ფეხბურთი

20:43 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე “ჩიხურას” ამბებზე

საჩხერის “ჩიხურამ” 10 იანვარს დაიწყო მზადება. გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელია წასული: დიმიტრი ტატანაშვილი “ზესტაფონში” და გიორგი რეხვიაშვილი თბილისის “დინამოში”.  ჯერჯერობით, ოფიციალურად არავინაა დამატებული, თუმცა ახალწვეულები გუნდში აუცილებლად გამოჩნდებიან.

“მსოფლიო სპორტი” “ჩიხურას” მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ესაუბრა:

-       დილით თბილისის ზღვაზეა ვარჯიშები, საღამოს კი 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე. 24 იანვარს ვაპირებთ თურქეთში შეკრებაზე წასვლას.

-       ამხანაგური მატჩების განრიგი?

-       თურქეთში წასვლამდე არ ვითამაშებთ, იქაური სპარინგ-მეტოქეების ვინაობა კი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

-       ტატანაშვილი და რეხვიაშვილი – საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს გუნდი. მათი შემცვლელები შეგულებული გყავთ?

-       გეთანხმებით, რომ ორივე მათგანი დიდ ძალას წარმოადგენდა ჩვენთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ სელექცია კარგად ჩავატაროთ და კარგი შემცვლელები მოვიყვანოთ.

-       ჯერ ვერ დაასახელებთ სავარაუდო ახალწვეულებს?

-       მოლაპარაკების პროცესია, 3-4 ფეხბურთელთან ვაწარმოებთ და სჯობს, მოვიცადოთ. ჯერჯერობით, გასინჯვაზე გვყავს ახალგაზრდა თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც თბილისის “დინამოში” გახლდათ.

-       დაფინანსების საკითხი როგორ არის?

-       ბიუჯეტს ორიოდე დღეში დაგვიმტკიცებენ. იმედს გვაძლევენ, რომ ცუდი დაფინანსება არ გვექნება.

-       ივანწმინდაში სტადიონი როგორ მდგომარეობაშია?

-       ჩემპიონატის მატჩებს სწორედ ივანწმინდაში ვითამაშებთ. სტადიონი მოაწესრიგეს, ტრიბუნები, ვიპ-ლოჟა, პრეს-ლოჟა, საპრესკონფერენციო დარბაზი და გასახდელები გააკეთეს.

-       ტრიბუნები რამდენ მაყურებელს იტევს?

-       დაახლოებით, 1000-1200 კაცს.

-       გუნდი მეორე ადგილზეა და თასის მეოთხედფინალშიცაა გასული. მიზანი გასაგებია...

-       რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. თასზეც მაქსიმალური მიზანი გვაქვს.  

0.115895