ფეხბურთი

20:55 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: მრავალფეროვნების საშუალება არ გვაქვს

 

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “თუნთან” საპასუხო მატჩამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ შვეიცარიელებს არ ჰყავთ ისეთი გუნდი, რომლის ბარიერის გადალახვაც არ შეიძლებოდეს.

- პირველი თამაშიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე თქვენი გუნდის გასვლის შანსს როგორ შეაფასებდით?

- პირველ თამაშში იმის შანსი გვქონდა, რომ ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ ყოფილიყო. ორი საგოლე მომენტი შევქმენით, რომლის რეალიზაცია იყო საჭირო. პირველ ტაიმში მეტოქემ სისწრაფეში გვაჯობა. “თუნი” შეტევაში კარგად თამაშობს. რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს. დაცვაში ისე ვერ არის, როგორც საჭიროა. პირველი თამაშის შემდეგ არ დაგვრჩენია იმის განცდა, რომ ამ გუნდთან თამაში და მისი გავლა შეუძლებელია.

- ტრავმირებულები იყვნენ ნიკო კვასხვაძე და ლაშა ჭელიძე. ახლა როგორია მათი მდგომარეობა?

- კვასხვაძე ახლაც ტრავმირებულია და ვარჯიში არ დაუწყია. რაც შეეხება ჭელიძეს, ის 2-3 დღეა, რაც ვარჯიშობს.

- მომავალ მატჩში როგორ ტაქტიკას აირჩევთ?

- გოლი გვაქვს გასატანი, თან არა ერთი. აქედან გამომდინარე, უნდა შევუტიოთ. საბოლოო ჯამში რა გამოვა, ვნახავთ.

- თუ გაქვთ მეტოქისთვის რაიმე სიურპრიზი?

- ჩვენს მდგომარეობაში სიურპრიზების შეთავაზება რთულია, ვინაიდან არ გვყავს შესაბამისი კონტიგენტი. სულ ვეყრდნობით 10-11 გამოცდილ ფეხბურთელს. დანარჩენები ახალგაზრდები არიან. მრავალფეროვნების საშუალება არ გვაქვს.

- “თუნს” ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირზე უთამაშია. პირველი მატჩის შედეგზე შვეიცარიელების გამოცდილებამაც ხომ არ იქონია გავლენა?

- “თუნი” ევროტურნირებზე გამოცდილი გუნდია. რა თქმა უნდა, ამან გავლენა იქონია.  

- “ჩიხურა” ახლა უფრო კარგად არის მომზადებული, ვიდრე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე იყო?

- ჩვენ თბილისში ნათამაშები პირველი მატჩის მერე, ვადუცში უკეთ ვითამაშეთ. ახლა ფეხბურთელები ბევრად კარგად არიან მომზადებულები და იმედია, “თუნთან” უკეთესად ვითამაშებთ.

- თქვენ გუნდებს ცოტა ფრთხილი თამაში ახასიათებთ. ალბათ თავქუდმოგლეჯილი არ შეუტევთ.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემს გუნდს ფრთხილ ფეხბურთს ვათამაშებ. როცა ქუთაისის “ტორპედოში” ვიყავი, ყველაზე მეტი გოლი გვქონდა გატანილი. საერთოდ თამაშების დროს ოთხ შემტევ ფეხბურთელს ვეყრდნობი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რის საშუალებასაც არსებული კონტიგენტი გვაძლევს, იმას ვთამაშობთ.

...შვეიცარიის “თუნის” მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა აღნიშნა, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასული ჯერ არ არის.

- მომავალ თამაშს ორბურთიანი უპირატესობით იწყებთ. როგორ იმოქმედებს ეს თქვენი გუნდის ტაქტიკაზე?

- 2:0 ძალიან კარგი შედეგია. რაც მთავარია, საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია. პირველ მატჩში გაგვიმართლა და “ჩიხურამ” გოლი ვერ გაგვიტანა – ბურთი ძელს მოხვდა. ასეთი ანგარიშის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ავტომატურად შემდეგ ეტაპზე ვართ. შევეცდებით, თამაში თავიდანვე ვაკონტროლოთ.

- რას იტყვით მეტოქეზე, რამდენად აქვს “ჩიხურას” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი?

- შევეცდებით შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. ვაფასებთ “ჩიხურას” თამაშს, ის ცუდი გუნდი არ არის, ვთვლი, რომ ძლიერი მეტოქეა. თავდასხმაში სწრაფად თამაშობს და მათ ფორვარდებს თუ ვერ გავაჩერებთ, აქვთ შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გითამაშიათ და ეს გამოცდილება რამდენად გეხმარებათ?

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში “თუნმა” 2005 წელს ითამაშა. მას შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. შარშამ ჩვენ ევროპის ლიგაზე ვითამაშეთ და ეს გამოცდილება მომავალ მატჩში ძალიან დაგვეხმარება.

“ჩიხურა”-“თუნის” მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 25 ივლისს, 20 საათზე დაიწყება.

0.295685