ფეხბურთი

23:14 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” “მერანი” პირველ ლიგაში გაისტუმრა

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში, ცხინვალის “სპარტაკი” “მიხეილ მესხზე” მარტვილის “მერანს” დაუხვდა და უქულოდ დატოვა. ამ მარცხით, შალვა ღონღაძის გუნდმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა – მარტვილელები მომდევნო სეზონიდან პირველ ლიგაში ითამაშებენ.

მატჩის ძირითადი ნაწილი ძალზე დაბალ ტემპში წარიმართა. საწყის წუთებში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ სწრაფი გოლი მაინც გავიდა – ირაკლი ეხვაია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ცხინვალელები წინ გაიყვანა – 1:0. რამდენიმე წუთში, “სპარტაკის” უკანახაზელმა ლევან კაკუბავამ შორი მანძილიდან დაჰკრა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.

მატჩში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა და კარში დარტყმებიც კი სანატრელი იყო. ცხინვალელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შიგა და შიგ, შორეულ დარტყმებს ახორციელებდნენ.

35-ე წუთზე, “სპარტაკის” ნახევარმცველი გიორგი ცერცვაძე მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს გადააცილა. ტაიმის დასრულებამდე წამებით ადრე ეხვაია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და თავისი შანსი ამჯერადაც გამოიყენა – 2:0.

ამ გოლმა დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი. მეორე ტაიმში “მერანს” არც დიდი მონდომება ეტყობოდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ღონღაძის შეგირდები მარცხს შეგუებული იყვნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მეტნაკლებად სახიფათო მომენტები მაინც შექმნეს – ჯერ რაფაელ ჩუკვურანმა ააცილა კარს, შემდეგ კი, ჯემალ გაბუნიას დარტყმული ბურთი მოიგერია ცხინვალელთა კარის დარაჯმა გიორგი ნადირაძემ.

ცხინვალელებმა სათამაშო უპირატესობა მალევე დაიბრუნეს და მეტოქეს პერიოდულად აწუხებდნენ. ჰეთ-თრიქის შანსი ჰქონდა ეხვაიას, რომელიც თავური დარტყმით ცდილობდა ანგარიშის გაზრდას, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. თავის გამოჩენა შეეძლო “სპარტაკის” შემტევ თორნიკე თუხარელსაც, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ უკუაგდო.

ასე იყო თუ ისე, ცხინვალელებმა 2:0 იმარჯვეს და მარტვილელებს პირველი ლიგის საგზური “გაუფორმეს”.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – მერანი (მარტვილი) 2:0 (2:0)

2 მაისი. “მიხეილ მესხი”. თბილისი.

სპარტაკი: ნადირაძე, ეხვაია (გაბაშვილი 88), შონია, იოსელიანი, მგელაძე, თექთურმანიძე (მაქაცარია 82), კაკუბავა, ცერცვაძე, პარუნაშვილი, ხიზანეიშვილი (ტყემალაძე 87), თუხარელი,

მწვრთნელი: კახი კაჭარავა

მერანი: ბეგაშვილი, მელიავა, იოგაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯოჯუა, ბაბუნაშვილი (ციცხვაია 66), გეგეჭკორი (ჯღამაია 78), ფონიავა, ჩუკვურანი (დეკანოსიძე 84), კუჭუხიძე.

მწვრთნელი: შალვა ღონღაძე

გოლი: 1:0 ეხვაია (10), 2:0 ეხვაია (45)

გაფრთხილება: ხუბუა (32), ხიზანეიშვილი (85)

მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა

 

1.         ვიტ ჯორჯია                              29             12               6                11               38:38             42     
2. ტორპედო  29 12 6 11 33:40 42
3. დილა   29 10 8 11 40:33 38
4. სპარტაკი  29 10 4 15 30:36 34
5. ზუგდიდი 29 7 6 16 21:42 27
6. მერანი 29 6 4 19 21:54 22

 

მეგოლეები:

15 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”)

6 – გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

0.154829