საბერძნეთის ნაკრების და “ოლიმპიაკოსის” ლიდერმა ვასილის სპანულისმა პირეოსულ კლუბთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კალათბურთელის აგენტმა მიშკო რაზნატოვიჩმა გაავრცელა, რომელმაც საკუთარ “ტვიტერზე” კონტრაქტზე ხელმოწერის ამსახველი ფოტოც განათავსა.
შეგახსენებთ, რომ სპანულისი “ოლიმპიაკოსის” ღირსებას გასული 3 სეზონის განმავლობაშიც იცავდა და საბერძნეთის ჩემპიონობის გარდა, ორჯერ ევროლიგაც მოიგო. ევროპულ ტურნირში ვასილისის საშუალო მონაგარი 14.7 ქულა და 2.2 მოხსნა იყო და გასაკვირი არ ყოფილა, რომ იგი ევროლიგის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ სპანულისის გადაბირება რუსულ ცსკა-ს, ესპანურ “ბარსელონას” და თურქულ “გალათასარაისაც” სურდათ, თუმცა, ბერძენმა კალათბურთელმა პირეოსელებს უერთგულა.
როგორც იცით, გასულ სეზონში “ოლიმპიაკოსის” ღირსებას ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინიც იცავდა, რომლის ბერძნულ გრანდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ახლო მომავალში გაირკვევა.