ფეხბურთი

17:18 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოღოლაშვილი პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჯერ შინ “გურიასთან” (1:3), ხოლო შემდეგ სტუმრად “ზუგდიდთან” (1:2) დამარცხების შემდეგ, გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებგევერდის საშუალებით გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალის პირვე მატჩში გორელებმა ქუთაისის “ტორპედო” 2:1 დაამარცხეს.

რამაზ სოღოლაშვილი: “პირველ ყოვლისა, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, რომელიც განვლილ სამ შეხვედრაში იგრძნობოდა ჩვენს მიმართ და ასევე მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ჩემპიონატში განცდილი ორი მარცხის გამო. მე არ ვიმართლებ თავს და ამ ორ მარცხს მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა, როგორც საშინაო შეხვედრაში ლანჩხუთელებთან, ასევე, სტუმრად ზუგდიდელებთან. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ზედა ექვსეულში მოსახვედრად. ჩვენ ორივე მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ შეიძლება ერთმა გამარჯვებამაც მოგვახვედროს მოწინავეთა შორის.

მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ სწორედ ახლა გვჭირდება მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტი თანადგომა, რათა დასახული მიზანი სისრულეში მოვიყვანოთ. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ბრძოლა ექვსეულისთვის გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. ასევე კარგი შანსი გვაქვს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გასვლისა, რომელისკენაც ქუთაისში გამარჯვებით გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა.

ბოლოს მინდა დავამატო ის რომ მე არ გავურბივარ კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებას. ვგრძნობ მათ თანადგომას, მაგრამ თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის რომ ვერ ვასრულებ ან სხვა უკეთ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა. თუმცა, ვფიქრობ ასეთი ჟესტი ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე გაუმართლებელი და უსუსური ნაბიჯი იქნება. ამიტომ არ ვაპირებ ნაკისრი ვალდებულების თავის არიდებას.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12829