ფეხბურთი

15:59 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოფელ დვანში სფფ-მ და “ქართული სპორტის ქომაგებმა” ერთობლივი აქცია გამართეს

“გამოექომაგე საქართველოს” - ამ სლოგანით სოფელ დვანში ჩატარდა და ცოტა ხნის წინათ დასრულდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “ქართული სპორტის ქომაგების” ერთობლივი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეებმა, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 50 კაცს შეადგენდა, “გამოექომაგე საქართველოს” წარწერის მქონე თეთრი მაისურებითა და საქართველოს დროშებით სოფელ დვანში გაბმულ მავთულხლართებთან მდუმარე აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი ამავე სოფლის სტადიონს მიაშურეს და სიმბოლურად საფეხბურთო მატჩი გამართეს (მინდორზევე სიმბოლურად მოიხატა საქართველოს რუქა და აქვე შესრულდა საქართველოს ჰიმნიც).

სოფელ დვანში ამჟამად სიმშვიდეა, თუმცა, ადგილობრივთა თქმით, რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გადმოწევას კიდევ 50 მეტრით აპირებენ.

როგორც “მსოფლიო სპორტს” “ქართული სპორტის ქომაგთა” წარმომადგენელმა ბექა ნოზაძემ განუცხადა, ამ აქციის მოწყობის იდეა სფფ-ის პრეზიდენტთან ზვიად სიჭინავასთან საუბრის შემდეგ გაუჩნდათ.

“ავტობუსების დაქირავება და მგზავრობის ხარჯები, ისევე როგორც საფეხბურთო ბურთებისა და ატრიბუტიკის წამოღება, ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო, ჩვენ კი ქომაგთა მობილიზება მოვახდინეთ. აღსანიშნავია, რომ აქციაში არამარტო თბილისელი, არამედ ზუგდიდელი, გორელი, ქუთაისელი, ლანჩხუთელი და რუსთაველი ქომაგებიც მონაწილეობდნენ”, - გვითხრა ბექა ნოზაძემ.

საფეხბურთო მატჩმა “საქართველო, საქართველო-ს” შეძახილებით და ქომაგთა გამამხნევებელი სიმღერების თანხლებით ჩაიარა. მატჩის მონაწილეთა მაისურებს კი სამი წარწერა ამშვენებდათ: “საქართველო”, “დიცი”, და “დვანი”.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩებმა მთელი საქართველოს მასშტაბით სწორედ ამ წარწერების ფონზე ჩაიარეს, რითაც ფედერაციამ და ქართველმა ფეხბურთელებმა სოფლების – დიცისა და დვანის მოსახლეობისადმი მხარდაჭერა გამოხატეს. როგორც ზვიად სიჭინავამ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, ფედერაცია არც მომავალში გამორიცხავს ამდაგვარი აქციების მოწყობას.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ამ სოფლების და ზოგადად საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შემოთავაზებაზე ყველას გვერდით დავუდგეთ”, - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა.

სიმბოლური მატჩის შემდეგ, საქართველოს დროშები, ბურთები და რამდენიმე მაისური აქციის ორგანიზატორებმა ადგილობრივ მოსახლეობას გადასცეს.

0.575691