სხვა

17:32 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრომ და სეოკ-მა თანამშრომლობა გააოფიციალურეს

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უმთავრესი მიზანი საქართველოში ოლიმპიური მოძრაობისა და ოლიმპიური სახეობების შემდგომი განვითარებაა. ასევე, ნანჯინგის 2014 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, პირველი ევროპული თამაშების - ბაქო-2015-ის სალიცენზიო ტურნირებისათვის, ავსტრია-ლიხტენშტაინი-2015-ის ზამთრისა და თბილისი-2015-ის ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალებისათვის სათანადოდ მომზადება.

ლევან ყიფიანმა და ლერი ხაბელოვმა აღნიშნეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აქამდეც აქტიურად თანამშრომლობენ, მაგრამ ეს მემორანდუმი და ურთიერთობის გამყარება ქართული სპორტის წინსვლას ემსახურება. მომავალში შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობა სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც მიიღეს.

0.117437