საფეხბურთო კლუბ მოსკოვის “სპარტაკის” ექსკაპიტნის ეგორ ტიტოვის აზრით, ჯანო ანანიძემ თავისი საქციელის გამო თანაგუნდელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
“ჯანო უნდა მივიდეს და გუნდის წინაშე ბოდიში მოიხადოს. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე. ამბიცია ამბიციად, მაგრამ სეზონი მიმდინარეობს და შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ბიჭი ზამთრამდე უსაქმოდ დარჩეს. ეს მას არ წაადგება. ტრაგიკული არაფერი მომხდარა და მუშაობა უნდა გააგრძელოს. განაჩენი კი, მიღებული გაკვეთილია. იაკინმა აჩვენა, რომ ასეთი საქციელი მისთვის მიუღებელია. საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ისტორია გახმაურდა და კლუბმა განცხადება გააკეთა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, იაკინმა მოთამაშე როგორც დასაჯა, ასევე, აპატიებს. ისეთი ჭკვიან მოთამაშეებზე როგორიც ჯანოა, ხელაღებით უარის თქმა არ ღირს”, – იუწყება ტიტოვის ნათქვამს გამოცემა “სოვეტსკი სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი, “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა მურატ იაკინმა დისციპლინის დარღვევისთვის და მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დუბლშემადგენლობაში გადაიყვანა.