საკალათბურთო კლუბ “სოხუმს” ფინანსური სირთულეები რომ ჰქონდა, შარშან, 30 დეკემბერს გამცნეთ. ახალი წლის მიჯნაზე სოხუმელთა მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდის წარსულზეც ისაუბრა და სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. სწორედ ბატონმა ვაჟამ გააჟღერა პირველად ფართე საზოგადოებისთვის კლუბის მიერ დაგროვილი დავალიანების თაობაზე, წინა წლებში ქართული კალათბურთისა და კონკრეტულად “სოხუმისთვის” გაწეული სამსახურისთვის კლუბის მეპატრონეს მინდია გულუას მადლობა გადაუხადა და დელიკატური ფორმით 4 თვის სახელფასო ვალის დაფარვა სთხოვა. “ბატონი მინდია პატრიოტი კაცია და დარწმუნებული ვარ, “სოხუმს” შეინარჩუნებს. ეს შემადგენლობის შენარჩუნების საშუალებასაც მოგვცემს და სუპერფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ”, - გვითხრა მაშინ ვაჟა კვარაცხელიამ.
მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, საქმეს სასიკეთო პირი კი არა და არ უჩანს. არადა, “სოხუმს” საქართველოს მასშტაბით დიდი პოტენციალი რომ აქვს, ეს იანვარში ჩატარებულმა საქართველოს თასის მეოთხედფინალმაც დაადასტურა. კვარაცხელიას გუნდმა დამაჯერებლად მოუგო ორრაუნდიანი დაპირისპირება მიმდინარე სეზონში ამერიკელი ლეგიონერებით მომძლავრებულ “ბათუმს” და ნახევარფინალში გავიდა. ამ 2 პაექრობის წინ სოხუმელები მოედანზე გასვლა-არგასვლის დილემის წინაშე იდგნენ, რაც თამაშზე სასიკეთო გავლენას ნაღდად არ მოახდენდა, თუმცა, კვარაცხელიამ და მისმა შეგირდებმა მერამდენედ დაამტკიცეს კლუბისა და საქმისადმი ერთგულება. ამასთან, მათ პატივი სცეს საკუთარ საკალათბურთო ღირსებას, თბილისელ და ბათუმელ გულშემატკივარს.
მოარული ხმების თანახმად, კლუბის მეპატრონესა და პრეზიდენტს დავალიანება 31 იანვრამდე უნდა დაეფარა. ამ შემთხვევაში გუნდს სუპერლიგის მეორე წრის ჩატარების საშუალება მიეცემოდა. მაგრამ დანაპირები დანაპირებად დარჩა და გუშინ “სოხუმი” ქუთაისში... 3 მსუბუქი ავტომანქანით გაემგზავრა. ვაჟა კვარაცხელიამ მერამდენედ სცა პატივი სპორტულ პრინციპს, კვლავ გარკვეული თანხა ისესხა, კალათბურთელების (გრიგოლ შვანგირაძე, რატი ბააკაშვილი), აგრეთვე გუნდის მასაჟისტის პირადი ავტომობილების ავზები საწვავით შეავსო და მატჩის დაწყებამდე ოთხიოდე საათით ადრე გუნდმა გეზი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქისკენ აიღო.
მგზავრობას უამინდობაც დაერთო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ასპარეზობის დაწყებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ქუთაისის სპორტის სასახლეში მისული სოხუმელი კალათბურთელები. ბიჭებმა თამაში ყოველგვარი “გახურების”, მოთელვის და... მთავარი მწვრთნელის გარეშე დაიწყეს. ვაჟა კვარაცხელიამ შეხვედრის სტარტს ვერ მიასწრო და გუნდის ხელმძღვანელობას მხოლოდ პირველი პერიოდის მიწურულიდან შეუდგა. უპრიანი იქნებოდა, მატჩის დასაწყისი თუნდაც ნახევარი საათით გადაეწიათ. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისელი მაყურებელი “სოხუმს” დაგვიანების მიზეზს “საპატიოდ” ჩაუთვლიდა და სულგრძელად შეხვდებოდა ასპარეზობის სტარტის გადავადების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
აფერუმ “სოხუმის” ხასიათის სიმტკიცეს, ვაჟკაცობას ოსტატობას... მგზავრობით დაღლილმა, შემადგენლობაშესუსტებულმა გუნდმა (ტრავმების გამო ქუთაისში ჯოშუა ჯექსონი და ბექა ბექაური ვერ წავიდნენ) მატჩისთვის განკუთვნილი დროის უდიდესი ნაწილი ბრწყინვალედ ჩაატარა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა უპირატესობამ 20 ქულასაც კი უწია და რომ არა დაღლილობა და მოკლე სათადარიგოთა სკამი (გუნდმა მატჩი პრაქტიკულად 6 კალათბურთელით ჩაატარა) “სოხუმი” მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატში მეექვსე მოგებას ჩაიწერდა აქტივში. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს “ქუთაისის” წარმატებას დაუმსახურებლად ვთვლიდეთ. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის შეგირდებმა მათთვის დამახასიათებელი ხასიათის სიმტკიცე, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე პირველად გავიდნენ წინ და უპირატესობა საფინალე სირენამდე არ დაუთმიათ...
ახლა კი ჩვენ მთავარ სათქმელსაც ვიტყვით. მივმართავთ ბატონ მინდია გულუას. კიდევ ერთხელ განვმეორდებით – მას ქართული კალათბურთისთვის დიდი სამსახური აქვს გაწეული (ბიზნესმენის მიერ უანგაროთ დახარჯული მილიონნახევარი დოლარი ამის დასტურია), მაგრამ კეთილი საქმის შუა გზაზე მიტოვება გაკეთებულის წყალში გადაყრის ტოლფასია. ვაჟა კვარაცხელიამ, ირაკლი ჩლაიძემ, ვახტანგ ქადარიამ, ჯოშუა ჯექსონმა, ჯერემი საიმონზმა, პეტარ ივანიჩმა, გრიგოლ შვანგირაძემ, ბექა ბექაურმა, რატი ბააკაშვილმა, დავით დეკანოიძემ, გელა კოპალიანმა, ირაკლი გაბისონიამ, თემურ კანკიამ ბოლო თვეების განმავლობაში დაამტკიცეს, კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული, საკუთარი თავის და მაყურებლის პატივისმცემელი ღირსეული პიროვნებები რომ არიან და მათ სპორტულ და ადამიანურ ვაჟკაცურ საქციელს სათანადო დაფასება სჭირდება. კლუბის მეპატრონისგან “სათანადო დაფასებაში” კი მხოლოდ და მხოლოდ საკონტრაქტო პირობების შესრულებას ვგულისხმობთ. გვესმის, რომ ბიზნესში ჩართულ ადამიანს დროებითი ფინანსური სირთულეები შეიძლება შეექმნას, ვიმედოვნებთ, ბატონი მინდია გულუა სეზონის წინ და მისი მსვლელობისას მიცემულ სიტყვას შეასრულებს და გუნდსაც ნორმალურად ფუნქციონერების საშუალება მიეცემა...