საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი სოსო ლიპარტელიანი საერთაშორისო დებიუტისთვის ემზადება. ორშაბათს იგი იმ ძიუდოისტებს დაასახელებს, 15-17 ოქტომბერს, როტერდამის გრან-პრიზე რომ იახლებს. ორშაბათამდე კი ნაკრების სამწვრთნელო ჯგუფსაც გამოაცხადებს. “მსოფლიო სპორტი” ლიპარტელიანს გუშინ, დიღმის ძიუდოს აკადემიაში ყველა საინტერესო საკითხზე ესაუბრა.
- როდის შემოგთავაზეს ძირითადი ნაკრების მწვრთნელობა და თუ ელოდით?
- ნამდვილად არ ველოდი. ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატზე მყავდა ახალგაზრდული ნაკრები, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, შენ კანდიდატურაზე არის საუბარიო. ჩამოვედი თუ არა, ფაქტობრივად აეროპორტშივე წარმადგინეს.
- გადაწყვეტილება თქვენც სწრაფადვე მიგიღიათ...
- დავინახე, რომ ქართულ ძიუდოში მოტრიალე ხალხი ასე თვლის საჭიროდ და უარი არ მითქვამს.
- ოფიციალურ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეთ?
- ჯერ არა. სავარაუდოდ ახლო მომავალში გავაფორმებთ და მას ვადა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბოლომდე ექნება.
- ხელშეკრულების გაფორმებისას ხომ არ აპირებთ რაიმე პირობის წამოყენებას?
- აუცილებლად მოვითხოვ, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს უცხოურ შეკრებებს. სეზონის განმავლობაში ნაკრებმა ერთობლივ წვრთნებში სასურველია სამჯერ მაინც მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა, ჭაბუკებისა და ახალგაზრდების უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლას დავაყენებ დღის წესრიგში. მათ გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ.
- ძირითად გუნდში დანიშვნამდე, დაახლოებით ერთი წელი ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავეთ. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს?
- გუნდი საერთაშორისო ტურნირებზე საკმაოდ კარგად გამოვიდა. 3-4 ოქროს მედალი თითქმის სულ ჩამოგვქონდა. ევროპის ჩემპიონატზეც შედეგიანად გამოვედით და იმედია, ეს ბიჭები თავს არც სამომავლოდ შეირცხვენენ.
- ძირითად ნაკრებს ძლიერი შევსება ეზრდება?
- ნამდვილად ასეა. კარგი თაობა მოდის. ჭაბუკებში კი იგრძნობა პრობლემები, მაგრამ საგანგაშოდ არც იქაა საქმე. მდგომარეობა გამოსწორდება. ასაკობრივი ნაკრებების სიძლიერე ძირითადი გუნდის კარგი მომავლის უმთავრესი გარანტია და ვეცდებით ეს ჯაჭვი არ დაირღვეს.
- ვხედავთ, უფროსთა ვარჯიშებში ასაკობრივი ნაკრების წევრები და კანდიდატებიც იღებენ მონაწილეობას...
- ჩემი მწვრთნელობისას სულ ასე იქნება. ახალგაზრდა ძიუდოისტებისთვის უფროსების მხარდამხარ ვარჯიში დიდი სტიმულია. გამოცდილი სპორტსმენების გვერდით უფრო იხვეწებიან. ვეცდები ახალგაზრდები მოსამზადებელ შეკრებებშიც ჩავრთო ხოლმე.
- თქვენი აზრით, როდის შეძლებენ ამჟამინდელი ახალგაზრდული ნაკრების წევრები ძირითად გუნდში დამკვიდრებას. ამ ეტაპზე თუ ძალუძთ უფროსებში წარმატებულად ჭიდაობა?
- ნამდვილად შესწევთ ძალა და ეს საქართველოს მომავალ ჩემპიონატზევე გამოჩნდება. ვფიქრობ 1-2 ახალგაზრდა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე წამსვლელ შემადგენლობაში მოსახვედრადაც სერიოზულად იბრძოლებს.
- 15-17 ოქტომბერს გასამართ როტერდამის გრან-პრიზე ხომ არ ველოდოთ ახალი სახეების გამოჩენას?
- ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან ახალგაზრდული ნაკრების წევრებს წინ მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ. სჯობს თავის ასაკობრივ ჯგუფში დაიხარჯონ. ძირითად ნაკრებში დასამკვიდრებელ კონკურენციაში კი საქართველოს პირველობიდან ჩაერთონ. წინასწარი გეგმით, საქართველოს ჩემპიონატი ნოემბრის პირველ ნახევარში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სავარაუდოდ თვის მიწურულისთვის გადავწევთ.
- უამრავჯერ თქმულა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობა ნაკრების ყველა ლიდერისთვის სავალდებულო იყო, მაგრამ ბოლოს თითქმის ყოველთვის ისე გამოდიოდა, ბევრი გამოცდილი ძიუდოისტი ტრავმას უსაფუძვლოდ იმიზეზებდა და შედეგად, ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ნაკრების კანდიდატთა სიაში ვეღარ ხვდებოდა, რადგან იქ ერთი ადგილი წინასწარ იყო დაბრონილი. ამ პრობლემის მოგვარებას თუ აპირებთ?
- ნაკრების გაფართოებული სია სწორედ საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით შედგება და შიდა კონკურენციაში მონაწილეობის მიღებას ყველა გამოცდილ ძიუდოისტს კატეგორიულად მოვთხოვ. ტრავმის შემთხვევაში მკაცრი კონტროლი დაწესდება და თუ აღმოჩნდება, რომ ვინმემ იცრუა, მკაცრ ზომებს მივიღებთ. საერთაშორისო ტიტულების მიუხედავად, ნაკრებში ადგილი დაჯავშნული არავის ექნება. ნოემბრის ბოლოს ყველა უძლიერესი გავა ტატამზე და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამე შეიცვლება – ახალგაზრდებისგან სიურპრიზებს ველი.
- მომავალ სეზონს თბილისის მსოფლიოს თასი გახსნის. შემადგენლობის დაყენებისას საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით იხელმძღვანელებთ?
- აუცილებლად. სპორტის სასახლეში საქართველოს პირველობის სამეულში შესული ძიუდოისტები იჭიდავებენ. სხვა საერთაშორისო ტურნირებზეც სწორედ შიდა კონკურენციის მედალოსნებს მივცემთ შანსს.
- საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ბოლო-ორ ჩემპიონატზე მედალი არ მოუპოვებია. ეს სუსტი შემადგენლობის ბრალია, უიღბლობის თუ სხვა მიზეზის?
- რასაც ვუყურებ, ქართველი ძიუდოისტები ჭიდაობით იშვიათად აგებენ. წარუმატებლობის მიზეზი ყოველთვის გამძლეობის, ფიზიკური მომზადებისა და სუნთქვის პრობლემაა. ეს საკითხი არც ისე ადვილი გადასაჭრელია, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებამდე აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ. გარდა ამისა, ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორი დისციპლინის ნაკლებობაც იყო. გარწმუნებთ, ამ მხრივ ამჯერად ყველაფერი კარგადაა. ბიჭები თავად არიან მოწადინებული, რომ რეჟიმი არ დაარღვიონ. ყველამ იცის, რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა.
- ახლახან გავრცელდა ხმა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ფიზმომზადების განხრით თქვენი კონსულტანტის თანამდებობაზე...
- ზაიზენბახერი მოკლე ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში და მას ერთადერთხელ შევხვდით. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და დეტალებზე არ გვისაუბრია. სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატზე დასასწრებადაც ჩამოვა და შემდეგ დაზუსტდება, რა და როგორ იქნება. ჯერ უნდა გავარკვიოთ, თავად რას შემოგვთავაზებს. ფიზიკურ მომზადებასთან ერთად მედიცინის დარგის წამოწევაც გვჭირდება, რათა ზუსტად ვიცოდეთ, სპორტსმენი რა დონეზე დავტვირთოთ. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ასევე სწორ კვებას.
- უკვე ცნობილია, რომ თქვენთან ერთად ნაკრებში თემურ ხუბულური იმუშავებს. სხვა ასისტენტების ვინაობა არ დაგისახელებიათ. თუმც დარბაზში გამოჩნდა გიორგი ვაზაგაშვილი. როგორც ვხვდებით, ერთ-ერთი დამხმარე მწვრთნელი ისიც იქნება?
- 5 დამხმარე მწვრთნელი მეყოლება და მათ შესახებ ოფიციალურ განცხადებას 1-ელ ოქტომბერს გავაკეთებ. ვაზაგაშვილს რაც შეეხება... მოდით ჯერ პასუხისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ თითო მწვრთნელებს ორ-ორ წონით კატეგორიას ჩავაბარებ და ამა თუ იმ ტურბირის და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თითოეულ მათგანთან კონკრეტული საუბარი მექნება. გარდა ამისა, ერთი მწვრთნელი გუნდს ტექნიკის დარგშიც ეყოლება. აქედანვე მინდა ვთქვა, რომ მწვრთნელთა ჯგუფს პროფესიულად ვაყალიბებ და ყოველგვარი პირადული გვერდზე გადავდე. ყველამ კარგად ვიცით, რა საპასუხისმგებლო საქმეს ვკიდებთ ხელს.
ოთარ მაღლაკელიძე







