როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ყოველთვის გვეხმარებოდნენ. გვეხმარებოდნენ აფხაზეთის ომის დროსაც და მაშინაც, როდესაც ახალ არმიას ვაკოწიწებდით. გვეხმარებოდნენ სპორტში და გვეხმარებოდნენ ბრძოლაში. გვერდში გვედგნენ და ჩვენთან ერთად ცდილობდნენ, დაეღწიათ თავი რუსული მონობისათვის. ჩვენთან ერთად გამოიარეს საშინელი ათწლეულები და ასწლეულები. გამოიარეს გოლოდომორი და უსაზღვრო ბოროტების სიავეც არაერთხელ გამოსცადეს საკუთარ თავზე. და დღეს ისინი მაიდანზე ერთ მუშატად შეკრულნი დგანან, არ აშინებთ ყინვა და იმპერიასთან გარიგებული თანამოძმეების სიგლახე. დგანან და ელიან სოლიდარობას ყველასგან, ვინც მათდამი სოლიდარობას გამოხატვას გაბედავს და არ გაუწევს ანგარიშს ვიღაც-ვიღაცეებსა და რაღაც-რაღაცეებს.
პასუხისმგებლობიდან თავის დაძვრენა ადვილი საქმეა. იტყვი – ეს მე არ მეხებაო და გადგები განზე, მაგრამ, უპასუხისმგებლობა კარგად არასოდეს სრულდება და თუკი სათქმელი ბოლომდე არ ითქვა და სოლიდარობისა შეგვეშინდება, ის იმპერიული ჰიდრა, ბოლოს ჩვენს ქვეყანასაც მოადგება.
დღეს ჩვენი მოძმე ქვეყნის – უკრაინის საუკეთესო შვილები კიევის ცენტრში დგანან და გმირულად იღუპებიან იმპერიასთან უთანასწორო ბრძოლაში. ისინი არ უპირისპირდებიან საკუთარი ქვეყნის სპეც-რაზმებს და არც მხოლოდ იმის გამო იყინებიან საშინელ ჩრდილოეთის ქარბუქში, რომ დღეს ევროპის კარი ასე მკაცრად მიუჯახუნეს. ევროპისაკენ სწრაფვა უკრიანელებს ყოველთვის ჰქონდათ და დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს ევროპულ ოჯახში. უკრიანელების ბრძოლის მიზანი სულ სხვაა – კიდევ უფრო დიდია და ფასეული. უკრაინელები იმპერიისგან ერთხელ და სამუდამოდ მოწყვეტისათვის იბრძვიან.
ესენი არიან გოლოდომორგამოვლილთა შვილები და შვილიშვილები და მათ ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს იცხოვრო იმპერიაში, სადაც შენივე ქვეყანასა და შენივე ქალაქში სრულიად უუფლებო ხარ და საკუთარი ხელით მოყვანილი ხორბლის მოხმარებაც კი არ შეგიძლია. უკრაინელები დღეს ევროპისათვის ბრძოლის ავანგარდში დგანან და ჩვენი, ქართველების სოლიდარობა დღეს ისე სჭირდებათ როგორც არასოდეს. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს!
რაკი ეს ჩვენი ბლოგი სპორტულ ხასიათს ატარებს, შეუძლებელია არ გავიხსენო ერთ ჩემი ნაცნობის, ყოფილი მოჭიდავის ისტორია, რომელიც კიევის ერთ-ერთ ლამაზ ქუჩაზე მცხოვრებმა 80 წლის უკრაინელმა პაპამ სამი წლის მანძილზე თავის სახლში აცხოვრა, ქირის ფულად ერთი გრივნაც კი არ გამოურთმევია. ეს ჩემი ნაცნობი კაცი დღემდე ცრემლმორეული იხსენებს აწგარდაცვლილ იმ დიდებულ უკრაინელ პაპას, რომელიც მისთვის უცნობ ქართველ ბიჭს საკუთარი ხელით უმზადებდა ვარჯიშებზე წასაღებ საგზალს და სახლში მოსულს თავისი შვილიშვილივით უმასპინძლდებოდა ჩაითა და ბლინებით. აი ასეთი ხალხია უკრაინელები. აი ასე უყვართ მათ ქართველები და აი ამიტომაც იმსახურებენ ჩვენს თანადგომასა და მათი საშინელი ტკივილის გაზიარებას, რომელიც მშობლიური ქალაქის ცენტრში მიაყენეს.
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!
მათი ბრძოლა სამართლიანია და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ!
მარადიული ხსოვნა კიევის ცენტრში დაღუპულ, თავდადებულ გმირებს!
ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია!