ფეხბურთი

11:40 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “ბაქოელებს მაღალი შეტევითი პოტენციალი აქვთ”

უეფას ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი აზერბაიჯანში 31 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში 7 აგვისტოს შედგება. ბაქოში ჩასატარებელ თამაშს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კრისტიან ბალაი იქნება, რომელსაც სებასტიან გეორგე და ოვიდიუ არტენე დაეხმარებიან. პირველი შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ “ნეფთჩის” მაღალი შეტევითი პოტენციალი აქვს.

- აზერბაიჯანში როდის მიემგზავრებით?

- ოთხშაბათს, დილით 11 საათზე სარეისო თვითმფრინავით. სტადიონთან ახლოს მდებარე სასტუმროში დავბინავდებით და საღამოს ვივარჯიშებთ.

- რომელიმე ფეხბურთელი ტრავმირებული ხომ არაა?

- გიგა ბეჭვაიამ შესაძლოა ვერ ითამაშოს. დათო ოდიკაძეს კუნთი აწუხებდა. ზოგიერთ ფეხბურთელს მიკროტრავმა აქვს.

- მოსამზადებელ პერიოდში “ნეფთჩისთან” ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეთ და აზერბაიჯანული გუნდის სლოვენიის “კოპერთან” ორივე დაპირისპირებაც ნახეთ. მეტოქის შესახებ რას იტყვით?

- “ნეფთჩი” კარგი გუნდია. იმ ამხანაგური თამაშებიდან სრულად ვერ შევაფასებდით, რადგან მაშინ ფიზიკური კონდიციები მაღალ დონეზე არ ჰქონდათ. ბაქოელებს მაღალი შეტევითი პოტენციალი აქვთ, ბრძოლისუნარიანი გუნდია, ორთაბრძოლებში თამამად შედიან.

- ალბათ, “ნეფთჩისთან” მატჩი “ბურსასთან” შეხვედრისგან უფრო განსხვავებული იქნება?

- “ნეფთჩის” “კოპერთან” პირველი თამაში წასაგები ნამდვილად არ ჰქონდა. სულ უტევდა, ხოლო მეტოქე 2-3-ჯერ გადავიდა ბაქოელების ნახევარზე და ორი გოლი გაიტანა, ერთხელ კი, სახიფათო მომენტი შექმნა. “ნეფთჩიმ” სტუმრად მაღალ დონეზე ითამაშა. მართალია, “კოპერს” ფეხბურთელი გაუგდეს, მაგრამ იმ მომენტისთვის აზერბაიჯანელები 1:0 იგებდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ მატჩში გოლი არ გავუშვათ. საპასუხო შეხვედრაში რა იქნება, შემდეგ გამოჩნდება.

- შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს როგორ შეაფასებთ?

- მინდა ვთქვა, რომ “ნეფთჩი” “ბურსას” დონის არაა, მაგრამ არც ნაკლებია. ბაქოელებს დიდი ბიუჯეტი აქვთ, კარგი დონის ბრაზილიელი ლეგიონერები ჰყავთ. შემოქმედი და თან მებრძოლი გუნდია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება და არც “ნეფთჩისთან” არაფერს დავთმობთ.

0.822618