენდენტი. ასეთი რამ განვლილი 24 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ჩვენ არ ვცდილობთ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მივიღოთ, არამედ, გვინდა სწორ ფორმულირებას მივაგნოთ. ფეხბურთის ფედერაციას. “დინამოს”, “ზესტაფონს”, მიშა ყაველაშვილს აქვთ თავისი ხედვა. ჩვენ პროექტს პრეტენზია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე არ აქვს. საუბარი გვქონდა როგორც ფედერაციასთან, ასევე, კლუბებთან თუ რას ემყარება ეს მოდელი რომელსაც წარმოგიდგენთ. ეს საბოლოო ვერსია არაა.

ქართული ფეხბურთის დამახასიათებელი პრობლემებია: სტრატეგიის არქონა, სახელმწიფო პროგრამის არარსებობა, მიზნობრივი პროგრამების არარსებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კატასტროფული მდგომარეობა, ეროვნულ, ასაკობრივ და ქალთა ნაკრებებში შედეგები არქონა, ბავშთა ფეხბურთის დაბალი დაფინანსება, ბავშვთა მწვრთნელების დაბალი ხელფასები, ფეხბურთელთა დაზღვევის სისტემის არარსებობა, ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამის არარსებობა, ფეხბურთის მასობრიობის არარსებობა. სწორედ, ესაა პრობლემები და არა თითიდან გამოწოვილი 16-გუნდიანი ჩემპიონატი.

2007 წელს ოფიციალური მონაცემებით 24000 რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო. თუ საქართველოს მოსახლეობას 4 მილიონია, ფეხბურთელთა რაოდენობა 0,6 პროცენტია. 2014 წლის მონაცემით 17000 ფეხბურთელია, მაგრამ ეს ციფრი გადამოწმებას მოითხოვს. ამ ფონზე კი, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის სურვილი აქვთ. როდესაც შვეიცარია უმაღლეს და პირველ ლიგებში გუნდების რაოდენობას 10-მდე ამცირებს, ჩვენთან პირველ ლიგაში 27 გუნდია.

ჩვენი სურვილია, რომ შევქმნათ განვითარების ერთიანი სტრატეგია, რომელიც ბავშთა ფეხბურთით დაწყებული უმაღლეს ლიგასა და ნაკრებებს მოიცავს. არავითარი ცალკე უმაღლესი და პირველი ლიგის განვითარება. საფეხბურთო პირამიდა მასობრივი ფეხბურთით იწყება და პროფესიონალური ფეხბურთით მთავრდება. ჩვენი ქვეყანა ნიჭიერი ფეხბურთელების გამფლანგველი ქვეყანაა. ყველა საფეხბურთო სკოლაში რამდენიმე ნიჭიერი ბავშვია. ასეთი ტერმინი, რომ ფეხბურთელი არ იზრდება, მსოფლიოში არსად არ არსებობს. დღეს, ბავშების შერჩევისა და განვითარების პრობლემაა.

ჩვენი პროექტი გრძელვადიანია. ის ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასა და საფეხბურთო ინდუსტრიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კლუბები, რომლებიც სახელმწიფოდან ფინანსდებიან, დროთა განმავლობაში კერძო პირების ხელში უნდა გადავიდნენ. მინიმუ 5-წლიანი პროგრამა კლუბების კომერციალიზაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პრიორიტებებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გაკეთება, საწვრთნელი ბაზების რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რეგიონალური ფედერაციებისთვის მოედნების მშენებლობა და გადაცემა, ბავშვთა საფეხბურთო და არა მხოლოდ საფეხბურთო განათლება, საფეხბურთო აკადემიების შექმნა. სამწვრთნელო განათლება, სწავლების ხანგრძლივი პროცესი და კონტროლის მექანიზმები. მწვრთნელთა ძირითადი მასა, როგორც მთელ მსოფლიოშია, უნდა იყვნენ ისინი ვინც ფეხბურთს მაღალ დონეზე თამაშობდა და კარიერის დასრულების შემდეგ, მათი საფეხბურთო საქმიანობაში ჩართვა უნდა მოხდეს. სპორტის აკადემიას ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყველა ნაკრების განვითარება ქალთა ნაკრების ჩათვლით. 17 და 19 წლამდე ნაკრებები ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე სისტემატიურად უნდა თამაშობდნენ. ფეხბურთელების სელექცია უნდა მოხდეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში 8 ასაკობრივ კატეგორიაში. ჩემპიონატის განვითარება, უფლებამოსილების გადანაწილება ფეხბურთის ფედერაციასა და იმ ორგანოს შორის, ვინც ჩემპიონატის ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ტელეკომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა. სტადიონებზე საფეხბურთო ატმოსფეროს გაუმჯობესება. სტადიონებზე ძალადობის მაქსიმალურად აღმოფხვრა (ევროსაბჭოდან ჩამოვა კომისია, რომელის საქართველოს თასის ფინალს დაესწრება და იტყვის თუ რა უნდა გაკეტდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად). სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა”.

აკაკი ლოდია: “ჩვენი მიზანია, რომ ფეხბურთის განვითარება თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს. პრობლემა, ადგილობრი კლებებში სტრატეგიის პრაქტიკულად არარსებობაა. გვსურს, რომ კლუბებს სწორი მართვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. სამწუხაროდ, უმაღლესი ლიგის გუნდები ამ პროექტს, როგორც სოციალურს განიხილავენ. ფეხბურთი დიდი ბიზნესია. ვეთანხმები მინისტრს რომ განვითარების პროგრამა 10-წლიანი უნდა იყოს. ვერ გავექცევით იმ პრობლემას, რომ კლუბებში კრიზისია. პრობლემაა განათლებაში. ფედერაციაში ვმუშაობდი, კლუბებთან შეხება მქონდა და ვიცი რა დონის ადმინისტრირებაა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფოს დაუსაბუთებელ პროექტს არ მივცემთ. მე ნამდვილად ვერ ვურჩევ სპორტის მინისტრს, რომ პრემიერ-მინისტრს დაუსაბუთებელი პროექტი წარუდგინოს. ეს ფული არსად ჰაერში არ ჰკიდია. ის მოსაპოვებელია და დასამტკიცებელია, რომ გვეკუთვნის. ცრუ წარმოდგენა არავის არ ჰქონდეს, რომ სახელმწიფო ფულს იძლევა და უნდა გამოვართვათ. ყოველივე ექსპერტიზას გადის ფინანსთა სამინისტროში და იგივე ფინანსურ პოლიციაში. უნდა შეიქმნას კოლეგიალური მართვის ორგანო, რომელმაც იცის როგორ განკარგოს თანხა. მასში რამდენიმე ძლიერი მენეჯერი უნდა შევიდეს. ამ ქოლგის ქვეშ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდები უნდა გაერთიანდნენ. ისინი დადგენილ თამაშის წესებს უნდა დაემორჩილონ”.

მასმედიასთან შეხვედრის დროს, ყიფიანმა განაცხადა, რომ პროექტს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიაში უახლოეს ხანში წარადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში პროექტის განხორციელება წელს არ მოხდება. არამედ, იქნება გარდამავალი პერიოდი, როდესაც უმაღლეს და პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა არსებული პროექტის მიხედვით განისაზღვრება, რის შემდეგ, პროგრამაც ამოქმედდება.

ლოდიამ ისიც თქვა, რომ 3-4 ხელოვნურსაფარიანი მოედნის გაკეთება იგეგმება, მაგრამ სატენდერო პირობები მათთვის მიუღებელია, რადგან არ ხდება ყველა საჭირო ნორმის დაცვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რაც ტენდერშია ჩადებული ასეთი სახით თუ გაკეთდა მოედნები, ერთ თვეში იქ ტერასები იქნება. ამიტომ, სამინისტრო აპირებს, რომ შესაბამის ორგანოებს მიმართოს, რათა ეს ტენდერი გაუქმდეს.

0.117138