საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 29 ნოემბერს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიემგზავრება, სადაც 10-12 დეკემბერს დიდი სლემის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა დღეს დაასახელა ის 7 სპორტსმენი, რომლებსაც ტოკიოში იახლებს.
ქართველი ძიუდოისტები სეზონის ბოლო ტურნირზე ასეთი შემადგენლობით გამოვლენ:
ბეთქილ შუკვანი (60კგ), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე - 81), ვარლამ ლიპარტელიანი (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).
როგორც ცნობილია, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბეთქილ შუკვანმა ახლახან გამართულ საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ტრავმა მიიღო და იყო საშიშროება ერთი თვე ვერ ეჭიდავა, თუმცა, როგორც “მსოფლიო სპორტს” სოსო ლიპარტელიანმა განუცხადა, შუკვანი სამ დღეში შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშს და ტოკიოს ტურნირს მზადყოფნაში შეხვდება.
მაკა თოიძე







