ჩოგბურთი

14:20 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოფო შაფათავა: “წლეულს, ჩემი მიზანი ასეულთან მიახლოება იქნება”

“იანკოვიჩთან მატჩში ისეთი შეცდომები მქონდა, რომელთაც სხვა დროს არ დავუშვებდი”


უკანასკნელი პერიოდი სოფო შაფათავასთვის გამორჩეული მოვლენებით დატვირთული გახლდათ. ქართველმა ჩოგბურთელმა კოლუმბიაში 250-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში გააღწია, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშე სერბე ელენა იანკოვიჩს დაუპირისპირდა, აღმიშნულის წყალობით კი, რეიტინგის მოწინავე ორასეულში შეაღწია.

ამას გარდა, ანა ტატიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც იგი აშშ-ს მოქალაქე გახდა, შაფათავა საქართველოს პირველი ჩოგანი გახდა. ამჟამად, სოფო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ლიტვის ქალაქ შიაულაიში იმყოფება, სადაც დღეიდან ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩებში ჩაებმება.

ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ, შაფათავას ბალტიისპირეთში შევეხმიანეთ. 

- პირველ რიგში ბოგოტას ტურნირზე გკითხავ, სადაც მერვედფინალში გახვედი და სერბ ელენა იანკოვიჩს ეთამაშე. ალბათ, კმაყოფილი უნდა იყო...

- მთლიანობაში, ტურნირის მსვლელობით კმაყოფილი ვარ, თუმცა, საკუთარი თამაშით – არა. პირველ რიგში, კვალიფიკაციის დასკვნით შეხვედრაში უნდა მემარჯვა. ესპანელ არუაბარენას საწყისი სეტი მოვუგე და მეორეშიც ბრეიკით დავწინაურდი, მაგრამ უყურადღებობის გამო, საკუთარ მოწოდება დავთმე და შემდეგ, საერთოდ თამაშიც წავაგე.

თუმცა, როგორც იცით, ძირითად ბადეში ე.წ. ”იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოვხვდი და შანსი საკმაოდ კარგად გამოვიყენე. რაც შეეხება იანკოვიჩთან თამაშს... ელენა მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო და ახლა, ათეულის ჩოგბურთელია. ასეთი დონის მოთამაშის წინააღმდეგ პირველად დავდექი და ნერვიულობის გამო, ცხადია, შებოჭილიც ვიყავი.

შედეგად, უამრავი ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელსაც ნებისმიერ სხვა მატჩში არ დავუშვებდი. პირველი მოწოდების პროცენტიც ძალიან დაბალი იყო...

რა თქმა უნდა, ასეთო დონის ჩოგბურთელთან თამაშით უდიდესი გამოცდილება და სიამოვნებაც მივიღე, თუმცა, დასანანია, რომ ნერვებს ვიყავი აყოლილი და ბოლომდე მობილიზება ვერ მოვახერხე.

- და თვითონ იანკოვიჩი როგორი ადამიანია? რა შთაბეჭდილება დატოვა?

- რომ გითხრათ, ელენას ახლოს ვიცნობ-თქო, მართალი არ ვიქნები. ისე კი, ძალიან კონტაქტური ადამიანია. მისი დონის მოთამაშისთვის საკმაოდ თავშეკავებულად და ზრდილობიანად იქცეოდა. როგორც წესი, უმაღლეს დონეზე მოთამაშენი თავს დისტანციაზე იჭერენ, იანკოვიჩი კი კონტაქტში თვითონ შემოდის, რაც ნამდვილად სასიამოვნოა.

- კოლუმბიური ტურნირის შემდეგ, რეიტინგის მოწინავე ორასეულში მოხვდი. ახლა, მთავარი მიზანი, ალბათ იქ ფეხის მოკიდება იქნება.

- მხოლოდ ფეხის მოკიდება, არა. ჩემი მიზანი წლის ბოლოს ასეულთან რაც შეიძლება ახლოს ყოფნაა.

- და მომატების რესურსს რაში ხედავ? გაუმჯობესებას რა კომპონენტები საჭიროებს?

- უპირველეს ყოვლისა, ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ მეორე მოწოდების სისწრაფე გავაუმჯობესო. ეს ძალიან მჭირდება. და რა თქმა უნდა, მეტი სტაბილურობა მსურს. ჩოგბურთი საკმაოდ სპეციფიური სპორტია და მუდმივ მუშაობას მოითხოვს. ყველა ფაქტორი ყურადღებას საჭიროებს და ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც შეიძლება გააუმჯობესო.

- ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ანა ტატიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან, საქართველის სახელით აღარ იასპარეზებს...

- ძალიან რთული საკითხია. ყველამ იცის, რომ ჩოგბურთი ინდივიდუალური და ძალიან ძვირადღირებული სპორტია, რომელიც ბევრ რამეს საჭიროებს. ქართველი ჩოგბურთელები კი ყველგან უმწვრთნელოდ დავდივართ და ბევრი რამ გვაკლია. ასეთ სიტუაციაში ძნელია, მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი თავი და საქართველო გაიტანო. ჩვენს ქვეყანასაც იმდენი არ შეუძლია, რაც ვთქვათ დიდ ბრიტანეთს, რუსეთს თუ აშშ-ს...

აღნიშნული გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და ყველა თავისით იღებს. ცხადია, შტატებს საქართველოზე გაცილებით მეტი რესურსი და ჩვენზე უკეთესი პირობები აქვს. მე ანას ნაბიჯს პატივს ვცემ და დიდ წარმატებას ვუსურვებ. მასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და ნაკრებში ერთადაც გვითამაშია. ანას ყოველთვის გულით ვუქომაგებ და მისი წარმატება გამიხარდება.

- როგორც ვიცი, დაფინანსებასთან დაკავშირებით შენთან მიმართებაშიც იყო პრობლემები...

- ახლა, ამ თემას ნამდვილად არ წამოვწევდი. საქართველოში დაფინანსების თემა ძალიან რთულად დგას, ამდენად, ტურნირებზე სასიარულოდ ბევრი რამის გაკეთება გვიწევს. პირადად მე ბევრ კომერციულ შეჯიბრზე გავდივარ, სადაც არც შედეგები ფიქსირდება და არც ქულები გემატება. სამაგიეროდ, საპრიზო თანხებია და ამით, პროფესიონალურ შეჯიბრებებზე წასვლის შანსი მიჩნდება.

ამას გარდა, ბუნდესლიგის კლუბის ღირსებასაც ვიცავ და ესეც, მხოლოდამხოლოდ საპრიზოებისთვის. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულის გამო, ბევრი კარგი ტურნირის გაცდენა მიწევს. ცხადია, ასე მხოლოდ მე არ ვარ...

- გამოდის, მთელი წელი ტურნირებზე საკუთარი ხარჯით დადიხარ...

- ძირითადად, ასეა. როგორც ვთქვი, ჩვენს ქვეყანას სათანადო რესურსი არ გააჩნია, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ კოლუმბიური ტურნირებისთვის დახმარება სპორტის სამინისტრომ გამიწია, რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ.

- და ასეთ ვითარებაში ჩოგბურთის ფედერაციის როლი რაში გამოიხატება?

- ჩოგბურთის ფედერაცია ყველა სხვა ფედერაციის დარად, სპორტის სამინისტროზეა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი ასეთ პატარა ქვეყანაში ყველა სახეობას სათანადოდ ვერ დააფინანსებს. ამდენად, პრობლემა სულ იქნება. უცხოეთში არიან მეცენატები, ბიზნესმენები, რომლებიც სპორტში ფულს დებენ და მას ანვითარებენ, საქართველოში კი ეს მიღებული არაა, რაც არასწორად მიმაჩნია.

- ნაკრებზეც გადავიდეთ. ტატიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ, გუნდში პირველი ნომერი გახდი. ეს, ალბათ, დამატებითი დატვირთვაა...

- დატვირთვა ნაკლებად. ნაკრებში თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ყოველთვის ხალისიანად და ენერგიულად ვარ განწყობილი. ჩოგბურთი ჩემი საყვარელი საქმეა, სამშობლოსთვის თამაში კი ძალიან მეამაყება.

სხვათა შორის, ჩვენი გუნდი მუდამ გამოირჩეოდა პოზიტიურობით და მეგობრული სიტუაციით. ბევრს უკვირს კიდეც ასეთი დადებითი აურა როგორაა, რომელიც წარმატებაში ძალიან გვეხმარება.

- გუნდის კაპიტანი მაკა ჩახნაშვილია. ეს, მისთვის ახალი ამპლუაა?

- არა, მაკა შარშან უკვე მოთამაშე-კაპიტანი იყო. ფაქტიურად, მეორე წელია ჩვენი მწვრთნელია. ცხადია, გვერდში გვიდგას ქალბატონი ლალი ზერეკიძეც, რომელიც ჩვენი დამხმარე, თანმხლები პირი და რა თქმა უნდა, დიდი მეგობარია.

- ფედერაციის თასის პირველ ტურში ეგვიპტეს დაუპირისპირდებით. უკვე ცნობილია, რა შემადგენლობით ითამაშებთ?

- პირველ მატჩში ეკა გორგოძე ეგვიპტელთა მე-2 ნომერ ოლა აბუ ზეკრის გაეჯიბრება, შემდეგ კი მე პირველ ნომერ მაიარ შერიფს დავუპირისპირდები. წყვილებში ჯერ არ ვიცით, როგორ იქნება. გადაწყვეტილება თამაშის მსვლელობის დროს მიიღება, გააჩნია ანგარიშს და სიტუაციას.

- ისე, ეგვიპტის ნაკრებს ძლიერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. საუკეთესო მოთამაშეები ათასეულის მიჯნაზე ყავთ.

- ფედერაციის თასი ისეთი შეჯიბრია, რეიტინგს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, ვინ როგორი შემართებით თამაშობს. ნაკრებში ასპარეზობა პირადი შეჯიბრებებისგან ძალიან განსხვავდება. ხშირია შემთხვევები, რომ ჩოგბურთელები საუკეთესო მატჩებს ფედერაციის თასზე ატარებენ, ამდენად, ნებისმიერ მეტოქესთან ყურადღებით თამაშია საჭირო.

- მთავარი კონკურენტი ალბათ, სამხრეთ აფრიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანელ სხეეპერსი არ ეყოლებათ.

- ჩვენს ჯგუფში, ასეა. ისე კი, საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს ლიხტენშტეინს.

- შტეფანი ვოგტი გასაგებია. სხვა, მათგან ვის გამოარჩევ?

- ლიხტენშტეინელთა მე-2 ნომერი კატინკა ვონ დეიხმანიც საკმაოდ კარგი მოთამაშეა. ასაკით პატარაა, თუმცა, ღირსეული მეტოქეა. საერთოდაც, ახლა, ბევრი ისეთი ჩოგბურთელია, რომელთაც ჯერ რეიტინგი არ გააჩნიათ, მაგრამ მაღალ დონეზე თამაშობენ.

- და ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩზე რას იტყვი? მას III ჯგუფის ქვეყნების მოთამაშეებში ყველაზე მაღალი რეიტინგი (140-ე) აქვს.

- კოვინიჩიც ძლიერი ჩოგბურთელია. ასეულთან ახლოს ტყუილად არ იმყოფება. ძლიერი მოწოდება აქვს და მარჯვნიდან სწრაფი დარტყმა. საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა.

- ისე, წილისყრით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ. ლიხტენშტეინი, ჩერნოგორია და მასპინძელი ლიტვა მე-2 ჯგუფში დარჩნენ.

- ასეა, თუმცა, ჩვენ მაინც ყველაფრისთვის მზად ვართ.

- ცხადია, საქართველოს ნაკრების მიზანი II ჯგუფში გადასვლაა.

- რასაკვირველია, ზედა დივიზიონის საგზურს 2 მოწინავე გუნდი მიიღებს და ჩვენ მათ შორის უნდა ვიყოთ.

0.113997